კალათბურთელებთან მიზანში სროლაში გაჯიბრებას არავის ვურჩევ. იყო დრო, ბოისას ტყორცნების მსხვერპლნი ევროლიგის წამყვანი გუნდებიც გამხდარან.
იმავე დღეს დიდთოვლობამ გორში გასამართი მატჩი სამტრედიაში გადაიტანა. საკალათბურთო "დინამოს" ქომაგობდა საფეხბურთო "დინამოს"
ფან-კლუბი ("გლადიატორები"), რომელმაც "შსს-აკადემიასთან" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მეტი თუ არა, არანაკლები იყო "გლადიატორების" წვლილი საფეხბურთო გუნდ "მერანთან" მოგებაში - თურმე, "დინამოს" სტადიონი თოვლისგან სწორედ ფანებს გაუწმენდიათ.
მოკლედ, საქართველოში გვარიანად დაზამთრდა, თუმცა ჩვენ რას ვჩივით,
როგორც ჩანს, მოსკოვის "დინამოს" სტადიონი იმდენად დაითოვა, რომ ნარინჯისფერი ბურთი აღარ ჩანდა.
გამოგიტყდებით, პატარაობაში, ასეთი ბურთი პირველად რომ ვნახე, ვერ მივხვდი, რისთვის იყო: მაშინ ფეხბურთზე დავდიოდი, 2-3 თეთრი ბურთი გვქონდა (რომ კვერცხდებოდა, ისეთი). მწვრთნელმა ერთხელ ნარინჯისფერი ბურთი მოიტანა და გვითხრა - ეს მერე გამოგვადგებაო.
"კვერცხით" თამაში მოწყენილი გვქონდა და მოუთმენლად ველოდით, როდის გავიტანდით სტადიონზე ახალთახალ ნარინჯისფერ ბურთს.
დიდი ხანი მოგვიწია ლოდინი. კარგად რომ აცივდა და თოვლმა მოედანი გადაათეთრა, ფეხზე ცელოფნის გამძლე პარკები ამოვიცვით (ახლანდელი ერთჯერადები მაშინდელთან რა მოსატანია), მოვირგეთ კედები და სრიალ-სრიალით გავედით სტადიონზე. მწვრთნელმა ნარინჯისფერი ბურთი მოედანზე დაგვახვედრა.
კარგი იყო... ვისაც დათოვლილ მოედანზე ნარინჯისფერი ან წითელი ბურთით ფეხბურთი არ უთამაშია, ბევრი დაუკარგავს.
ორი კვირის წინათ შემოგთავაზეთ ფოტო, რომელშიც გიორგი ცინცაძე და ვიქტორ სანიკიძე რაგბის თამაშობენ. მათ სხვა სპორტიც ეხერხებათ - ფეხბურთს რომ გავყოლოდი, კარგი ცენტრფორვარდი ვიქნებოდიო, 2007 წელს ნახევრად ხუმრობით მითხრა ვიქტორმა.
გიორგი ცინცაძემ კი, რუსულ "ურალ გრეიტში" ახალი გადასული იყო, იქაურები რომ გააოცა: კალათბურთელები ორად გაიყვნენ და თოვლით გადათეთრებულ მოედანზე ფეხბურთი ითამაშეს.
ცინცაძის გუნდმა 11:7 გაიმარჯვა. 6 გოლი გიორგის ანგარიშზე იყო.
მაშ, არაო?
გასულ კვირას დიდი ხმაური გამოიწვია "ორლანდოსთან" მატჩში ზაზა ფაჩულიას მიერ საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებულმა სამქულიანმა.
Video
ზაზა ფაჩულიას შორეული სროლა ორლანდოსთან
ზაზა ფაჩულიას შორეული სროლა ორლანდოსთან
ეს უნდა ყოფილიყო მის მიერ რეალიზებული პირველი შორეული ტყორცნა ამერიკაში გადასვლის შემდეგ, მაგრამ მსაჯებმა ხელები გაასავსავეს - ბურთი არ ითვლებაო.
გამეორებაზე არაერთხელ ვნახეთ და სიმართლე გითხრათ, გარკვევით არ ჩანს, ტაბლოზე წითელი მანამ აენთო, ვიდრე ზაზა ბურთს ხელიდან გაუშვებდა, თუ - არა. თუმცა ეკრანზე დაფიქსირებული დროის მიხედვით, ბურთი უნდა ჩათვლილიყო.
აი, ამის დამადასტურებელი ფოტოც:
გამომყევი, გოგოვ...
კვირას იტალიაში ვარსკვლავთა მატჩი გაიმართა. გასულ სეზონში ამ შოუში გიორგი შერმადინი მონაწილეობდა, უფრო ადრე - ვიქტორ სანიკიძე. ამჯერად "ოლ სტარმა" ქართველების გარეშე ჩაიარა.
სატაიმლაინე ამბავი კი ჩატენვების კონკურსის მსვლელობისას მოხდა: ამერიკელ კალათბურთელ დომინიკ ჯეიმსს ნერვიულობა ეტყობოდა. მიზეზს მაშინღა მივხვდით, მოედანზე ტანმაღალი ლამაზმანი რომ გამოვიდა.
ჯეიმსმა ბურთი გვერდზე გადადო, დაიჩოქა და შეყვარებულს თითზე საქორწინო ბეჭედი გაუკეთა.
ამ სანახაობამ სავსე ტრიბუნები აღაფრთოვანა, თუმცა უმალ დაადუმა. სიჩუმემ 10-15 წამს გასტანა - სწორედ ამ დროის განმავლობაში კოცნიდა ჯეიმსი მომავალ საცოლეს.
...ლოყაზე არა.
Video
სიყვარულის ახსნა საკალთბურთო მოედანზე
სიყვარულის ახსნა საკალთბურთო მოედანზე
სადაც წახვალ, იქაური...
ორიოდე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გიორგი შერმადინი სლოვენიის "ოლიმპიაში" ვიხილოთ. მანამდე მისი ყაზანის "უნიქსში" გადასვლაზე დაიწერა.
მოკლედ, ამ ზამთარს გიორგი, სავარაუდოდ, ახალი გუნდის ფორმას მოირგებს. ვიდრე ტრანსფერი განხორციელებულა, ებრაული ქუდით იწონებს თავს.
კიდევ ერთ ფოტოს გთავაზობთ და თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ შერმადინი სათადარიგოთა სკამის უკან ზის. ზედიზედ ორ მატჩში მწვრთნელი დევიდ ბლატი მას არ ენდო. სწორედ ამ დროს ჩამოირბინა თეთრმა კატამ და...
დარტყმაც ასეთი უნდა...
დათოვლილ მინდორზე მოცურების საშიშროებაცაა და ბურთისთვის ფეხის აცილებისაც. მაგრამ მცხუნვარე მზეში, მწვანე მოედანზე ბრაზილიელმა მეკარე ევანილდომ ისეთი რამ ჩაიდინა, გასამართლებელ საბუთად თოვლიც არ გამოადგებოდა.
მან ბურთი თავისუფალი დარტყმისთვის გაამზადა, გამოიქცა, დაარტყა და იმის ნაცვლად, მეტოქის ნახევრისკენ გაეშვა, კუთხურზე გადააგდო.
ეს ყატარის ჩემპიონატში მოხდა.
Video
მეკარე, რომელიც ფეხის მოჭრას იმსახურებს
მეკარე, რომელიც ფეხის მოჭრას იმსახურებს
თანაგუნდელი მყავდა, რომელსაც ერთი შემთხვევის შემდეგ პენალტი არ დაურტყამს. აი, რა შემთხვევა იყო: მისი დარტყმული 11-მეტრიანის შემდეგ ბურთმა გვერდითი ხაზი გადაკვეთა (აუტზე გავიდა). ქუსლი მომიხვდაო, - იმართლა თავი.
რაღაცაშია საქმე
21 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა. "რეალი" "მანჩესტერს", ხოლო "ბარსელონა" "მილანს" რომ შეხვდა, უცხოური ფეხბურთის გვერდზე წაიკითხავთ.
აქ კი ერთ ფოტოს შემოგთავაზებთ და ქვემოთ მცირე განმარტებას გავაკეთებთ.
იცით, ეს ფოტო როდისაა გადაღებული? - 19 დეკემბერს, წილისყრის წინა დღეს. "სკაი სპორტის" ჟურნალისტმა ვიდეოფირზე აღბეჭდა მზადების პროცესი, რომლის დროსაც ტაბლოზე გუნდები წინასწარ განალაგეს.
Video
უეფამ კენჭისყრა ჩააწყო?
უეფამ კენჭისყრა ჩააწყო?
გავიდა ერთი დღე და წილისყრისას გუნდები სწორედ ისე დაწყვილდა, როგორც წინა დღეს ტაბლოზე ეწერა!
რაღა მაიას კალენდარი და რაღა უეფა...
ოთხმოცდა...
გასული კვირის "ტაიმლაინს" ასეთი სათაური ჰქონდა: "ოთხმოცდა..." ლეო მესიმ ხომ აბსოლუტური რეკორდი დაამყარა - ერთ კალენდარულ წელიწადში 86 გოლი გაიტანა და ერთით გაასწრო გერდ მიულერს.
მას მერე "ბარსელონამ" ორი მატჩი ჩაატარა და ლეომ კიდევ ოთხი გაიტანა. სადღეისოდ მის ანგარიშზე 90 გოლია.
ჰოდა, ამ სიტუაციას ბოლომდე შეესატყვისება უცხოურ პრესაში დაბეჭდილი კარიკატურა, სახელწოდებით "მეფე ლიონელი".
ჩამოთოვა... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"