დღეს ექვსი საპატიო მედლის მქონე ერთადერთი ვეტერენია, ვაჟა ჟღენტი, რომელსაც ამ დღეებში 85 წელი უსრულდება.
ბატონი ვაჟა ჩვენი რუბრიკის სტუმარია. იგი 50-იანი წლების თბილისის "დინამოს" კიდევ ერთ წარმატებულ კალათბურთელ ვაჟა გვანცელაძესთან ერთად გვეწვია.
ბატონ ვაჟა ჟღენტს თავდაპირველად საკუთარი კარიერის პირველი ნაბიჯების გახსენება ვთხოვეთ.
- კალათბურთის თამაში შემთხვევით დავიწყე. ჩემი უბნის ბიჭები მიხეილ კეკელიძესთან "დინამოში" ვარჯიშობდნენ. მე ფეხბურთელი ვიყავი.
ისინი შემთხვევით ტრამვაიში შემხვდნენ და ამ ტრანსპორტის
ბიჭებმა კალათბურთზე გაყოლა შემომთავაზეს, მითხრეს: ჩვენი მწვრთნელი მიხეილ კეკელიძეა, ვეტყვით, შენც დედა კეკელიძე რომ გყავს, მიგიღებს და ჩვენთან ერთად იქნებიო.
ფორმა არ მქონდა, მაგრამ მაინც წავყევი. მარტი იყო, საშინელი სიცივე, 1944 წელი იდგა და დარბაზი არ თბებოდა. მწვრთნელმა კარგად მიმიღო, გამოიცვალეო - მითხრა.
სპორტული ფეხსაცმელი არ მქონდა, ამიტომ ფეხშველამ, მაისურითა და ტრუსით ვივარჯიშე. მესამე დღეს მწვრთნელმა ცალკე დამიბარა და მითხრა - ვარჯიში არ გამიცდინოო. სამ თვეში ჩემი ასაკის პირველ გუნდში გადამიყვანეს.
* * *
- "დინამოს" პარალელურად ვთამაშობდი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გუნდში. როცა საუნივერსიტეტო შეჯიბრებები იწყებოდა, დინამოელები ჩვენ-ჩვენი სასწავლებლების გუნდებს ვემატებოდით და საინტერესო მატჩები იმართებოდა.
სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გუნდი ჩემპიონობას არავის უთმობდა. ასევე ძლიერი გუნდი ჰყავდა სამედიცინოს.
თბილისის "დინამოში" ისეთმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, მთელს საბჭოეთში უძლეველები ვიყავით.
1950 წელს მთელი სეზონის განმავლობაში ერთი მატჩიც არ წაგვიგია - გავიმარჯვეთ სსრ კავშირის ჩემპიონატში, თასის გათამაშებასა და სოცქვეყნების დინამიადაში, ამიერკავკასიისა და საქართველოს ჩემპიონატზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
არადა, მაშინ ხელწამოსაკრავი მეტოქეები არ გვყოლია: მოსკოვის არმიელებში და ბალტიის ქვეყნების გუნდებში ნაკრების არაერთი წევრი თამაშობდა.
განსაკუთრებულად მახსოვს პირველი საჩემპიონო ოქროს მოპოვება. ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერ მიხვდება, რას ვგრძნობდი იმ წუთას. ამაღლებული, ენით აუწერელი ემოციები იყო...
1951 და 1952 წლებში ვერც ჩვენ და ვერც მოწინააღმდეგეებს წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა ჩვენი დამარცხება. შესანიშნავ ფორმაში ვიყავით, მაგრამ სულ მცირე შეცდომებმა ჩემპიონობა დაგვაკარგვინა. სამაგიეროდ, მომდევნო ორ სეზონში ავინაზღაურეთ. 1954 წლის შემდეგ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო...
- ამას დაერთო ისიც, რომ რიგელთა შემადგენლობაში გამოჩნდა მაღალი ცენტრი კრუმინში. სწორედ მისი წინამძღოლობით ექვსი წლის განმავლობაში ლატვიელებს ჩემპიონობაში ვერავინ ეცილებოდა, - გაიხსენა ვაჟა გვანცელაძემ და დასძინა: - მაშინ შეტევისთვის დროში შეზღუდვა არ არსებობდა, გვქონდა გამოთქმა "ნაღდი ბურთი": თუ ასპროცენტიანი ჩასაგდები არ იყო, არ ვისროდით. ამიტომ ვიგებდით ყოველ მატჩს.
