"ქართული ოცნება" სპორტსმენებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

AutoSharing Option
საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" საერთაშორისო ორგანიზაციებს სპორტსმენებზე ზეწოლის ფაქტებით დაინტერესებას სთხოვს.

სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ზეწოლის შესახებ, საზოგადოებრივი მოძრაობის სპორტის თემატური ჯგუფის ინიციატივით, სპეციალური მიმართვა შემუშავდა, რომელიც 11 ივლისს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაერო-ს, ევროკავშირს, ასევე, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და სხვა სპორტულ ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

მიმართვაში, რომელიც 11 ივლისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გამართულ ბრიფინგზე სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ყიფიანმა ჟურნალისტებს გააცნო, ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტისა და სპორტსმენთა პოლიტიზირება მოახდინა და სპორტსმენები არა სპორტული მიღწევების, არამედ მისდამი
მორჩილების მიხედვით, კატეგორიებად დაჰყო. ეს კი სპორტისა და სპორტსმენების ღირსების შელახვას იწვევს.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სპორტსმენებს პოლიტიკური ოპონენტებისა და მმართველი გუნდით უკმაყოფილო ადამიანების დასაშინებლად იყენებს; სპორტსმენთა სადამსჯელო რაზმები დაუნდობლად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის, სპორტსმენებსა და მათი ოჯახის წევრებს.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, სპორტსმენებზე ზეწოლის არაერთი გახმაურებული და გაუხმაურებელი, თუმცა დადასტურებული ფაქტი არსებობს, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს.

მიმართვას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება, ამ ეტაპზე 130-მდე მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენი უერთდება. მათ შორის არიან ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები.

იხილეთ ვიდეო: პოლიტიკურ ბანაკებად დაყოფილი სპორტი - ამოცნობილი "ზონდერები" და სპორტსმენი მაჟორიტარები

"ქართული ოცნება" საერთაშორისო ორგანიზაციებს სპორტსმენებზე ზეწოლის ფაქტებით დაინტერესებას სთხოვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული