შეზღუდული შესაძლებლობების სპორტსმენთა პაექრობებში საქართველოს ორი წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას - ძალოსანი შოთა ომარაშვილი და მოცურავე ნიკა თვაური. ისინი საქართველოს დელეგაციასთან ერთად უკვე ლონდონში არიან.
ქართველ პარალიმპელებს გამგზავრების წინ კლუბ-რესტორან "ქალაქურში" დაულოცეს გზა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯუდით გოფი, რომელმაც ომარაშვილსა და თვაურს წარმატებები უსურვა ლონდონში.
"მიხარია, რომ ჩემმა ქვეყანამ მაღალ დონეზე უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. 29 აგვისტოდან კი ლონდონში
1948 წელს ლონდონში, ომისშემდგომი ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე, პირველად გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების სპორტსმენთა პაექრობები, რათა ბრძოლაგამოვლილ და დასახიჩრებულ ათლეტებს საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ეგრძნოთ თავი.
მას შემდეგ პარალიმპური მოძრაობა სულ უფრო ეფექტური ხდება და მეტ ადამიანს იზიდავს. ბრიტანეთის საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარალიმპურ კომიტეტთან და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა ქალბატონმა გოფმა და საქართველოს პარალიმპურ კომიტეტს ბრიტანეთის საელჩოში გამართული ღონისძიებებით მოზიდული თანხა გადასცა.
გია ნაცვლიშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტი: "საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ორიოდე კვირის წინათ დაბრუნდა ლონდონიდან შვიდი მედლით. ახლა ბრიტანეთის დედაქალაქში ორი ქართველი პარალიმპელი იასპარეზებს.
ცხადია, სპორტში მთავარი შედეგია, მაგრამ ამჯერად ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა პარალიმპურ თამაშებში მონაწილეობაც უკვე დიდი გამარჯვებაა. შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებმა ვაჟკაცობითა და თავდადებით მოიპოვეს ლონდონში გამგზავრების უფლება.
ისინი თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ და მაგალითს აძლევენ გარშემო მყოფთ. დიდი მადლობა მათ. მჯერა, რომ, ჩვენი მედალოსანი ოლიმპიელების მსგავსად, ომარაშვილი და თვაურიც ღირსეულად იბრძოლებენ ქვეყნის სპორტული პრესტიჟის დასაცავად".
ლევან ოდიშარია, საქართველოს პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი: "პარალიმპურ თამაშებში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები მეორედ იასპარეზებენ. 2008 წელს პეკინში იაგო გორგოძემ წოლჭიმში მე-8 ადგილი დაიკავა.
ლონდონში მისი შედეგის გაუმჯობესებას ეცდებიან შოთა ომარაშვილი და ნიკა თვაური. ბოლო დროს ჩვენმა ორგანიზაციამ მრავალი თანამდგომი შეიძინა. უპირველესად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მინდა გამოვყო.
ქართველი პარალიმპელების მხარდასაჭერად უპრეცედენტო სოციალური პროექტი "ბრავო რექორდს" ეკუთვნის. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენების მოტივირება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ამ პროექტის ფარგლებში მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა, სპეციალურად ამ თამაშებისთვის, შექმნა სიმღერა, რომელსაც ლონდონში საქართველოს პარალიმპური კომიტეტის ღონისძიებაზე შეასრულებს, საქართველოს საელჩოს თანამშრომლებისა და დიასპორის წარმომადგენლებისთვის კი კონცერტს გამართავს".
გიორგი წასიძე, საქართველოს პარალიმპური კომიტეტის გენერალური მდივანი: "შოთა ომარაშვილი გურჯაანელია. ბავშვობაში გაციების შედეგად მყესები შეეკუმშა. ოპერაციების შემდეგ თავს უკეთ გრძნობს.
სპორტი ბავშვობიდან იზიდავს, რადგან მამა ჰყავს ძალოსანი. ჯერ მკლავჭიდში ცდიდა ძალებს და საქართველოს ჩემპიონიცაა.
2009 წლიდან წოლჭიმში ვარჯიშობს. 2011 წელს იორდანიაში მან 120 კილოგრამი დაძლია. წლეულს დუბაის სალიცენზიო ტურნირზე 135 კილოგრამით ლონდონის პარალიმპური თამაშების საგზური მოიპოვა.
ვარჯიშებზე უკვე 160 კილოზე მეტი აქვს აწეული. შეჯიბრებაში ის პირველ სექტემბერს ჩაებმება. ორი დღის შემდეგ 100 მეტრზე ბრასით იასპარეზებს ნიკა თვაური. შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ამ დისტანციაზე, ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით, მე-3 ადგილი დაიკავა. წლეულს, მაისში, იტალიის ღია ჩემპიონატზე 50 მეტრ დისტანციაზე პირველი იყო, ხოლო 100 მეტრზე ბრინჯაო ერგო და თამაშების ლიცენზიაც დაიმსახურა.
თან თავისი შედეგი 16 წამით გააუმჯობესა. ამჟამად თვაურს საქართველოს მოცურავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ხომასურიძე და ედიშერ ტურაბელიძე ავარჯიშებენ.
ორივე სპორტსმენი კარგად არის მომზადებული. ფორტუნამაც თუ გაგვიმართლა, გამორიცხული არ არის, შინ მედლებითაც დავბრუნდეთ.
მარცხნიდან - გიორგი წასიძე, ნიკა თვაური, შოთა ომარაშვილი და ჯუდით გოფი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"