ტაქტიკაზე ლაპარაკი ვაჟა ჟღენტმა განაგრძო:
- კალათბურთი ყველას კარგად გვესმოდა. საჭიროების შემთხვევაში ტაქტიკას უშუალოდ თამაშის მსვლელობისას ვცვლიდით, რითაც არაერთი მეტოქე გაგვიოცებია. იყო შემთხვევა, შედარებით ტანდაბალი მეურვე დამიყენეს. მეც ცენტრის პოზიციაზე გადავედი და ქულები უხვად ვაგროვე.
* * *
- გვხვდებოდა დიდი წინააღმდეგობები. საბჭოთა კავშირის თასი ორჯერ რომ ავიღეთ, მესამედ გათამაშების ფორმატი სპეციალურად ჩვენთვის შეცვალეს: თუ მანამდე მასში კლუბები მონაწილეობდნენ, 1951 წელს ქალაქის ნაკრებები უნდა გამოსულიყვნენ.
წესდებაში ასევე ჩაწერეს: ვინც ნაკრებთან ერთად საზღვარგარეთ იყო, თასზე თამაშის უფლება არ ჰქონდა.
ოთარ ქორქია უცხოეთიდან ფინალის წინ ჩამოფრინდა და ლენინგრადშიც ჩამოგვისწრებდა, მაგრამ აეროპორტში დახვდნენ, მანქანაში ჩასვეს და რკინიგზის სადგურზე წაიყვანეს, საიდანაც თბილისში გამოუშვეს.
ნაკრების მოსკოველი წევრები კი პირდაპირ ლენინგრადში გამოაფრინეს და მათ ითამაშეს კიდეც. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სხვათა შორის, მთელი ლენინგრადი ჩვენ გვიჭერდა მხარს.
გაბრაზებულებმა მოსკოველებს ფინალში შავი დღე დავაწიეთ. გაგიკვირდებათ და მოსკოველთა ყველაზე მაღალი მოთამაშე კონევი მე მმეურვეობდა. ტაქტიკა ისე ავაწყვეთ, რომ მეტოქის მწვრთნელმა კონევს ჩემი დაჭერა დაავალა.
მეც ფარიდან მოშორებით ვმოქმედებდი. ბურთს დიდხანს ვათამაშებდი. ტანმაღალ კონევს ძალიან უჭირდა ბურთის წართმევა, სისწრაფეში ხომ საგრძნობლად ვჯობდი... და, რაც მთავარია, თასის ფინალი ოთარ ქორქიას გარეშე მოვიგეთ.
* * *
- დაუვიწყარია, 1954 წელს თბილისის "დინამოს" ეგვიპტური ვოიაჟი. ეს აფრიკული ქვეყანა 1949 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა და შემდეგშიც ძლიერი გუნდი ჰყავდა. ამ ტურნესთვის სერიოზულად ვემზადებოდით.
ლენინის სახელობის დარბაზში მზიან ამინდშიც გათბობას გვირთავდნენ და ისე გვავარჯიშებდნენ - ეგვიპტეშიც ძალიან ეცხელება და უნდა შეეჩვიოთო. არადა, ქაიროსა და ალექსანდრიაში დიდი, ტევადი დარბაზები იყო, რომლებსაც იმ დროისთვის კონდიცირებაც უმაღლეს დონეზე ჰქონდათ.
ვაჟა გვანცელაძემ აღნიშნა, რომ ეგვიპტელები საბჭოთა ნაკრებს ელოდნენ და "დინამო" რომ შერჩათ, თავიდან ეგონათ, სუსტ მეტოქესთან ჰქონდათ საქმე.
- ამიტომ ჯერ მეორე გუნდი დაგვიპირისპირეს. დიდი სხვაობით რომ დავამარცხეთ, მთავარი იმედი პირველ ნაკრებზე გადაიტანეს, მაგრამ... "დინამომ" მოედანზე ცეცხლი დაანთო, ყველა რთული ილეთი იოლად გამოდიოდა, სწრაფი შეტევების კორიანტელს ენაცვლებოდა გააზრებული პოზიციური იერიშები და ეგვიპტე დამაჯერებლად დავამარცხეთ. სამშობლოში დაბრუნებულები დიდი პატივით მიგვიღეს.
* * *
პუბლიკაცია ვაჟა გვანცელაძის სიტყვებით დავასრულოთ:
- 1954 წელს მე და ვაჟა ჟღენტი საბჭოთა ნაკრებში მიგვიწვიეს. შეკრებისას ჩატარდა ტესტი, რომლის მიხედვით კალათბურთელთა რეაქცია უნდა შემოწმებულიყო. ვაჟა ჟღენტს ისეთი შედეგები აღმოაჩნდა, გაოცებულმა პეტკევიჩუსმა უთხრა - რეაქტიული თვითმფრინავის მონაცემები გქონიაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"