Time Line: ისე უნდა შეჭამო, რომ წვენი არ დაიქცეს [VIDEO]

AutoSharing Option
კლავიატურაზე თავაუღებლივ ვაკაკუნებდი, როცა მეზობელმა (ჩვენი კომპიუტერები ერთმანეთს დღენიადაგ გვერდში უდგას) მხარზე ხელი დამკრა და მითხრა: დროა, თვალი დაასვენოო.

უმჯობესი იქნებოდა, ეთქვა - თვალს წყალი დაალევინეო, რადგან კომპიუტერში ირინა შაიხლისლამოვას ფოტო დამანახვა. იგი მეგობრებთან ერთად ხინკალს მიირთმევდა.

მოგვიანებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა: "მშიერ რუს და ქართველ გოგონებზე საშინელი არაფერია".

Sportall.Ge
ფოტოზე: მარჯვნიდან მეორე ირინა შეიკი

აქვე დავაზუსტებთ, რომ ირენას მთელი მსოფლიო ირინა შეიკის სახელით იცნობს. იგი კრიშტიანო რონალდოს მეგობარი გოგონაა.

* * *
საინტერესოდ დაემთხვა... ვიდრე მეზობელი კომპიუტერისკენ გადავიტანდი მზერას, ეს
ფრაზა დავწერე: "ხინკალი ორივე ხელით უნდა დაიჭირო და ისე შეჭამო, რომ წვენი არ დაიქცეს".

ეს თორნიკე შენგელიამ ამერიკელ ქერა ჟურნალისტს უთხრა.

კვირის ერთ-ერთი გმირთაგანი სწორედ თორნიკეა, რომელმაც NBA-ში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა - 11 ქულა, 11 მოხსნა და "ვაშინგტონთან" შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

21 წლის ქართველისთვის ეს დიდი აღიარებაა და ვფიქრობ, უინტერესო არ იქნება მისი ბლიც-ინტერვიუს თავიდან ბოლომდე გაცნობა. იგი პროფესიულ მხარესაც ეხება და ქართულ კერძებსაც.

- გამარჯობა, ბრუკლინ - ქართულად; ოლა, ბრუკლინ - ესპანურად; პრივეტ, ბრუკლინ - რუსულად; ჰელოუ, ბრუკლინ - ინგლისურად, - ასე მიესალმა თორნიკე ბრუკლინს BCTV-ის საშუალებით.

- რამდენიმე სიტყვით ბავშვობაზე გვიამბე. რა გზა გაიარე "ბრუკლინამდე"?
- კალათბურთის თამაში 9 წლისამ დავიწყე. 15 წლისა ესპანურ "ვალენსიაში" გადავედი, საიდანაც ბელგიაში მოვხვდი. იქ ორი წელი დავყავი და ახლა აქ ვარ, ბრუკლინში.

- პირველად როდის აიღე ხელში საკალათბურთო ბურთი?
- პატარა ვიყავი, როცა დაბადების დღის საჩუქრად ბურთი მომიტანეს. ყველგან თან დამქონდა, ერთი ოთახიდან მეორეში, მეგობრებში... ბურთთან ერთად ვიძინებდი.

- საქართველოში რამდენად პოპულარულია კალათბურთი?
- წარსულში დიდი კალათბურთელები გვყავდა, მათ შორის, NBA-შიც. მათ თამაშებს ვუყურებდი და მქონდა მაგალითი, რა გზით შეიძლებოდა კალათბურთში წარმატების მიღწევა. ამასთან, მამაჩემიც კალათბურთელი იყო, საქართველოს ნაკრებში თამაშობდა.

- "ბრუკლინში" ყველაზე ახლოს ვისთან ხარ?
- აქ რომ ჩამოვედი, გაკვირვებული დავრჩი - ყველა ერთადაა, ძალიან მეგობრული ატმოსფეროა. შემხვედრია გუნდები, სადაც სამი კალათბურთელი ცალკეა, ოთხი - ცალკე... თითოეულ ბრუკლინელთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- ჯერი სტეკჰაუსისგან, დერონ უილიამსისგან, ჯო ჯონსონისგან და სხვა გამოცდილი კალათბურთელებისგან რა ისწავლე?
- ყველა სხვადასხვა სტილის კალათბურთელია და თითოეულისგან ბევრს ვსწავლობ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
- ვარჯიშის შემდეგ თავისუფალი დრო საკმარისად მაქვს. აქ მყავს მეგობრები, რომლებთანაც ხან ოჯახში ვარ, ხან კინოთეატრში მივდივარ, ხანაც - რესტორანში.

- ქართული რესტორანი ბრუკლინშიც ხომ არ მოგიძებნია?
- რა თქმა უნდა. აქ 3-4 რესტორანია, სადაც ქართული კერძების გასინჯვა შეიძლება. თუმცა ისეთი გემო ნამდვილად არ აქვს, როგორიც საქართველოში.

- რას ანიჭებ უპირატესობას?
- მიყვარს ხაჭაპური...

- ოო, მეც ძალიან მომწონს ხაჭაპური. ცომში ყველი რომ დევს, ხომ?
- დიახ. კიდევ ხინკალი...

- ხინკალიც მიჭამია, მეც მიყვარს, - თქვა ამერიკელმა ჟურნალისტმა და ზედმიწევნით ახსნა, როგორია და რა შემადგენლობის ქართული ხინკალი. ახსნა წვენით დაასრულა. თორნიკემ ამერიკელის მონაყოლი შეავსო:

- ხინკალი ორივე ხელით უნდა დაიჭირო და ისე შეჭამო, რომ წვენი არ დაიქცეს. ძალიან გემრიელია.

- ყველაზე მეტად საქართველოდან რა გენატრება?
- მშობლიური ქალაქი, იქაური ატმოსფერო...

VideoSportall.Ge
თორნიკე შენგელიას წამყვანი ხინკალზე ესაუბრება


* * *
თორნიკე შენგელიასთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკელი ტელერეპორტიორის გაცნობიერებულობა ქართულ სამზარეულოში. გასაკვირი არ იქნებოდა, თოკოს ყაურმა ეხსენებინა და ბრუკლინელს მისი რეცეპტიც სცოდნოდა...

სამაგიეროდ, უკრაინელ ჟურნალისტს ქართული ხინკალი და მწვადი პირველად ფეხბურთელმა დავით თარგამაძემ გაასინჯა.

VideoSportall.Ge
დავით თარგამაძემ უკრაინელ ჟურნალისტებს ხინკალი და მწვადი მოუმზადა


უკრაინელი დათოს ბინიდან იმდენად "გემრიელად" წამოვიდა, რომ რეპორტაჟი სწორედ ჩვენი კერძებით დაიწყო და საკმარისი ადგილიც დაუთმო.

- "ალექსანდრიაში" ყოფნისას, ერთ თავისუფალ დღეს, მეგობრები მწვადებზე ბუნებაში დავპატიჟე. ძალიან მოეწონათ და მას მერე ქართული სამზარეულოს გურმანებად იქცნენ, - აღნიშნა თარგამაძემ.

როგორც აღმოჩნდა, მორაგბე მამუკა გორგოძის ფავორიტი კერძი ელარჯია, ხოლო კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე იტალიაში ათასგვარ პიცას თუ პასტას აგემოვნებს, მაგრამ მისთვის პირველი მაინც ხინკალია.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცნობილი ხოკეისტის ლარიონოვის გოგოა
dato
14:06 21-04-2013
0
თოკოს ვინც ართმევს ინტერვიუს ის გოგო რუსია და არა ამერიკელი
gaga
12:26 19-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული