Time Line: აუტი თუ ოფი?

AutoSharing Option
რუბრიკა "ტაიმლაინი" თებერვალში დაიბადა, თავიდან ოთხშაბათის ნომერში იბეჭდებოდა, ერთ თვეში ხუთშაბათის ნომერში გადმოიცვლა, შემდეგ კი პარასკევის...

"ტაიმლაინი" ინგლისურიდან ქართულად "დროის ხაზად" ითარგმნება. დროისა და კალენდრის ცვალებადობა კი ჩვეულებრივი ამბავია.

აგერ ბატონო, 1582 წელს რომის პაპმა გრიგორი XIII-მ 325 წელს დაკანონებულ იულიუსის კალენდარს 10 დღე მიუმატა, რადგან 325-დან 1582-მდე წელიწადის განმავლობაში 10 ზედმეტი დღე იყო დაგროვილი.

თუ გაინტერესებთ, სადღეისოდ რატომ არის სხვაობა იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის 13 დღე, მოგახსენებთ: 1582 წლის მერე კალენდარში ცდომილება ყოველ ასწლეულში დაახლოებით ერთი დღეა და
ამიტომ XX-XXI საუკუნეებში სხვაობა 13 დღემდე გაიზარდა.

ზესტალურგი
თუ ტაიმლაინის გამოქვეყნების თარიღი, მითუმეტეს კალენდარი იცვლება, რატომ არ შეიძლება რიგითი ადამიანის მიერ დამტკიცებული დებულება შეიცვალოს?! - თქვა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და მარტში კლუბებს დაუგზავნა წერილი: თუ პლეი ოფის ბოლოს ორ გუნდს ქულათა თანაბარი რაოდენობა ექნება, უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც პლეი ოფში მეტი მოგება დაუგროვდებაო.

ჩემპიონატის დაწყებამდე შედგენილ დებულებაში კი ეწერა: თანაბარი ქულების შემთვევაში ჩემპიონატში მოგებათა რაოდენობა (ცხადია, იგულისხმება ორივე ეტაპი) იქნება გადამწყვეტიო.

პირველობა "ზესტაფონმა" და "მეტალურგმა" 55-55 ქულით დაასრულეს და ჩემპიონობა ორივემ იზეიმა.

თურმე, ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელიც მარტის შესწორებით ხელმძღვანელობდა, რუსთაველებს მიულოცა... უბრალო გულშემატკივარმა კი ვერაფრით გაიგო, ვინ მოიგო პირველობა, "ზესტაფონმა" თუ "მეტალურგმა"? იქნებ "ზესტალურგმა"?

მსგავსი პარადოქსები ხომ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს... თუმცა არა, მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ აზერბაიჯანის საკალათბურთო ჩემპიონატში "დასავლეთის უნივერსიტეტმა" და "გალამ" ტიტული ვერ გაიყვეს და ფედერაციამ ორივე ჩემპიონად გამოაცხადა.

მიგვებაძა მეზობლებისთვის, "ზესტაფონიცა" და "მეტალურგიც" ჩემპიონობით დაგვეჯილდოვებინა, იქნებ უეფა-ს ორივე ჩემპიონთა ლიგაზე გაეშვა... მაგრამ აღმასკომმა პირველობა ზესტაფონელებს არგუნა.

პლეი...
ზემოთ სიტყვა პლეი ოფი ვახსენე. მის განმარტებას ენციკლოპედიურ საიტ "ვიკიპედიაში" ვკითხულობთ: "პლეი ოფი არის გათამაშების სისტემა, რომლის დროსაც მონაწილე წაგების შემდეგ ვარდება (ერთი მატჩისა ან ორ გუნდს შორის საპლეიოფო სერიის შედეგად).

ეს სისტემა განაპირობებს გამარჯვებულის მოკლე დროში გამოვლენას და ამაღლებს დაძაბულობის ხარისხს".

რამდენად შეესაბამებოდა სიტყვა "პლეი ოფი" საქართელოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს, თავადაც ხედავთ. იქ ხომ რვავე გუნდმა ერთმანეთში ითამაშა... პლეი რვოფი უფრო იყო. საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატშიც გაჩნდა განსაზღვრება - "პლეი აუტი".

მასში ის გუნდები მონაწილეობენ, რომლებსაც საჩემპიონო შანსი აღარ აქვთ. საინტერესო ისაა, იდეურად რა სხვაობაა პლეი ოფსა და პლეი აუტს შორის.

პირველი დაახლოებით ასე ითარგმნება - ითამაშე და გამოეთიშე, მეორე - ითამაშე და გავარდი. სხვაობა დაახლოებით ისეთია, როგორც სიტყვებს "ნახვამდისა" და "მშვიდობითს" შორის.

ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებებში პლეი აუტის ნაცვლად "საკლასიფიკაციო მატჩები" იხმარება. გრძელი განსაზღვრებაა, მაგრამ უფრო გასაგები. უკეთესის მოფიქრებაც შეიძლება.

აი, თასი...
ჭკუის მასწავლებლის ტონით ნამდვილად არ ვწერ, უბრალოდ მაქვს საკუთარი მოსაზრება, რომლის გამოთქმის უფლებას სახელმწიფო კანონები მაძლევს (თუ არ შეცვალეს მარტში).

ორ მეგობრულ რჩევასაც გავიმეტებ და სხვა თემაზე გადავალ.

აშკარად სხვა ტერმინია მოსაფიქრებელი "ქალთა შვიდკაცა რაგბის" ნაცვლად. ამას შვიდქალა, შვიდმაია სჯობს...

და მეორე რჩევა.

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონი "არმია" გახდა, რომლის კალათბურთელებმა საპრესკონფერენციო ოთახში ლამაზი თასი შემოიტანეს. სცადეს, მაგრამ თავსახური ვერ მოხადეს. არადა ამ ჯილდოს თასი იმიტომ ჰქვია, შიგ ღვინო უნდა ჩაისხას და საჩემპიონო ზეიმისას შეისვას.

სხვათა შორის, 2010 წელს რუსეთის საკალათბურთო სუპერლიგის გამარჯვებული ცსკა თითქმის ისეთივე თასით დააჯილდოვეს, როგორიც ჩვენია, მაგრამ რუსებისას თავი ეხდებოდა და ბევრი სასმელი ჩადიოდა.

ამიტომ, მომდევნო სეზონისთვის ახალი უფრო ნაკლები ტევადობის, ორიგინალური თასი დაამზადეს, რომლითაც ცსკა-ს კალათბურთელებმა გასახდელში შამპანური დააგემოვნეს (ფოტო იხილეთ ქვემოთ).

სიტყვა "ორიგინალურის" ხსენებაზე წერა დროებით შევწყვიტე და ინტერნეტში გადავხედე ფიბა-ევროპის წევრი ქვეყნების ჩემპიონებსა და მათ ჯილდოებს.

ყველა ერთმანეთზე გამორჩეულია, რაც მთავარია სპეციალური დიზაინითაა დამზადებული. ვფიქრობ, ჩვენი ჩემპიონიც იმსახურებს ორიგინალურ თასს, რომელიც მიგვანიშნებს, რომ იგი გუნდმა საკალათბურთო ჩემპიონატის მოგების გამო მიიღო და არა, ვთქვათ ფიზიკის ოლიმპიადაზე წარმატებისთვის.

თუმცა, საკალათბურთო სუპერლიგა ყოველწლიურად უმჯობესდება და იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალში ევროპაში ყველაზე ლამაზი თასი ჩვენ გვექნება. თუ 3-4 ათასი წლის წინათ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ საოცარი ღირებულების თასებს, დღეს რატომ უნდა ჩამოვრჩეთ ვინმეს?

Sportall.Geტერმინატორი
განვლილ დღეებში ქართულმა მოვლენებმა ერთგვარად დაჩრდილა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც შაბათს გაიმართა და მოიგო დიდიე დროგბამ, რომელიც "ტერმინატორივით" მარტო გაუმკლავდა ათეულობით მეტოქეს.

1992 წლის შემდეგ ლიგის ერთი ფინალიც არ გამომიტოვებია, თუმცა "ბაიერნი"-"ჩელსის" დაპირისპირებას თვალი ვერ მივადევნე.

ძალიანაც მინდოდა, მაგრამ ვერა... ფხიზელიც ვიყავი, ტელევიზორიც მიმუშავებს, გლდანში პირველ არხსაც იჭერს, მაგრამ მაინც ვერ ვუყურე.

აი, მიზეზი: "ჩელსი"-"ბარსელონას" ნახევარფინალის წინ გერმანიის ქომაგმა მეგობარმა მითხრა - ნახავ, ფინალში "ჩელსი" და "ბაიერნი" თუ არ გავიდნენო. მაშინ ხომ წარმოუდგენელი იყო "ბარსელონას" მარცხი. ამიტომ ვიპასუხე: სიტყვას ვდებ, თუ ფინალში "ბაიერნი" და "ჩელსი" გავლენ, მატჩს არ ვუყურებ მეთქი.

ეს რომ გაიგო ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალისტმა მომწერა: "შე კაცო, ქართულ გუნდებს უყურებ და "ჩელსი"-"ბაიერნმა" რით ვერ დაიმსახურა შენი ინტერესი?"

ერთ მეგობარს სასაცილოდაც არ ეყო: "ჰაინკესი და დი მატეო ამას რომ გაიგებენ, ნერვიულობით თავს მოიკლავენ!"

ლიგის ფინალის გამოტოვებით მართლაც ბევრი დავკარგე, მაგრამ ამის მერე მეცოდინება, ვის ვენდო და ვის არა. ცხოვრება ხომ ჭკვიანი მასწავლებელია.

ლატვიის საჩემპიონო ტიტული

Sportall.Ge

ამ ჯილდოსთვის ბელგიაში წლეულს შენგელია იბრძვის
Sportall.Ge

ასე გააუმჯობესეს რუსებმა ჯილდოს დიზაინი
Sportall.Ge

ბოისა სლოვენიის თასით
Sportall.Ge

ეს თასი გადაეცა რუსების 2010 წლის ჩემპიონს
Sportall.Ge

საქართველოს ჩემპიონი არმიაა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული