Time Line: ვიმოგზაუროთ ამერიკაში ზაზა ფაჩულიასთან ერთად

AutoSharing Option
დღევანდელი "ტაიმლაინისთვის" სხვა თემა მქონდა მომზადებული, მაგრამ "ატლანტა ჰოქსის" საიტზე ჯო კუპერმა ისეთი სტატია დაწერა, "ტაიმლაინისთვის" უკეთესს ვერც ვინატრებდი. აი, შესავალში რა წერია:

"ატლანტელები ქალაქიდან 11 დღით გავიდნენ. ამ დროში მათ ექვსი მატჩი უნდა მოისტუმრონ.

ვოიაჟის შესახებ სხვას ვის უნდა დავეკითხოთ, თუ არა ზაზა ფაჩულიას, რომელიც "ატლანტაში" მეცხრე წელია, თამაშობს.

23 თებერვალი
მილუოკი-ატლანტა 102:103

ამინდის საპირისპიროდ, ფაჩულიას მილუოკური მოგონებები მეტად თბილია. იგი "ბაქსში" 2004-05 წლების სეზონში თამაშობდა, საშუალოდ 18.9 წუთში 6.2 ქულას, 5.1 მოხსნას აგროვებდა.

- მილუოკი ცივი და ღრუბლიანი
ამინდით დამამახსოვრდა, - ამბობს ფაჩულია, - 20 წლის ვიყავი და ეს ქალაქი დამეხმარა, ფოკუსირება მხოლოდ თამაშზე მომეხდინა. მილუოკი ქართულ ქალაქებს მაგონებს ძველი და მრავალფეროვანი არქიტექტურით.

იქ რამდენიმე ქართულ ოჯახს შევხვდი. გუნდის მფლობელი ჰერბ კოლი დიდებული პიროვნებაა, ჩემდამი კარგად იყო განწყობილი. 2005 წლის შემდეგაც მაქვს კავშირი სკიპ რობინსონთან (საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი, რომელიც ზაზას საქართველოშიც ახლდა).

ფანები? გუნდში ერთი სეზონი დავყავი. ეს დიდი ხნის წინათ იყო და დარწმუნებული არ ვარ, რომ ისევე ვახსოვარ, როგორც რამდენიმე წლის წინათ.

საყვარელი საქმიანობა მილუოკიში...
- სიმართლე ითქვას, გასართობად ჩიკაგოში მივდიოდი. ზოგიერთი ჩემი თანაგუნდელი ჩიკაგოელი იყო და მილუოკი-ჩიკაგოს სწრაფმავალ ტრანსპორტზე ბილეთებს ხშირად ვიღებდით.

საყვარელი კვების ობიექტი...
- მოს სტეიკის სახლის რეგულარული სტუმარი გახლდით.

ყველაზე მეტად მჭირდება...
- ლეპტოპი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ციოდა, ქუჩაში გასვლას ვერიდებოდი. ამიტომ მჭირდებოდა ნოუთბუკი.

25 თებერვალი
დეტროიტი-ატლანტა 103:114

მილუოკსა და დეტროიტზე ფაჩულიას ერთნაირი ამბები აქვს გასახსენებელი:

- დეტროიტშიც სასტუმროში ვრჩები ხოლმე, რადგან იქაც ძალიან ცივა. ოთახის დატოვების სურვილი არ მიჩნდება.

საყვარელი კვების ობიექტი...
- სასტუმროსთან ახლოს ხმელთაშუაზღვისპირული რესტორანია. გემრიელი კერძების მოყვარული ვარ და ამ დაწესებულებაში სტუმრობა მართლაც მსიამოვნებს. ვაგემოვნებ ქაბაბს და ა.შ.

ყველაზე მეტად მჭირდება...
- აქაც ლეპტოპი. როცა ოთახში ზიხარ, გართობის კარგი საშუალებაა.

27 თებერვალი
იუტა-ატლანტა 91:102

სოლტ ლეიქ სიტიში ზაზა ფაჩულიას ანდრეი კირილენკო ხვდებოდა ხოლმე. ახლა რუსი კალათბურთელი "მინესოტაშია". თუმცა ფაჩულიას მინეაპოლისში ეგულება კიდევ ერთი მეგობარი - მერვინ უილიამსი, რომელიც 7 სეზონი "ატლანტას" ღირსებას იცავდა.

- კიდევ ერთი ცივი ქალაქი... როცა კირილენკო "იუტაში" თამაშობდა, სადილად ყოველთვის მეპატიჟებოდა. ახლა მერვინ უილიამსს დავურეკავ.

საყვარელი საქმიანობა...
- ეს საქმე მერვინ უილიამსს უნდა მივანდოთ.

საყვარელი კვების ობიექტი...
- კირილენკოს სხვადასხვა ადგილას დავყავდი. ვიმედოვნებ, უილიამსი "ფასტ ფუდით" არ შემოიფარგლება.

ყველაზე მეტად მჭირდება...
- მაინც ლეპტოპი. მასში შემიძლია ქართული ტელეარხების, ქართული ფილმების ყურება. მშობლიურ ტრადიციებს დიდ პატივს ვცემ. საქართველო ძალიან მენატრება. კომპიუტერში ასევე წიგნები მაქვს, მიყვარს კითხვა და სწავლა.

1 მარტი
ფინიქსი-ატლანტა
- მიყვარს ფინიქსი, ლამაზი ქალაქია. სასტუმროსთან, სადაც ატლანტელები ვბინავდებით, დიდი სავაჭრო ცენტრია. იქ ჰორფორდთან ერთად ხშირად დავდივარ. კარგია ფინიქსში ცხოვრება.

საყვარელი საქმიანობა...
- საყიდლებზე სიარული. ეს არის და ეს. ფინიქსში ზედიზედ მეოთხე გასვლითი მატჩი გველის და დასვენებაზე უნდა ვიფიქროთ.

საყვარელი კვების ობიექტი...
- "კაპიტალ გრილი". იქ მე და ვლადიმერ რადმანოვიჩი შარშან ვიყავით და ძალიან მოგვეწონა. "სკოტსდეილიც" კარგი ადგილია.

ყველაზე მეტად მჭირდება...
- საცურაო კოსტიუმი. გოლფს არ ვთამაშობ და მოედანზე გასვლას არ ვაპირებ. სასტუმროში არის აუზი, ჩავალ, წიგნს წავიკითხავ ან მუსიკას მოვუსმენ.

3 მარტი
ლეიკერსი-ატლანტა

"ატლანტას" "ლეიკერსთან" ზედიზედ 6 მატჩი აქვს წაგებული...

- ლოს ანჯელესი დიდებულია. მიყვარს "როდეო დრაივი" (სავაჭრო უბანი). იმედი მაქვს, ქალაქში გასასვლელად საკმარისი დრო გვექნება.

საყვარელი საქმიანობა...
- "როდეო დრაივზე" უკვე ვთქვი. ლოს ანჯელესში უამრავი მაღაზია და საინტერესო დიზაინერია. ზოგჯერ თმასაც იქ ვიჭრი. წელიწადში ორჯერ გვიწევს ლოს ანჯელესში ჩასვლა და ვცდილობ, დრო უქმად არ დავკარგო.

საყვარელი კვების ობიექტი...
- "კაწია" ჩემი ფავორიტი რესტორანია. გემრიელ სუშის ამზადებენ.

4 მარტი
დენვერი-ატლანტა

- გასვლითი ტურნეს ბოლო თამაში დენვერში გვაქვს. დაღლილები ვიქნებით. ბევრი წყლის დალევა მოგვიწევს. წნევაც მაღალი იქნება.

საყვარელი საქმიანობა...
- საყვარელი საქმიანობა? - დასვენება! მატჩისთვის სერიოზული მომზადება გვმართებს, რადგან წნევის გამო მოთამაშე მალე იღლება. ამის მიუხედავად, ძალიან გვინდა, ვოიაჟი გამარჯვებით დავასრულოთ.

საყვარელი კვების ობიექტი...
- სასტუმროსთან ახლოს იტალიური რესტორანია. სახელი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან გემრიელ იტალიურ კერძებს ამზადებენ. დენვერს ისე არ ვტოვებ, იქ რომ არ შევიარო ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული