ამ დღეს, 32 წლის წინათ ხომ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა ევროპის ქვეყნების თასების თასი მოიგეს.
ქართული ფეხბურთი სწორედ მაშინ იყო ზენიტში. მას მერე მზე გადაიწვერა და ველით ხელახლა გამონათებას.
ერთნი ამბობენ - საკმარისია 30 წლის წინანდელი მიღწევით ცხოვრებაო; მეორენი პასუხობენ - როცა
სწორედ ამ სიტყვებმა გამახსენა 2001 წელს გაზეთ "სარბიელში" გამოქვეყნებული წერილი, რომელიც თასების თასის მოგების 20 წლისთავს მიეძღვნა, სახელწოდებით "საქართველოს წამი".
ილია ბაბუნაშვილის სტატიიდან რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ:
"დღეს თბილისის ქუჩებში ბიჭები ისევე დასდევენ ბურთს, როგორც 20 წლის წინათ, მაგრამ ოცი წლის წინანდელ ბავშვებთან შედარებით, დიდი უპირატესობა აქვთ - თავიანთი საყვარელი კლუბების ოფიციალურ მაისურებში გამოწყობილან, ზურგზე რაული და ზიდანი ისეთივე ასოებით აწერიათ, როგორითაც თავად რაულსა და ზიდანს.
...ოცი წლის წინანდელი ბავშვები კი ბურთს იმ მაისურებში დასდევდნენ, რომლებიც მშობლებმა უყიდეს და გვარების ზურგზე წარწერის ნაცვლად, გაჰკიოდნენ: "მე ყიფიანი ვარ", "მე ჩივაძე ვარ", "მე შენგელია ვარ", "მე გუცაევი ვარ".
...მათ კიდევ ერთი ძალიან დიდი უპირატესობა უძღვნა დრომ - 20 წლის შემდეგ იმავე დიდი სტადიონის ტრიბუნაზე ჩამომსხდარნი, არ არის გამორიცხული, რომელიმე ქართული გუნდის, საკუთარი შვილების და მოსწავლეების დიდი წარმატების მოწმენი გახდნენ.
თორემ ისე ყველაფერს აზრი დაეკარგება. 20 წლის შემდეგ ღმერთმა ყველა კარგად გვამყოფოს და ღიმილისმომგვრელი იქნება იმის წერა, რომ 40 წლის წინ, 1981-ის 13 მაისს, დიუსელდორფში..."
ამ წერილის გამოქვეყნებიდან 12 წელი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შორს არაა დრო, დავწეროთ: 40 წლის წინათ...
* * *
13 მაისი ორშაბათი იყო, კვირას კი თასები ჩამოარიგეს ესპანეთში, ინგლისში, საფრანგეთში. იზეიმეს "მანჩესტერმა", პსჟ-მ, "ბარსელონამ". კატალონიურ ფიესტაში ქალაქ ბარსელონას მთელმა მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა.
მესი და კომპანია ავტობუსის სახურავზე მოექცა და ქომაგებთან ერთად ხარობდა.
შესაძლოა, "ბარსას" ფეხბურთელებმა ყურადღება არც მიაქციეს, მაგრამ ერთ-ერთმა მცხოვრებმა საინტერესო პლაკატი გამოფინა წარწერებით: "ლევანდოვსკი და სპანულისი".
იოლი მისახვედრია ამ პლაკატის შემოქმედის მრწამსი - მას "რეალზე" "მზე და მთვარე ამოსდის".
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის ოთხი გოლის წყალობით ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის "ბორუსიამ" "რეალს" 4:1 სძლია, ხოლო სპანულისმა საკალათბურთო ჩემპიონთა თასის (ევროლიგის) ფინალში 22 ქულა ჩაუგდო და 100:88 დაამარცხა მადრიდის "რეალის" კალათბურთელები.
ამავე შეჯიბრებაში, 1962 წელს თბილისის "დინამოს" კალათბურთელებმაც მოუგეს "რეალს", თანაც ფინალში - 90:83.
სხვათა შორის, ეს გახლავთ ქართული გუნდური სპორტის ყველაზე დიდი წარმატება. ჰოდა, თუ 13 მაისს გამოვაცხადებთ დასვენების დღედ, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მოგების დღე არ გამოგვრჩეს - 29 ივნისი.
ამ დღიდან 51 წლის შემდეგ ევროლიგის თასი ქართველმა ისევ აღმართა. ოღონდ გიორგი შერმადინმა ეს ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" ერთად სპანულისის დახმარებით გააკეთა - სულ რაღაც ოთხი დღის წინ, 12 მაისს.
იხილეთ ვიდეო
სწორედ სპანულისი და შერმადინი იქცნენ "ფოტოშოპის" ბერძენი ოსტატის შთაგონების წყაროდ, როცა კალათბურთელები ამერიკული ვესტერნის აფიშაზე გამოსახა.
ვგონებ, ეს ფილმი "წითელი მზე" უნდა იყოს, რომლის ვიდეოკასეტა ჩემს დეიდაშვილს ჰქონდა და რამდენჯერ მაქვს ნანახი, არ მახსოვს.
გიორგი შერმადინი მეორე ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ჩემპიონთა თასი ორჯერ აქვს მოგებული. პირველი კახი კალაძეა. მან "მილანთან" ერთად 2003 და 2007 წლებში მოიგო ევროპის უპირველესი საკლუბო ჯილდო, ჩემპიონთა ამფორა.
შეცდომა არ გეგონოთ: "ჩემპიონთა ამფორა" დავწერე. ძველ საბერძნეთში თიხისგან ათასგვარ ნაწარმს ამზადებდნენ, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიაში კლასიფიცირდებოდნენ: დერგი, თასი, ამფორა...
საკალათბურთო ევროლიგის ჩემპიონისთვის განკუთვნილი ჯილდო სწორედ თასების კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს რომ აძლევენ, ამფორაა.
* * *
თუმცა დასახელებას რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანამედროვე ჯილდო ერთი დანიშნულებისაა - გამარჯვებულებმა სასმლით უნდა შეავსონ და მოიყუდონ (ვისაც როგორ შეუძლია, ისე დალიოს).
შესაძლოა, ბევრი არ დაფიქრებულა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ისეთ ჯილდოებს ჩუქნიან გამარჯვებულებს (უმეტეს შემთხვევაში), რომლებშიც სასმელი უნდა ჩავიდეს? პასუხი მარტივია და ათასწლეულებით უკან გადავყავართ, თუმცა თანამედროვე ავტორის სიტყვებს მოვიშველიებ.
"ბარსას" შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი გრემ ჰანტერი იხსენებს: ჩემპიონთა თასის (ამფორის) მოგების შემდეგ ბარსელონელებმა ჯილდო მოედნის ცენტრში დადეს და გარს ისე უვლიდნენ, თითქოს უძველესი რიტუალის მონაწილენი ყოფილიყვნენო.
აი, სწორედ რელიგიური რიტუალებისთვის გამოიყენებოდა ლამაზად მოხატული (თუ მოჭედილი) თასები. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთ დღესასწაულებზე სხვადასხვაგვარი შეჯიბრება ეწყობოდა და სარიტუალო სასმისს პირველად გამარჯვებულები სწევდნენ.
თუ თასებზე ლაპარაკობთ, უნდა ისიც ითქვას, რომ ქართველებს მსოფლიოს მნიშვნელობის თასი მოგვეპოვება - ძველი წელთაღრიცხვის XVIII-XVII საუკუნეების დროინდელი თრიალეთის თასი. მასზე ერთი მთავარი ფიგურის გარშემო 23 მომცრო ადამიანის ფიგურაა (ცხოველის ნიღბით) გამოსახული.
მსოფლიოს არაერთი მეცნიერი იმტვრევს თავს თასის განმარტებაზე, ჩვენ კი ჩვენებური ახსნა მოვუძებნოთ: გავიხსენოთ, რომ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე ამა თუ იმ გუნდის განაცხადში სწორედ 23-23 ფეხბურთელი და ერთი მთავარი ფიგურა - მწვრთნელია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"