ფოთში წლის სპორტსმენები დაასახელეს

AutoSharing Option
ფოთელმა სპორტსმენებმა 2012 წელს, ტრადიციულად, არაერთ წარმატებას მიაღწიეს საერთაშორისო სარბიელზე. ქალაქის მერიამ და სპორტის სამსახურმა ათლეტებს გარჯა დაუფასეს.

წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს სამ ნომინაციაში: ოლიმპიურ სახეობაში ხელბურთელი უჩა გამზარდია გამოარჩიეს, რომელმაც შარშან პორტუგალიაში ევროპის უნივერსიადის ჩემპიონობა მოიპოვა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

არაოლიმპიურში ყველაზე მეტი ხმა მიიღო ნიკო კუციამ - 2012 წელს მინსკში გამართულ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

პროფესიონალებში საუკეთესო აღმოჩნდა კრივში WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი დავით მაკარიძე. წლის საუკეთესო გუნდად ხელბურთელ გოგონათა ნაკრები დაასახელეს, რომელმაც საქართველოს პირველობაზე მე-2
ადგილი დაიკავა.

ზემოაღნიშნული ნომინანტების გარდა, ფოთის სპორტის სამსახურმა ის ათლეტებიც დააჯილდოვა, რომლებმაც სხვადასხვა სახეობაში წარმატებით იასპარეზეს საერთაშორისო სარბიელზე.

ესენი არიან: კადეტ მოკრივეთა ევროპის პირველობის მესამე პრიზიორი ნუკრი ადამია, სასკოლო ასაკში მოკრივეთა ევროპის პირველობის ვერცხლისმედალოსნები - გიორგი მანჯავიძე და გიორგი ჩარგაზია, სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ნუკრი ბერაია, ამავე სახეობაში ახალგაზრდებს შორის, ასევე, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გივი ნადარეიშვილი, ძიუდოისტთა ევროპის პირველობის პრიზიორი ბექა ტუღუში, 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონი ზაზა ხარებავა, წყალთხილამურებში ვეტერანთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გენადი გურალია, კარატე-დოში თანატოლთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები - ამირან კოპაძე და მიხეილ ადამია; აზერბაიჯანის საერთაშორისო რეგატის გამარჯვებულები: აკადემიურ ნიჩბოსნობაში - პეტრე და ნიკა ქავთარაძეები, გელა ქოიავა და გიორგი კუჭავა, ბაიდარასა და კანოეში - ოთარ კაკულია; მოჭადრაკეთა ევროპის თასისა და მაია ჩიბურდანიძის საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი მარიამ დოლიძე, სპორტულ ცეკვებში ლაშა თოდუა გამოარჩიეს.

2012 წლის განმავლობაში სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა ფოთის მე-5 საჯარო სკოლაც. დაბადების 50 წელთან დაკავშირებით საჩუქარი გადაეცა მოკრივეთა დამრიგებელ ზაურ ანთიას.

დაჯილდოებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძე, საქართველოს აღმოსავლური ორთაბრძოლების კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, ქალაქის მერიისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული