ერთმანეთში ირევა ინგლისურ-ქართული საუბარი.
- პენსილვანიის შტატის სტეიტკოლეჯის უნივერსიტეტის სპორტსმენები გვეწვივნენ ოთხი მწვრთნელის - გია აბაშიძის, ვახტანგ იაგორაშვილის, ემანუელ კაიდანოვისა და ვეს გლონის ხელმძღვანელობით, - ამიხსნა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ. - მე და გია ხშირად ვხვდებით ერთმანეთს შეჯიბრებებზე.
დიდი ხანი ოცნებობდა სამშობლოში ამერიკელ შეგირდებთან ერთად ჩამოსვლაზე. ახლა მიეცა ამის საშუალება. ამერიკელი მუშკეტერები საქართველოს ისტორიულ ძეგლებსა და ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, ქართველ კოლეგებთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას ჩაატარებენ.
წლების წინათ ვახტანგ იაგორაშვილთან არაერთხელ
1986 წელს კეთილი ნების თამაშები მოიგო პირადსა და გუნდურში, 1990 წელს კი პირად პირველობაში მეორე იყო, ევროპის ჩემპიონატებზე 1987 და 1989 წლებში სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, სამ-სამგზის მსოფლიოს (1989 წელს საქართველოს, 1999 და 2000 წლებში - აშშ-ის სახელით), საბჭოთა კავშირისა და ამერიკის ჩემპიონია, 1998 და 2004 წლებში მსოფლიოს პირველობებზე ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ერთხელ პანამერიკული თამაშები მოიგო.
- 1991 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრე, - გვითხრა ვახტანგ იაგორაშვილმა. - ოკეანის გაღმა კი ვცხოვრობდი, მაგრამ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით გამოვდიოდი. 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადაზეც ვიასპარეზე.
მხედართა შეჯიბრებამდე მე-3 ადგილზე ვიყავი, მაგრამ ცხენმა დამაღალატა და კვარცხლბეკს მიღმა აღმოვჩნდი. ოლიმპიური თამაშების შემდეგ ამერიკის მოქალაქეობა მივიღე, ბოსტონში 6,5 წელიწადი ვიმუშავე - ფარიკაობის კლუბი გავხსენი. ახალგაზრდებსა და კადეტებში ამერიკის ჩემპიონები და პრიზიორები გავზარდე. რვა თვეა, სტეიტკოლეჯში გადავედი სამუშაოდ.
- თბილისს ხომ არ ივიწყებთ?
- საქართველოსთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია, რადგან აქ ნათესავები და ახლობლები მყავს. ან ტრიფონ მესხისა და ივანე ლუცენკოს ღვაწლის დავიწყება როგორ შემიძლია - სპორტულ კარიერაში რასაც მივაღწიე, მათი დამსახურებაა.
* * *
ამ საუბარში ვიყავით, გია აბაშიძე რომ შემოგვიერთდა. ქართული სპორტის სტაჟიან გულშემატკივრებს, ალბათ, ემახსოვრებათ გუნდურში საბჭოთა კავშირის 1979 წლის ჩემპიონის, რაპირაში ახალგაზრდებს შორის საკავშირო პირველობების ხუთგზის გამარჯვებულის წარმატებები.
იგი ხომ წლების განმავლობაში საკავშირო ნაკრების წევრი იყო. 1994 წლიდან პენსილვანიის შტატის სტეიტკოლეჯში ცხოვრობს და ფარიკაობის მწვრთნელად მუშაობს.
თვალსაჩინო წარმატებები აქვს: მისმა შეგირდებმა - ჰენა ტომსონმა და დორის ვილეტმა 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე გუნდურში ქალთა შორის ვერცხლის მედლები მოიპოვეს რაპირაში, კოლდი მეთერნი გუნდურში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონია დაშნით ფარიკაობაში.
მექსიკას 1992 წლის შემდეგ ოლიმპიადებზე მოფარიკავე არ ჰყოლია. 2012 წელს კი ლონდონში გია აბაშიძის შეგირდმა დანიელ გომესმა იასპარეზა. ამერიკელთაგან გუნდურში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები არიან დევიდ ვალეტი, მეტა ტომსონი, ანდრას ჰესონი და ნაბუო ბრავო.
- უნივერსიტეტში შესანიშნავი პირობები გვაქვს სპორტსმენებთან სამუშაოდ. კარგადაც გვაფინანსებენ, ამიტომ ხშირად ვმონაწილეობთ შეჯიბრებებში. ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა სპეციალური ფონდი გახსნეს.
იქ დაგროვებული თანხით ოთხ წელიწადში ერთხელ უნივერსიტეტის მოფარიკავეთა ნაკრები სხვადასხვა ქვეყანაში მიგვყავს ერთობლივი საწვრთნელი შეკრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით; თან მასპინძელთა კულტურას, ღირსშესანიშნაობებს ვეცნობით.
ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავისრულე და საქართველოს ვეწვიეთ. 13 მოფარიკავე ჩამოვიყვანეთ. ორი კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ადგილებს დავათვალიერებინებთ და მასპინძლებთან ერთობლივ ვარჯიშებსაც გავმართავთ. ამგვარი კონტაქტები ორ ქვეყანას შორის შემდგომ დამეგობრებას შეუწყობს ხელს, - გვითხრა გია აბაშიძემ.
- პროფესიული კონტაქტებიც ხომ არ არის გათვალისწინებული?
- ქართველი მოფარიკავე თეოდორა კახიანი სექტემბრიდან სტეიტკოლეჯის უნივერსიტეტში ისწავლის უფასოდ. ამ სასწავლებლის ღირსებას დაიცავს, საერთაშორისო სარბიელზე კი საქართველოს სახელით გამოვა.
* * *
იური ოსიპოვი, მსოფლიოს ჩემპიონი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი: "ბევრი ჩვენი სახელოვანი მოფარიკავე წარმატებით მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში.
დასტურად გია აბაშიძისა და ვახტანგ იაგორაშვილის საქმიანობაც კმარა. სწორედ მათი დახმარებით იქცა ფარიკაობა ამერიკაში სპორტის წამყვან სახეობად.
ორივეს სამშობლოში დაბრუნებისა და აქ მუშაობის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ამჟამად მათ ჩამოსვლას აზრი არა აქვს, რადგან სათანადო პირობებს ვერ შევუქმნით. საამისოდ სპორტის დამსახურებული ოსტატის, სახელოვანი მუშკეტერის, გურამ კოსტავას მაგალითიც კმარა - ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოსპრიზიორსა და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონს, რომელიც შვიდი თვეა დაგვიბრუნდა, სხვა თუ არაფერი, ტიტულების შესაფერისი პენსიაც ვერ დავუნიშნეთ.
რაც შეეხება ორი ქვეყნის მოფარიკავეთა კონტაქტებს, ეს ჩვენს სპორტსმენებს დაოსტატებაში დაეხმარება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"