იცით, რომ მაშინ საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, თავისი სპორტსმენებით ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში პირველად იასპარეზა? ყველაფერი კარგად მახსოვს და ახლა პარალელს რომ ვავლებ, ცისა და დედამიწის შესადარია განსხვავება.
წინსვლა-განვითარება იგრძნობა ყველაფერში. მოკლედ რომ ვთქვა, ოლიმპიური თამაშების თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი მთელი ინდუსტრია ჩამოყალიბებულა - გამართული და დახვეწილი, არნახულად სრულყოფილ
აბა, შეადარეთ თუნდაც ატლანტის თამაშების დროინდელი და ახლანდელი პრესცენტრების მუშაობა - რა სერვისი, რა ხელმისაწვდომობა, გარანტირებული ოპერატიულობა... მაგრამ, ხომ ხედავთ, ასეთ სიამოვნებას ფასიც შესაფერისი ადევს.
ადრე მთავარ და სპორტული ბაზების პრესცენტრებში მომსახურების ხელმისაწვდომობა უფასო იყო. დღეს ასე აღარ არის და ალბათ, აღარც იქნება. ჟურნალისტებმა დიდი საქმე გააკეთეს ოლიმპიური მოძრაობის პროპაგანდა-პოპულარობისთვის და ახლა იქით აქვთ სახვეწარი. ესეც დიდი განსხვავებაა. სხვა საქმეა, ვინ როგორ შეაფასებს.
ბრიტანეთის პოლიცია საერთოდ გამორჩეულია, მაგრამ ახლა, თამაშების დღეებში, დინჯად, უმაღლეს დონეზე და განსაკუთრებული მონდომებით ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას.
შემოწმებები სპორტულ ბაზებზე თუ სასტუმროებში, თუნდაც ოლიმპიურ ტრანსპორტში ჩაჯდომისას კარგადაა ორგანიზებული და მომაბეზრებელი სულაც არ არის.
გარდა ამისა, ხომ ხედავთ, ზღვა მოხალისეებია. შეიძლება მათგან ყველამ ყველაფერი არ იცის, მაგრამ დახმარების დიდი სურვილი ნამდვილად აქვთ. ცდილობენ, სტუმრებს არ შეექმნათ პრობლემები, რომ თითოეული მათგანი დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.
ოლიმპიური ჩემპიონი და მისიის ხელმძღვანელი ოლიმპიადის შესახებ
ლონდონში ყველაზე უწინ ქართული სპორტის ხელმძღვანელებიდან ჩვენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი ჩავიდა.
საქართველოს სპორტული დელეგაციის მისიის ხელმძღვანელობა მას დაევალა და ოლიმპიურ სოფელში საჭირო იყო თადარიგის დაჭერა.
- ყველაფერი ჩინებულად მოგვარდა. შესანიშნავ ადგილზე და მდებარეობითაც მოხერხებულ კორპუსში გამოგვიყვეს ადგილი საცხოვრებლად. პირობები იდეალური გვაქვს. ლატვიელები, სომხები და ავსტრიელები არიან მეზობლად. ბუნებრივია, გამორჩეული ურთიერთობა საბჭოეთისდროინდელ მეგობრებთან გვაქვს.
საერთოდ, ხომ იცით, ოლიმპიური სოფელი რა სულისკვეთებითაც ცხოვრობს ამ უდიდესი სპორტული დღესასწაულის დღეებში. არის მხიარულება, გართობა, ურთიერთის მონახულება - ამისთვისაც იცლიან.
ოლიმპიურ სოფელში ყველამ კარგად ვიცით, რომ ზღვარს არავინ გადავა. საერთო მეგობრული ატმოსფერო კი, რაც ოლიმპიური იდეალების შემადგენელი ნაწილია, თითოეული ოლიმპიელის განწყობაზე დადებითად მოქმედებს. მოკლედ, სოფელში კარჩაკეტილად არავინ ცხოვრობს.
განვლილი ხუთი დღის შეფასებაც მთხოვეთ და გეტყვით, რომ მთლად უკმაყოფილო არ ვართ. აი ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე 1 აგვისტოს ნაშუადღევია და ამ დროისთვის ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანას ჯერ ჩემპიონი არ ჰყავს. ჩვენი პატარა ქვეყნის 20 წლის ბიჭმა კი ეს შეძლო. ყველა ამაზე ლაპარაკობს.
საერთოდაც, ვფიქრობ, ეს ოლიმპიადა ახალგაზრდების, ახალი თაობის იქნება. ნახეთ, ცურვაში ოლიმპიადის ოქროს მედლები მოიპოვეს 15 წლის ლატვიელმა და 16 წლის ჩინელმა. მერწმუნეთ, ჩვენ წარმატებები ჯერ კიდევ წინ გვაქვს - გვითხრა საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა დავით გობეჯიშვილმა.
თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"