პარალიმპიზმი: ზრუნვის ახლებური იმპულსი

AutoSharing Option
14 ივნისს "ბრავო რექორდსის" ოფისში ამ ორგანიზაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარალიმპური კომიტეტის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც 2012 წლის ლონდონის პარალიმპურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაციას შეეხო.

შეხვედრისას ითქვა, რომ ჩვენთან მსგავსი ღონისძიება არასდროს განხორციელებულა.

პროექტის მიზანია ქართველი პარალიმპელების, შეზღუდული შესაძლებლობის სპორტსმენების მხარდაჭერა და მოტივირება, პარალიმპური მოძრაობის პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების ახალგაზრდებში, მათი სპორტით დაინტერესება და პარალიმპურ მოძრაობაში ჩაბმა, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაცია.

საქართველოს დელეგაციამ პარალიმპურ თამაშებში პირველად 2008 წელს პეკინში მიიღო მონაწილეობა.

ჩინეთის დედაქალაქში ჩვენი
ქვეყნის სპორტულ ღირსებას იაგო გორგოძე იცავდა ძალოსნურ დისციპლინაში.

წლეულს ლონდონში, სავარაუდოდ, ორი ათლეტი გვეყოლება - შოთა ომარაშვილი (ძალოსნობა) და ნიკა თვაური (ცურვა).

პროექტის ავტორების ინიციატივით, პარალიმპურ მოძრაობაში აქტიურად ჩაერთვება პოპულარული ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდების დიდი სიყვარულით სარგებლობს და პროექტში მისი მონაწილეობა ამ მოვლენის მიმართ საზოგადოების ყურადღებისა და თანადგომის გარანტი იქნება.

საგულისხმოა, რომ ბადურაშვილმა უკვე შექმნა პარალიმპელების მხარდასაჭერი სიმღერა, რომელზეც მუსიკალურ ვიდეოკლიპს გადაიღებენ.

მასში ქართველი და მსოფლიო პარალიმპელი ათლეტების პაექრობებიც აისახება. საამისოდ დოკუმენტურ კადრებსა და ფოტომასალას გამოიყენებენ.

აგვისტოს მიწურულს ბადურაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება და თავის სიმღერას ლონდონის პარალიმპურ სოფელში ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშის აწევის ცერემონიალისას შეასრულებს.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, პარალიმპელების მხარდამჭერი სოციალური პროექტი საქართველოს და მსოფლიო პარალიმპური მოძრაობის განვითარებაში თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული