ველომოგზაურობა: ჯუმბერ ლეჟავა უკვე გერმანიაშია

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, სახელოვანი მსოფლიო ველომოგზაური, 73 წლის ჯუმბერ ლეჟავა ამჯერად თავის მეხუთე დიდ ველოტურს ევროპის ქვეყნების გავლით ატარებს და ლონდონის ზაფხულის საიუბილეო 30-ე თამაშებს უძღვნის.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისიდან მოგზაური 13 ივნისს გავიდა, 17 ივნისს კი საზეიმო ვითარებაში ბათუმიდან გააცილეს. დღეს გერმანიაშია, საიდანაც, შეთანხმებისამებრ, ხმა მოგვაწვდინა. გთავაზობთ მის ნაამბობს უკვე განვლილი მარშრუტის შესახებ.

"18 ივნისს ოდესაში ვიყავი. გავიარე უკრაინის რამდენიმე ქალაქი, გადავედი მოლდოვაში, საიდანაც კვლავ დავბრუნდი უკრაინაში და გავემგზავრე რუმინეთში.

აუტანელ სიცხეში მიწევდა გადაადგილება. შემდეგ იყო უნგრეთი.
იქიდან კი 30 ივნისს - სლოვაკეთი. ერთი ღამე გავათენე ავსტრიაში და ახლა ვარ გერმანიაში, სადაც გეგმის შესაბამისად, ამ ქვეყნის ოთხი მსხვილი ქალაქი უნდა გავიარო.

6 ივლისს ჰოლანდიაში ვიქნები და იქ სამი დღე დავრჩები. 10 ივლისს კი ბელგიაში მელოდებიან. 13 ივლისს დაგეგმილი მაქვს ჩასვლა საფრანგეთში, 14 ივლისს კი ბასტილიის აღების დღესასწაულში მივიღებ მონაწილეობას. ლონდონში ოლიმპიადის გახსნის წინა დღეს, 26 ივლისს ჩავალ.

მინდა გითხრათ, რომ სადაც კი გამოვჩნდები, ყველგან საინტერესო შეხვედრები მაქვს. ყველას ველაპარაკები ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, დღევანდელობასა
და ოლიმპიურ მიღწევებზე. ყურადღებას არ მაკლებს პრესა, რადიო და ტელევიზია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული