ვინ დადგა პირველად ფეხი პლანეტის უმაღლეს მწვერვალზე?
"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ და სულ ბოლოს, როცა მწვერვალს მივაღწიეთ, ჰილარიმ პირველმა შედგა ფეხი. რამდენიმე წამში მეც მივყევი", - გაიხსენებს წლების შემდეგ პირველ ემოციებს ჟურნალისტების მითქმა-მოთქმისგან თავგაბეზრებული ნორგეი.
დედამიწის უმაღლეს მწვერვალს ტიბეტისა და აზიის ქვეყნების უმრავლესობა ჯომოლუნგმას ("სიცოცხლის ქალღმერთი", "ქვეყნის დედა"), ნეპალელები - საგარმატჰას ("ღმერთების დედა", "ცის
მწვერვალზე ჰილარიმ ყველაფერი ფოტოფირზე აღბეჭდა, ნორგეიმ თოვლში ჩარჭობილ წერაყინზე თანმიმდევრულად ააფრიალა გაერთიანებული ერების, დიდი ბრიტანეთის, ნეპალისა და ინდოეთის დროშები.
ჯომოლუნგმაზე ქართული დროშაც აფრიალდა, ოღონდ 1999 წლის 12 მაისს - ბენო ქაშაკაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ექსპედიციის წევრებმა - აფი გიგანმა, ბიძინა გუჯაბიძემ და ლევონ სარქისოვმა "ცის მბრძანებელი" სამხრეთიდან დალაშქრეს.
ევერესტზე პირველად ასვლიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 28 მაისს რედაქციაში გვეწვია სახელოვანი ალპინისტი ბენო ქაშაკაშვილი - კავკასიონზე, პამირზე, ტიან-შანსა და სხვა მასივებზე 150-მდე, მათ შორის, უმაღლესი კატეგორიის სირთულის 20 ასვლის მონაწილე, რამდენიმე შვიდათასიანი მწვერვალის დამლაშქრავი.
1999 წელს ევერესტს, მომდევნო წელს კი ლჰოცზეს (8516) დაადგა ფეხი.
ალპინიზმში პირველი კატეგორიის ინსტრუქტორი 1997-დან 2006 წლამდე საქართველოს მეკლდეურობისა და ალპინიზმის ასოციაციას ხელმძღვანელობდა.
- სტუდენტობისას კლდეზე ცოცვამ გამიტაცა, - გვითხრა სტუმარმა. - ლადო გურჩიანი მავარჯიშებდა. თუმცა მნიშვნელოვანი წარმატებები არ მქონია.
- რატომ მაინცდამაინც მთა?
- ყველა ახალგაზრდა თავგადასავლებზე ოცნებობს. საამისოდ მთაზე უკეთეს ადგილს, აბა, სად შეარჩევ. იქ სილამაზეცაა და თავისუფლებაც. თან ქართველებს მთების შესაყვარებლად გენეტიკური კოდიც გვიწყობს ხელს. მახსოვს, საბჭოთა ახალგაზრდულ ბანაკ "აილამაში" გავემგზავრე მეგობართან ერთად. ერთი თვე მთებში იმდენი რამ გადავიტანე, სულ დამავიწყდა რომანტიკა და შინ დაბრუნებულმა ვთქვი, მთებისკენ აღარ გავიხედავ-მეთქი. თურმე სად ხარ - თვესაც არ გაუვლია და ისევ კავკასიონისკენ გამიწია გულმა. პირველად სვანეთში "მაჩხაპარაზე" (4200) ავედი.
- შვიდათასიანი მწვერვალი როდის მოსინჯეთ?
- 1985 წელს პამირში, "კორჟენევსკაიას პიკი". 7134 მეტრის სიმაღლიდან რომ გადმოვხედე ქვეყანას, დაუჯერებელი მეგონა.
- შვიდათასიანებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი მწვერვალის დალაშქვრა იყო?
- ალბათ, "გამარჯვების პიკისა" (7439 მ.). 1961 წელს ამ მწვერვალზე ასვლისას სამი ქართველი დაიღუპა - ილიკო გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი. კუხიანიძე და მეძმარიაშვილი შედარებით მისადგომ ადგილას დაიღუპნენ და მათი ჩამოსვენება მოხერხდა. გაბლიანის ცხედარი კი 6900 მეტრზეა. მასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელიც ასვენია.
1997 წელს მერაბ ხაბაზმა, გიგი უგულავას ძმამ - ირაკლიმ, ლიოვა სარქისოვმა, ბიძინა გუჯაბიძემ და მე გაბლიანის საფლავი მოვინახულეთ და ამ ლაშქრობაზე დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალზე პრიზიც კი დაიმსახურა. პატივი მივაგეთ გაბლიანის ხსოვნას და მისი ცხედრის ჩამოსვენებაზეც კი ვიფიქრეთ, მაგრამ იმდენად სახიფათოა, რომ ვერ გავრისკეთ.
- თქვენმა ჯგუფმა 2001 წელს მიხეილ ხერგიანის მარშრუტით სუალტოც დალაშქრა...
- დიახ. დიდი ქართველი მეკლდეურის, მიხეილ ხერგიანის დაღუპვიდან 32 წლის შემდეგ სწორედ 4 ივნისს დავამთხვიეთ სუალტოზე ასვლა. აფი გიგანთან და გელა ოთარაშვილთან ერთად, მწვერვალზე სწორედ ხერგიანის მარშრუტით ავედით.
დიდი შიშიც ვნახეთ. იქ ასვლას ყველა ერიდება, რადგან კედელი იშლება და ქვის ცვენა სახიფათოა. მეტი სირთულის კედლებიც დაგვიძლევია, ალბათ, ხერგიანსაც, მაგრამ მისი დაღუპვა ბედისწერა იყო.
მწვერვალის ძირში ვახტანგ ონიანის შექმნილი "კლდის ვეფხვის" მემორიალი დგას. სუალტოზე რომ ავედით, მიშა ხერგიანის სულის მოსახსენიებლად თითო ყლუპიც შევსვით.
- ერთ ბრაზილიელ მეცნიერს ჩემი ნაცნობისთვის უთქვამს, ბედნიერები ხართ ქართველები, ამდენი ევერესტელი რომ გყავთ. ბრაზილია ამხელა ქვეყანაა და ჩვენგან ჯომოლუნგმაზე ერთ კაცსაც არ დაუდგამსო ფეხი...
- მთის სიყვარული ჩვენ, ქართველებს, როგორც გითხარით, გენში გვაქვს. ალბათ, შემთხვევითი არც ის იყო, რომ საბჭოთა ალპინიზმს ქართველებმა ჩაუყარეს საფუძველი: 1923 წელს პროფესორების - გიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით, აგვისტო-სექტემბერში ზედიზედ ორი ექსპედიცია მოეწყო მყინვარწვერზე. იმ მთამსვლელთა შორის ხუთი ქალი გახლდათ.
ორი წლის შემდეგ იმავე გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა პირველი საბჭოური ასვლა კავკასიონის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე.
60-80-იან წლებში ქართველ ალპინისტებს ყოფილ საბჭოეთში მოწინავე პოზიციები ეკავათ და არაერთი მწვერვალი დაულაშქრავთ. რაც შეეხება ევერესტის დაპყრობას, 1982 წელს იგი თბილისელ აკაკი ხერგიანს უცდია. ორჯერ ასულა 7900 მეტრზე, მაგრამ უამინდობის გამო გზის გაგრძელების უფლება არ მიუციათ.
სამაგიეროდ, ცხრა წლის შემდეგ - 1991 წლის 10 აგვისტოს ქართველთაგან ევერესტს პირველად დაადგა ფეხი რომა გიუტაშვილმა სანკტ-პეტერბურგის ექსპედიციის შემადგენლობაში.
1999 წლის 12 მაისს კი ოთხმა დავლაშქრეთ ევერესტი - მე, აფი გიგანმა, ბიძინა გუჯაბიძემ და ლიოვა სარქისოვმა. მწვერვალზე სამხრეთის კედლით ავედით. ყველა მთამსვლელისთვის ეს არის ბედნიერება, რადგან ჯომოლუნგმა ოლიმპია და სიმაღლეზე ამსვლელთათვის სხვა რეკორდი არ არსებობს.
- ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდათ?
- როცა ამ სიმაღლეზე ადიხარ ქარსა და ყინვაში, თან გზად უამრავი კოლეგის გვამს ხედავ, ცხადია, ფსიქოლოგიურად დათრგუნული ხარ, მაგრამ გაქვს მიზანი და მის მისაღწევად არაფერს იშურებ. 5300 მეტრზე, საბაზო ბანაკში ყოფნისას, იტალიელი და ესპანელი კოლეგები გავიცანით. ერთ-ერთმა ეჭვით შეხედა სარქისოვს და ასაკი იკითხა. რომ გაიგო, 60 წლის იყო, შენ აპირებ ჩვენი რომან ბლანკოს რეკორდის მოხსნასო? - ჰკითხა. მერე მე დამენაძლევა, თუ ეს კაცი ევერესტზე ავა და რეკორდს მოხსნის, მთელ ყუთ ვისკის ვკისრულობო.
ეს იყო პირველ მაისს. ხუთი დღის შემდეგ 6100 მეტრზე ხუმბუს ყინულვარდნილზე დავეცით კარავი, მერე - 6400 და 7600 მეტრზე. ჩვენდა საბედნიეროდ, კარგი ამინდი იყო და დიდი სირთულე არ შეგვხვედრია. საიერიშო კარავი 8000 მეტრზე დავდგით. ჩვენ გარდა, კიდევ სხვადასხვა ქვეყნის 12-იოდე ალპინისტი აპირებდა მწვერვალზე ასვლას. 12 მაისს, ღამის 3 საათზე გავედით ბანაკიდან. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. ვჩქარობდით, რომ რაც შეიძლება, მალე გაგვევლო 848 მეტრი, მაგრამ 2 საათის შემდეგ ისეთი ქარი ამოვარდა, რომ ხილვადობა ჭირდა.
8500 მეტრზე ქედის ძირას გავჩერდით და ყინულოვან თოვლში სანგრები ამოვთხარეთ, რომ ქარისგან სახე დაგვეცვა. ქარი არ ჩერდებოდა. სამი ამერიკელის გარდა, ყველა ექსპედიცია საბაზო ბანაკისკენ დაეშვა. ამ დროს აფის და ბიძინას ხმა მოგვესმა - თუ არ ვიმოძრავებთ, გავიყინებითო. მე და ლიოვაც მივყევით. მალე მზეც ამოვიდა და ქარიც მიწყნარდა. შუადღისთვის მწვერვალზე ვიყავით და ჩვენი სამფეროვანი დროშაც ავაფრიალეთ. ეს ქართული ალპინიზმის დიდი გამარჯვება იყო.
- ვისკი?
- საბაზო ბანაკში დავბრუნდით თუ არა, იტალიელები და ესპანელები ყიჟინით შეგვხვდნენ. ლიოვა სარქისოვმა რეკორდი ერთი დღით გააუმჯობესა - ევერესტზე 60 წლისა და 162 დღისა ავიდა. ესპანელებმა მართლაც იკისრეს ვისკი, თანაც რამდენიმე ყუთი მისაყოლებლებითურთ. მეორე დღეს გაბრუებული პირინეელი ლიოვაზე მეგობრებს ეუბნებოდა - ამ კაცმა გუშინ 7 ბოთლი (ლაპარაკია პატარა ბოთლებზე, ავტ.) ვისკი დალია, თანაც ჟანგბადის გამოუყენებლადო.
- ბატონო ბენო, 2000 წელს თქვენ ლჰოცზეც დალაშქრეთ...
- ევერესტიდან დაბრუნების შემდეგ ნეპალის პრემიერმა დაგვაჯილდოვა, მეფემ პატივით მიგვიღო, რუსეთის ელჩმა კი სუფრა გაგვიშალა. იქვე გამოითქვა მოსაზრება, ქართულ-რუსულ ექსპედიციას ლჰოცზეც (8516 მ) დაელაშქრა, რასაც დავეთანხმეთ.
2000 წლის მაისში მე, აფი, ბიძინა და გელა ოთარაშვილი რუსებთან - ვინოგრადსკისთან, პერშინთან, ფოიქტსა და სოკოლოვთან ერთად ლჰოცზეს გზას დავადექით. არც ისე იოლი გამოდგა ლაშქრობა. თუ ევერესტზე ასვლისას ორ კვირაში სამი ბანაკი მოვაწყვეთ, აქ უამინდობის გამო ერთი თვე ისე გავიდა, რომ მე-3 ბანაკამდე - 7500 მეტრამდე ვერ მივაღწიეთ.
7600 მეტრზე მთელ ჰიმალაიში მარტო ჩვენ რვანი დავრჩით, რადგან მწვერვალზე ასვლას ვერავინ ბედავდა. მეორე დღეს ახალ სიმაღლეზე რომ უნდა ავსულიყავით, ღამით ზვავი ჩამოწვა და რუსების კარავი მოიყოლა. აფის, ბიძინას და გელას რომ არ ევაჟკაცათ, ოთხივე დაიღუპებოდა - რამდენიმე წუთში სიკვდილს გამოსტაცეს რუსები ხელიდან. ისევ 3500 მეტრზე მდებარე ბანაკში დავბრუნდით.
მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ძალა მოვიკრიბე თუ არა, თორმეტი რვაათასიანი მწვერვალის დამლაშქრავ პოლონელ პიოტრ პუსტელნიკთან ერთად გავუდექი მწვერვალისკენ მიმავალ გზას. თან ერთი შერპაც გვახლდა. შვიდი დღე ვებრძოდით თოვლსა და ყინვას. მაინც მივაღწიეთ მიზანს.
- ახლა თუ ფიქრობთ მსგავსი მწვერვალების დაპყრობას?
- წლებს თავისი მიაქვს. შვიდ და რვაათასიანებზე ვერაფერს გეტყვით. აი, კავკასიონის მწვერვალებსა და სილამაზეს კი ნამდვილად ვერ შეველევი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"