"ლელომ" მკითხველის რჩეული სპორტსმენები დააჯილდოვა

AutoSharing Option
გაზეთმა "ლელომ" მკითხველის რჩეული, 2012 წლის სპორტსმენები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია კულტურის ცენტრ "მუზაში" გაიმართა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

გამოკითხვაში, რომელიც ათი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ჯამში ათი ათასზე მეტმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა.

რეიტინგები როგორც ინტერნეტის, ასევე ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით დგებოდა.

გამოკითხულთა 26.7 პროცენტმა საუკეთესო სპორტსმენად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 31 იანვარს შავდათუაშვილის დაბადების დღეა და ის 21 წლის იუბილეზე დააჯილდოვეს.

საუკეთესოთა რეიტინგში სულ 30-მდე სპორტსმენი
იყო ნომინირებული. მეორე ადგილზე გავიდა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, ხოლო მესამე ადგილზე - ასევე მორაგბე მამუკა გორგოძე.

დღესვე კულტურის ცენტრ "მუზაში" გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც დაასახელა.

ერთ-ერთი ნომინაცია იყო წლის ახალგაზრდა სპორტსმენი, რომლის გამარჯვებულად დასახელდა ახალგაზრდა მოჭიდავე რამაზ ზოიძე.

ნომინაციის - სპორტის უჩინარი მსახური, გამარჯვებული გახდა გიორგი ციციშვილი (ცხენოსნობა).

ასევე, ვეტერანი სპორტული ჟურნალისტის ნომინაციაში დაჯილდოვდა გარუ აკოფოვი. ძიუდოს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაჯილდოვდა გურამ პაპიტაშვილი, ხოლო წლის მწვრთნელის ნომინაციაში დასახელდა ლაშა შავდათუაშვილის პირველი მწვრთნელი - ნიკოლოზ ბიბილაშვილი.

საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაზეთმა "ლელომ" წელს უკვე მეორედ გამართა.

პირველი გამოკითხვის გამარჯვებული საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე გახდა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული