ექსტრემალური სპორტი: ერთი ნახტომის ისტორია [VIDEO]

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ ექსტრემალური სპორტის სახეობების გმირმა ფელიქს ბაუმგარტნერმა ფანტასტიკური ნახტომი შეასრულა და რამდენიმე დაუჯერებელი რეკორდი დაამყარა (იხილეთ ვიდეო). ის პიონერი გახდა კოსმოსიდან ხტომაში.

ჰელიუმით გაბერილ გიგანტურ საჰაერო ბურთზე დამაგრებული სპეციალური კაპსულა დედამიწიდან 39 კილომეტრის მანძილზე აიტანეს. კაპსულაში 43 წლის ექსტრემალი იმყოფებოდა.

"ახლა მთელი მსოფლიო მიყურებს... სამწუხაროა, რომ თქვენ ვერ ხედავთ იმას, რასაც მე. ხანდახან მართლაც ძალიან მაღლა უნდა ახვიდეთ იმისთვის, რომ მიხვდეთ - რა პატარა ხართ. მე სახლში მოვდივარ", - ამბობდა ნახტომის წინ ფელიქს ბაუმგარტნერი.

მისმა შთამბეჭდავმა ვარდნამ დაამხო
ყველაზე მაღალი ნახტომის რეკორდი. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. 65 წლის წინ ჩაკ იგერი გახდა პირველი ადამიანი, ვინც თვითმფრინავით გადააჭარბა ბგერის სიჩქარეს, ბაუმგარტნერმა კი ამას თავისუფალი ვარდნისას მიაღწია.

ვარდნისას მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 1342 კილომეტრი შეადგინა. ფელიქსი გადმოხტა სიმაღლიდან, რომელიც ოთხჯერ აღემატება კომერციული თვითმფრინავების საშუალო სიმაღლეს.

"როცა ფრენა დავიწყე, ყველაფერს ვაკონტროლებდი. შემდეგ ნელი ბრუნვა დაიწყო. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ბრუნვა გაძლიერდა. თან ეს სრულიად ქაოტური მოძრაობა იყო. შევეცადე ხელებით ამ ყველაფრის შეჩერებას, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა.

როცა ასეთი სიჩქარით მიფრინავთ, რაიმეს მოსწრება რთულია. ამ დროს ჰაერს საერთოდ ვერ გრძნობთ"
, - ყვება ფელიქს ბაუმგარტნერი.

ეს წარმატებული ნახტომი კულმინაცია იყო იმ პროექტისა, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში ამზადებდნენ. ბაუმგარტნერის გუნდის ერთ-ერთი წევრი იყო ჯოზეფ კიტინგერი, ამერიკის სამხედრო ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი. 52 წლის წინ მან რეკორდი დაამყარა - პარაშუტით 27 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა და ფელიქსის ნახტომამდე ინარჩუნებდა ამ რეკორდს.

"Sportall.Geმე ექსპერიმენ
ტების მოყვარული მფრინავი ვიყავი და შევეჩვიე ისეთი ტრიუკების კეთებას, რასაც სხვები ვერ ასრულებდნენ. საკუთარ თავსა და საკუთარ მოწყობილობებში დარწმუნებული ვიყავი. შიში არ არსებობდა.

ვიცოდით, რომ სახიფათო საქმეზე მივდიოდით, მაგრამ ერთხელაც არ გაგვიფიქრებია, რომ შეიძლებოდა რაიმე ცუდი მომხდარიყო, რადგან მე სიცოცხლე მიყვარს. გაუმართლებელ რისკზე არასოდეს წავიდოდი"
, - ამბობს ჯოზეფ კიტინგერი.

კიტინგერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ბაუმგარტნერს მისივე რეკორდები დაემხო: საჰაერო ბურთის მაღლა ასვლა, ყველაზე მაღალი ნახტომი პარაშუტით და ყველაზე სწრაფი თავისუფალი ვარდნა.

პროგრამამ, სახელწოდებით - "ბაუმგარტნერის სტრატოსი", გააერთიანა მსოფლიოში კოსმოსური მედიცინის წამყვანი სპეციალისტები. მათ ერთად შექმნეს სკაფანდრი ექსტრემალისთვის, კაპსულა და საჰაერო ბურთი.

50 წლის წინ დამყარებული რეკორდების დამხობა დიდ საფრთხეს შეიცავდა. ამ პროექტის ტექნიკური დირექტორი არტ ტომპსონი იყო.

"საერთო ჯამში, ჩვენ, რა თქმა უნდა, რისკზე მივდიოდით და ფელიქსს ეს კარგად ესმოდა. მან იცოდა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იქნებოდა. ამიტომაც ჩვენი ამოცანა იყო, ტექნიკურად ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, რომ ის მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა", - ამბობს არტ ტომპსონი.

1960 წელს კიტინგერის ჰერმეტულმა სკაფანდრმა კინაღამ დააღალატა ამერიკელი მფრინავი. სერიოზული დაზიანების გამო მისი მარჯვენა ხელი ჩვეულებრივზე ორჯერ გასივდა. გარდა ამისა, ძალიან გაჭირდა სუნთქვა. ასეთ სიმაღლეზე, სკაფანდრის გარეშე სხეულში არსებული სითხე "ადუღდებოდა" ატმოსფერული წნევის დეფიციტის გამო.

ბაუმგარტნერის სკაფანდრი შექმნილი იყო მსუბუქი სინთეტიკური მასალებისგან და ის რამდენჯერმე მკაცრად შეამოწმეს.

"შიშის წინააღმდეგ არასოდეს მიბრძოლია. უნდა გქონდეთ შემუშავებული საკუთარი სისტემა ამ გრძნობის მართვისთვის და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შიში არ გმართავთ თქვენ.

უნდა გადალახოთ ეს. მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ შიშის ფაქტორი, რადგან თუ ეს გრძნობა გაიზარდა, ის თქვენზე გავლენას იწყებს, არასწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ და შეიძლება ეს ყველაფერი სიკვდილით დამთავრდეს",
- ამბობს ფელიქს ბაუმგარტნერი, რომელიც თავად იქმნიდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ბარიერებს.

"შიში არ არის მაინცდამაინც უარყოფითი მეგზური. ის შეიძლება თქვენი მეგობარიც იყოს, რადგან სისულელის ჩადენაში გიშლით ხელს. ჩემი აზრით, ის ადამიანები, რომლებიც შიშს არ ამჟღავნებენ, მუდმივი ხიფათით ცხოვრობენ, რადგან არ აფასებენ რისკს. მე ყოველთვის ვიცი, რასაც ვაკეთებ და ყოველთვის კარგად ვემზადები - ამისთვის 15-წლიან გამოცდილებას ვიყენებ. ზუსტად ვიცი - რისი გაკეთება შემიძლია და რისი არა",
- აგრძელებს ავსტრიელი.

ბაუმგარტნერი ავსტრიის არმიაში ხუთი წელი მსახურობდა და სწავლობდა. პარაშუტიდან ხტომა ეროვნულ სამხედრო სპორტულ სკოლაში ისწავლა. სწორედ იქ დაიწყო მან თავისი გაუთავებელი ექსპერიმენტები. მას ამის დიდი ნიჭი აღმოაჩნდა.

ცხრა წლის წინ ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო, როცა ლა მანშის სრუტეს გადაუფრინა. ამისთვის მას ზურგზე ნახშირბადის ბოჭკოვანი ქსოვილისგან შექმნილი ფრთები ჰქონდა დამაგრებული. ფრენის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 10 კილომეტრი იყო.

"ეს ფრთები ლამანშის სრუტის პროექტისთვის გამოვიყენე. მის შექმნასა და დახვეწას ოთხი წელი დასჭირდა და მისი წყალობით შესაძლებელი გახდა საათში 360 კილომეტრი სიჩქარის განვითარება.

თავდაპირველად უფრო ნელი ვარიანტი მოვსინჯეთ, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ამ ფრთებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა. მაღალი სიჩქარის მიუხედავად, ის თანდათან კარგავდა სიმაღლეს. შესაბამისად, მივიღეთ კარგი კომბინაცია: ხანგრძლივი ფრენა თანდათანობით დაშვებასთან ერთად. ამ ფრთების მეშვეობით შესაძლებელი გახდა, დამეფარა 35 კილომეტრი ლა მანშის თავზე"
, - იხსენებს ფელიქს ბაუმგარტნერი.

მაშინ ფელიქსმა საშუალოდ საათში 320 კილომეტრი სიჩქარე განავითარა, ფრენისას არანაირი პრობლემა არ შექმნია და დანიშნულების ადგილას - ფრანგულ პორტ კალეში ექვსნახევარი წუთის შემდეგ მიაღწია.

Sportall.Geმთელი ამ წლების განმავლობაში თავისი რეკორდებისა და ტრიუკებისთვის ფელიქსს რამდენიმე წესის დარღვევა მოუწია. მაგალითად, 1999 წელს კუალა ლუმპურში, "პეტრონას თაუერსიდან" გადმოსახტომად, მას საკუთარი თავის ბიზნესმენად გასაღება დასჭირდა. სწორედ ამის წყალობით გაერკვა ის შენობის უსაფრთხოების სისტემებში.

"პეტრონას თაუერსი" მაშინ მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა იყო და ბაუმგარტნერი იქიდან პარაშუტით გადმოხტა.

გარდა ამისა, ბაუმგარტნერმა ბეისჯამპინგში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა ყველაზე დაბალი ნახტომის მხრივ. ის ბრაზილიაში, ქრისტეს ქანდაკების ხელიდან გადმოხტა. სიმაღლე 29 მეტრი იყო. ავსტრიელ ექსტრემალს შესაბამისი ნებართვა არ ჰქონია.

რაც შეეხება მომავალს, ახლა 43 წლის ბაუმგარტნერს შეუძლია უფრო მარტივი ილეთები აკეთოს. ის თავის დიდი ხნის მეგობარ ქალზე დაქორწინებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებას აპირებს. იქ მას განზრახული აქვს ვერტმფრენზე მაშველ პილოტად და მეხანძრედ მუშაობა.

"ეს იყო ყველაზე რთული, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. ვფიქრობ, უკვე ყველაფერს მივაღწიე", - ასრულებს თავის ინტერვიუს ფელიქს ბაუმგარტნერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული