ტაიგერ ვუდსი - ყველაზე ძვირფასი სპორტული ბრენდი

AutoSharing Option
საყოველთაოდ ცნობილმა ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა 40 ყველაზე ძვირფასი სპორტული ბრენდის სია. ეს მასალა სპორტსმენთა კომერციული ფასების შესახებაა.

ამა თუ იმ სპორტსმენის, როგორც ბრენდის ღირებულების გამოსაყვანად, ავტორიტეტულმა გამოცემამ ამ ათლეტის მთლიან სასპონსორო შემოსავალს სპორტის ამავე სახეობაში საუკეთესო ათი სპორტსმენის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი გამოაკლო. შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ:

1. ტაიგერ ვუდსი. ბრენდის ღირებულება - $38 მლნ
მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა გოლფისტმა რამდენიმე სპონსორული კონტრაქტი დაკარგა პრესაში ატეხილი ხმაურის გამო, რომელიც მეუღლის ღალატსა და შემდგომ გაყრას მოჰყვა. რეპუტაციაშელახულ ვუდსთან ურთიერთობა აღარ მოისურვეს TAG Heuer-მა,
Gillette-მა და სხვებმა.

ასევე არ აეწყო საქმეები ვუდსის კუთვნილ კომპანიას, რომელიც გოლფის მოედნების დიზაინით იყო დაკავებული.

მიუხედავად ამისა, ტაიგერმა შეძლო Nike-თან სასპონსორო კონტრაქტის შენარჩუნება. ეს კომპანია გაყიდვებიდან გარკვეულ პროცენტს ურიცხავს სპორტსმენს. ეს საშუალებას აძლევს ვუდსს, დარჩეს ლიდერად ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის.

2. როჯერ ფედერერი. ბრენდის ღირებულება - $29 მლნ
სპონსორების შთამბეჭდავი ჯგუფი, რომელშიც შედიან - Nike, Rolex, Wilson და Credit Suisse. მათ ჩოგბურთელს ბოლო 12 თვის განმავლობაში 45 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

ერთ საგამოფენო ტურნირზე შვეიცარიელის გამოჩენა ორგანიზატორებს ერთი მილიონი უჯდებათ. ამასთან, ფედერერის საერთო შემოსავლის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს კორტზე გამომუშავებული საპრიზო თანხები.

3-5. ფილ მიკელსონი. ბრენდის ღირებულება - $26 მლნ
კომპანიებმა Callaway-მ, Barclay's-მა, KPMG-მ, Exxon-მა, Rolex-მა და Amgen/Pfizer-მა თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, მიკელსონს ბოლო ერთი წლის განმავლობაში 37 მილიონი გადაუხადეს და ვერ ვიტყვით, რომ ეს დაუმსახურებლად მოხდა. მაისში 42 წლის გოლფისტმა კარიერაში მე-40 გამარჯვებას მიაღწია PGA-ის ტურში, ჯამში 68 მილიონი დოლარის ოდენობის საპრიზო თანხა (მეორე შედეგი ვუდსის შემდეგ) გამოიმუშავა, შეიყვანეს გოლფის დიდების დარბაზში...

მიკელსონმა კიდევ უფრო მეტი პატივისცემა დაიმსახურა გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ, რაც 2010 წელს დასმული დიაგნოზის - ფსორიატიული ართრიტის მიუხედავად, კარიერა გააგრძელა. სხვათა შორის, ფილმა თავისი ავადმყოფობისგანაც ნახა სარგებელი - გახდა პრეპარატ Enbrel-ის სახე.

3-5. დევიდ ბექჰემი. ბრენდის ღირებულება - $26 მლნ
37 წლის დევიდი, როგორც ფეხბურთელი, ის აღარაა, რაც ადრე იყო, მაგრამ, როგორც სარეკლამო ბრენდს, მას ცოტა ვინმე თუ შეედრება. მრავალრიცხოვან კომერციულ პარტნიორებს, რომლებმაც გასულ წლის განმავლობაში ბექჰემს 40 მილიონი გადაუხადეს, ცოტა ხნის წინ დაემატნენ - Burger King, Sainsbury's და Samsung.

ბექჰემი - ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამასწინანდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მისი სათამაშო მაისურები ოკეანის გაღმა ყველაზე წარმატებულად იყიდება. უფრო მეტი კაპიტალის მოსახვეჭად, ბექჰემმა 2012 წელს, H&M-თან ერთად დაიწყო საცვლების საკუთარი ხაზის წარმოება.

3-5. ლებრონ ჯეიმსი. ბრენდის ღირებულება - $26 მლნ
NBA-ს სამგზის უძვირფასესი მოთამაშე და კომერციულად ყველაზე წარმატებული კალათბურთელი თანდათან იპყრობს მსოფლიოს. ის არა მარტო "მაიამის" დაეხმარა ფინალურ სერიაში "ოკლაჰომას" დამარცხებაში, არამედ 2012 წელს ამერიკის ნაკრებს ლონდონის ოლიმპიადა მოაგებინა.

შარშანდელთან შედარებით, "ლებრონ ჯეიმსის" ბრენდის ღირებულება 6 მილიონი დოლარით გაიზარდა. ისეთ გიგანტებთან კონტრაქტები, როგორებიც არიან Nike, McDonald's, Coca-Cola და State Farm, ყოველწლიულად მოთამაშის საბანკო ანგარიშს 30 მილიონი დოლარით ავსებს.

6. კობი ბრაიანტი. ბრენდის ღირებულება - $18 მლნ
კობი მესამე ადგილზეა იმ კალათბურთელებს შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად მონაწილეობენ "ყველა ვარსკვლავის მატჩში". მისი სათამაშო მაისური კი NBA-ს ყველაზე პოპულარული საქონელი იყო მთელ მსოფლიოში.

მეუღლესთან დაშორება აუცილებლად დაეტყობა ბრაიანტის იმიჯს. მანამდე კი კობი დანაკარგებს ითვლის: ვანესა წავიდა და თან გაიყოლა კალიფორნიაში სამი სახლი საერთო ღირებულებით - 18.8 მილიონი დოლარი. ეს თანხა დაახლოებით ნახევარია ბრაიანტის წლიური სარეკლამო შემოსავლებიდან, რასაც უზრუნველყოფს კონტრაქტები Nike-თან, Smart Car-თან, Turkish Airlines-თან და სხვებთან.

7-8. უსაინ ბოლტი. ბრენდის ღირებულება - $17 მლნ
ლონდონის ოლიმპიადის მთავარმა ვარსკვლავმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს 20-ჯერ მეტია ნებისმიერი ელიტური სპრინტერის შემოსავალზე. ბოლტს ყველაზე მსხვილი კონტრაქტი Puma-სთან აქვს, რომელიც იამაიკელს ყოველწლიურად 9 მილიონს უხდის.

სპონსორებმა უსაინზე ნადირობა პეკინის ოლიმპიადის შემდეგ დაიწყეს. მაშინ ბოლტთან სარეკლამო კონტრაქტები გააფორმეს - Gatorade-მა, Hublot-მა და Virgin Media-მ. წელს ბოლტმა თანამშრომლობა დაიწყო Soul Electronics-თან და ყურსასმენების საკუთარი ხაზი გამოუშვა. ივნისში კი სპონსორების სიას შეემატა კომპანია Nissan Motor.

7-8. მაჰენდა სინგხ დონი. ბრენდის ღირებულება - $17 მლნ
კრიკეტში ინდოეთის ნაკრების კაპიტანი 2011 წელს, ჟურნალ Time-ის ვერსიით, მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შევიდა.

კომპანია United Breweries-თან სამწლიანი კონტრაქტის თანახმად, დონი ყოველწლიურად ორ მილიონ დოლარს იღებს - ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ოდესმე ინდოელ სპორტსმენს მიუღია. 2012 წელს დონის დაახლოებით ოცამდე სპონსორი უჭერდა მხარს.

9. კრიშტიანო რონალდო. ბრენდის ღირებულება - $11 მლნ
რონალდოს სპორტსმენებს შორის Facebook-ზე ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს და სწორედ კრიშტიანო უნდა დავასახელოთ ყველაზე გლობალურ სპორტულ ბრენდად, მაგრამ მისი კოლეგების უდიდესი სასპონსორო კონტრაქტების გამო, პორტუგალიელს მეცხრე ადგილით დაკმაყოფილება მოუწია.

Nike-თან, Castrol-თან, Konami-სა და სხვა კომპანიებთან სპონსორულ ხელშეკრულებებს მისთვის წელიწადში 22 მილიონი დოლარი მოაქვს.

10. საჩინ ტენდულკარი. ბრენდის ღირებულება - $10 მლნ
ტენდულკარს კრიკეტის ისტორიაში უდიადეს ბეტსმენად მიიჩნევენ. გასულ წელს მან სპონსორული ხელშეკრულებებით 16.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მაგრამ ეს თანხა უფრო მეტი იქნებოდა, საჩინს სიგარეტისა და ალკოჰოლის რეკლამაზე უარი რომ არ ეთქვა. მის სპონსორებს შორის არიან - Adidas, Coca-Cola, Castrol და Toshiba.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული