ამერიკის ღია პირველობის მსაჯმა ქმარი თავში ყავის ჭიქის ჩარტყმით მოკლა

AutoSharing Option
70 წლის ლოის გუდმენი, რომელიც უკვე 10 წელია ამერიკის ღია პირველობაზე ხაზის არბიტრად მუშაობდა, პოლიციამ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ქალი 21 აგვისტოს, ნიუ იორკის სასტუმროში დააკავეს, სადაც ის ამერიკის ღია ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მუშაობისთვის მოსამზადებლად ჩავიდა.

საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუდმენი ნიუ იორკის ციხეში მანამდე დაჰყოფს, სანამ მისი ლოს ანჯელესში ექსტრადაცია განხორციელდება. თუ იქ გუდმენს ბრალი დაუმტკიცდა, სამუდამო პატიმრობა ელის.

მსაჯს იმაში ადანაშაულებენ, რომ მან 17 აპრილს ქმარი, 80 წლის ალან გუდმენი ლოს ანჯელესში, საკუთარ ბინაში
ყავის ჭიქით სიკვდილამდე მიიყვანა. ქალმა პოლიციაში დარეკა და აცნობა, რომ მეუღლე შინ გარდაცვლილი ნახა და ვარაუდობდა, რომ გულის შეტევა დაემართა და კიბიდან ჩამოვარდა. თუმცა პოლიციას ცოლის ნაამბობი საეჭვოდ მოეჩვენა.

გუდმენების სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და გატეხილი ჭიქა იპოვეს. ექსპერტიზის მონაცემებით, მსხვერპლის თავზე აღმოჩენილი დაზიანებები მეტყველებს, რომ ისინი სწორედ ამ საგნის ჩარტყმით იყო მიყენებული.

აგვისტოში საქმე მკვლელობად გადაკვალიფიცირდა და სასამართლოში დაბრუნდა, რის შემდეგაც გუდმენის დაპატიმრების ორდერი გაიცა.

ამერიკის საჩოგბურთო ასოციაციის წარმომადგენლისა და ამერიკის ღია პირველობის მფლობელის, ტიმ კარის თქმით, ტურნირის ორგანიზატორებმა არ იცოდნენ, რომ გუდმენის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული