29-30 მაისს სასტუმრო "თბილისი-მარიოტში", საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის კომისიის ფინანსური მხარდაჭერით, ორდღიანი სემინარი ჩატარდა თემაზე "სახელმწიფოს შიდა თანამშრომლობის ასპექტები ევროპის კონვენციის დებულებების ფარგლებში", რაც პირდაპირ კავშირშია "სპორტულ შეჯიბრებებზე და, განსაკუთრებით - საფეხბურთო მატჩებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის შესახებ ევროპის კონვენციასთან", რომლის ხელმომწერი საქართველოცაა.
სემინარს ბელგიის ეროვნული საფეხბურთო საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ბელგიის ფედერალური პოლიციის წარმომადგენელი იოჰან ქუატაერტი და მასობრივი სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოების კომისარი პოლიციის დეპარტამენტიდან, ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ინგრიდა
კონფერენციის მთავარი სასაუბრო საგანი საფეხბურთო შეხვედრები და უსაფრთხოება კი იყო, მაგრამ მან მთელი სპორტი და სხვა საპრობლემო თემები - სტადიონებზე რასიზმი, ჰომოფობია და სხვაც მოიცვა.
მსგავსი თემები ჩვენთვის იქნებ უცხოა, თუმცა უსაფრთხოება აქაც აქტუალურია. არადა, აღმკვეთ ღონისძიებებში გამოცდილება აშკარად გვაკლია, რაშიც თუნდაც ამ სემინარმაც დაგვარწმუნა - თურმე რამდენი რამე არ კეთდება ჩვენთან.
საბედნიეროდ, შეხვედრამ დიდი ინტერესიც გამოიწვია და დაახლოებით 30-მდე მსმენელი მუდმივად ესწრებოდა - ფედერაციების, სპორტის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო სპორტული ინსტიტუტების, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ქუატაერტმა ბოლოს ისიც აღნიშნა, სიაში ამდენი ხალხი რომ დავინახე, თავიდან შემეშინდა კიდეცო.
საქართველომ ლიტვას საზრუნავი გაუჩინა
სტუმრებმა ბელგიისა და ლიტვის მაგალითზე ისაუბრეს, როგორ იცავენ უსაფრთხოებას სპორტულ ღონისძიებებზე, რამდენად ეფექტურია ამ საქმეში მათი ქვეყნების კანონმდებლობა; გაგვიზიარეს წინასწარი პრევენციის ევროპული გამოცდილება.
ამ მხრივ, ძალიან საინტერესო იყო ლამანაუსკენეს საუბარი ლიტვაში 2011 წელს გამართულ "ევრობასკეტზე".
ლიტვამ თურმე დიდი ხნით ადრე დაიწყო იმ ტურნირისთვის მზადება და თავდაპირველად მკვეთრად გაიწერა ფუნქციები, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი წესრიგის დაცვაზე საკუთრივ დარბაზში, არენის გარეთ, ქალაქში თუ ყველა იმ წერტილში, რასაც შეხება ჰქონდა ჩემპიონატთან.
მისი უკეთ ორგანიზების მიზნით მთავრობის დონეზე შეიქმნა საგანგებო კომისია, ტურნირის მასპინძელ ყოველ ქალაქში კი ჩამოყალიბდა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც ასეთივე სტრუქტურა ცალკეულ დარბაზებშიც ჰქონდა.
ყველა არენაზე დაამონტაჟეს კამერები, რომლებსაც დარბაზის უსაფრთხოების სამსახურების გარდა, ცენტრალურ შტაბშიც აკვირდებოდნენ, რაც ექსტრემალურ ვითარებაში კოორდინირებას აიოლებდა - უპრობლემოდ ხდებოდა დამატებითი ძალების გადასროლა "ცხელ წერტილებში".
ამასთან, მონაწილე გუნდების საშიშ ქომაგებზე, იმ ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, იკრიბებოდა მონაცემები, პირველობის დღეებში კი აიკრძალა პოლიციელთა შვებულებაში გაშვება.
კაუნასში, რომლის ისტორიული დარბაზიც თურმე იუნესკოს დაცვის ქვეშაა, რაც გარკვეულ სირთულეებსაც ქმნის - რესტავრაცია-გადაკეთება ლამის გამორიცხულია, უსაფრთხოების დასაცავად 700-მდე ძალოვანი ყოფილა მობილიზებული - პოლიცია, უსაფრთხოებისა თუ სარეზერვო სამსახური...
ლამანაუსკენეს თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა წინასწარ განსაზღვრა მოსალოდნელი საფრთხეები: ქომაგთა დიდი ოდენობა, გაყალბებული ბილეთები, დანაშაულის ზრდა, მოსალოდნელი რასიზმი და ქსენოფობია. პარალელურად კი დაიწყო მათ მოგვარებაზე ზრუნვა.
საბოლოოდ ზემოაღნიშნული საფრთხეებიდან მხოლოდ პირველი გამართლდა, საქართველო კი სლოვენიასა და ლატვიასთან ერთად იმ ჯგუფში შეუყვანიათ, საიდანაც ყველაზე მეტ ქომაგს ელოდნენ.
საქართველოდან 1000 გულშემატკივარს ითვალისწინებდნენ, მაგრამ ამაზე მეტი ჩავიდა, თუმცა მათი ვარაუდი, ძირითადად, გამართლდა, ოღონდ იმ სამეულს მაკედონიაც დაემატა.
თურმე იქაურმა მთავრობამ 4 ჩარტერული რეისი დააფინანსა, რომლებსაც მასპინძელი პოლიცია საგანგებოდ დახვედრია და მჭიდრო კონტროლით ექსცესები თავიდან აუცილებია.
არადა, მაკედონიამ ლიტვას მოუგო. იოლად წარმოიდგენთ მაშინდელ "დუღილის ტემპერატურას", მაგრამ მასპინძელი სამართალდამცავები განსაკუთრებული მონდომებით მაინც საქართველო-რუსეთის შეხვედრისთვის მომზადებულან - ინტერპოლის ჯგუფიც კი მიუწვევიათ და ერთი ქომაგიც დაუკავებიათ. თუმცა იმ შეხვედრამ, საბედნიეროდ, ექსცესების გარეშე ჩაიარა.
ლამანაუსკენე ლიტვა-პოლონეთის საფეხბურთო მატჩსაც შეეხო და ფილმად წარმოგვიდგინა პრევენციის ღონისძიებები, როგორ დახვდნენ საზღვარზე ჩხუბით განთქმულ ქომაგებს და როგორ გააუვნებლეს, თუმცა მათ თურმე ამის შესახებ სხვებს დაუმესიჯეს და იმათაც შემოვლითი გზებით შეაღწიეს ლიტვაში.
საინტერესო მაგალითი დაასახელა ქუატაერტიმაც - ბელგიაში სათამაშოდ ჩასულ ხორვატ ფეხბურთელებს თავიანთი ქომაგები ჩაჰყოლიან, რომლებმაც მოთამაშეებს... გზის ფულის ანაზღაურება მოსთხოვეს.
მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად დადგა დღის წესრიგში გუნდების მაყურებელთაგან იზოლირება.
აღნიშნული შეხვედრა მომხსენებლის ანგარიშში კიდევ ერთხელ მოექცა, როცა სტადიონზე პიროტექნიკის გამოყენებაზე საუბრობდნენ - თურმე ბელგიელთა ერთ-ერთი შეტევისას ხორვატებმა მაშხალები ისროლეს, რის გამოც შეხვედრა შეწყდა და შეტევაც შეჩერდა.
მართალია, თამაში კი განახლდა, მაგრამ ის მომენტი ჩაიშალა, მაგრამ ვერ დავეთანხმებით ქუატაერტის, თითქოს ბელგიამ ის პაექრობა მხოლოდ ამიტომ ვერ მოიგო. ცხადია, დიდად არც ის ამბავი გაუხარდა, 29 მაისს ჩვენმა 19-წლამდელმა ფეხბურთელებმა ბელგიელებს მათსავე მოედანზე რომ მოუგეს.
დავეწიოთ ევროპას, ანუ საინფორმაციო ცენტრის საჭიროება
თანამედროვე ეპოქამ და ინტერნეტის განვითარებამ შესაძლებელი გახადა, წინასწარ შეგროვდეს ინფორმაციები ხულიგან ქომაგებზე, თორემ ადრე მსგავს კონტაქტებს ფაქსების გაგზავნით ამყარებდნენ, ახლანდელი კი ბევრად ეფექტურია.
ევროპის წამყვან ქვეყნებში შექმნილია ეროვნული საინფორმაციო ცენტრები, რომლებსაც ევროპის ანალოგიური სამსახური აერთიანებს.
იქ თავმოყრილია ცნობები ყველა კლუბსა თუ ნაკრებზე (ტოპ-კლასზეც და შედარებით სუსტებზეც), სადაც აღწერილია, ვის ჰყავს აგრესიული ქომაგი - ეგრეთ წოდებული ულტრასები. მათგან განსაკუთრებით ცნობილები კი გვარ-სახელითაა შეტანილი.
ნებისმიერი ოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრის წინ იქ თავსდება მიახლოებითი ინფორმაცია, ამა თუ იმ კლუბისა თუ ნაკრების გასვლით თამაშზე რამდენი ქომაგი აპირებს წასვლას და არიან თუ არა მათ შორის "ულტრასები".
თუმცა ამის დადგენა შესაძლებელი მაშინაა, როცა სტუმარი გუნდისთვის განკუთვნილი ბილეთები იყიდება, მაგრამ საქმე ბევრად ძნელია, როცა ქომაგები თავისით მიდიან გასვლით თამაშებზე. მსგავსი საინფორმაციო მოდელი მუშაობს შიდა ჩემპიონატებზეც, რაც, ბუნებრივია, დარღვევებს ბოლომდე ვერ გამორიცხავს, მაგრამ ამ საიტზე განთავსებული მონაცემთა ბაზით ევროპელ სამართალდამცავებს შორის ხულიგნებზე ინფორმაციის გაცვლა და თადარიგის დაჭერა მაინც შეიძლება.
ამასთან, იქ ყველა ქვეყნიდან იგზავნება თამაშის ოქმი, ოღონდ ეს ბაზა კოდირებულია, ანუ შესვლა ყველას არ შეუძლია.
თუმცა ამაზე მეტი პრობლემა სხვაა - ქუატაერტიმ აღნიშნა, რომ ზოგ ქვეყანაში ასეთი საინფორმაციო ცენტრი შექმნილი კია, მაგრამ არ მუშაობს. ასეთთა შორის კი საქართველოც დაასახელა. თან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ვითარება შეიცვლება.
ქუატაერტიმ წესრიგის დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ცალკეულ სექტორებში გადაცმული თანაშრომლების განთავსება მიიჩნია, თუმცა ყველა პრობლემას ვერც ეს აგვარებს.
როგორც სტუმარმა განაცხადა, რასისტულ-ჰომოფობიური შეძახილების, მეტოქეთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამ-სიმღერებისთვის მთელ სექტორს ვერ დასჯიან.
გადაცმულებს ინიციატორების გამოვლენა შეუძლიათ, თუმცა ფაქტობრივი მასალის გარეშე ძნელია, დაუმტკიცო, რომ მაინცდამაინც მან დაიწყო სიმღერა, მან წამოიძახა ის ფრაზა... საქმე საგნების სროლას თუ ეხება, მაშინ ყველაფერი ბევრად მარტივია.
უსაფრთხოება - კლუბების საზრუნავი
ეს ღონისძიებები განკუთვნილია კონკრეტულ თამაშზე, ევროპაში კი უფრო გლობალურად დაიწყეს უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
ქუატაერტის თქმით, ამაში დიდი როლი სტიუარტებს ეკუთვნით, იმის მიუხედავად, რომ მათ გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ და, სტუმრის თქმით, დაახლოებით ისეთივე როლს ასრულებენ, რასაც - სტიუარდები თვითმფრინავში.
გარდა იმისა, რომ მათ ევალებათ, ვთქვათ, ისეთი წვრილმანიც, როგორიცაა მაყურებელთა დაკვალიანება მათთვის განკუთვნილ ადგილებზე მისვლაში, თვალს ადევნებენ ტრიბუნებსაც; საჭიროების შემთხვევაში წესრიგის დამრღვევს მიუთითებენ კიდეც, ხოლო თუ ამან არ გაჭრა, პოლიციასაც გამოუძახებენ.
ოღონდ მეთოდებს ხულიგნებიც ხვეწენ - თურმე რამდენჯერმე სტიუარტების სამოსი შეიძინეს და ისე შეაღწიეს სტადიონზე.
სტიუარტების როლი განსაკუთრებით გასვლით თამაშებზე იზრდება - როგორც ქუატაერტიმ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ მასპინძელ მხარეს "ულტრასების" სიას აწვდიან, მათ შეუძლიათ, მშობლიურ ენაზე დაელაპარაკონ თავიანთ ხულიგნებს და დაამშვიდონ, როცა ადგილობრივი პოლიციის ჩარევამ, შეიძლება, კიდევ უფრო გააღიზიანოს ისინი.
ევროპაში კლუბები უკვე ფულს ხარჯავენ სტიუარტების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გადამზადებაზე - თურმე ბელგიაში პირველ-მეორე დივიზიონის კლუბებს საფეხბურთო კანონით ევალებათ, შტატში ჰყავდეთ უშიშროების სამსახურის ერთი წარმომადგენელი მაინც, რომელიც სტიუარტების უფროსიცაა.
სწორედ მასთან ინახება ხულიგანთა სიები. ბელგიაში ასევე კანონით ყოფილა აუცილებელი იმავე პირველ-მეორე დივიზიონებში კამერების გამოყენება.
როგორც სტუმარმა გვითხრა, ბელგიაში საფეხბურთო ხულიგნები ფეხბურთის შესახებ არსებული კანონით ისჯებიან, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ის უძლურია და ამ ფუნქციას ქვეყნის ძირითადი კანონი ასრულებს.
თურმე ნუ იტყვით და, იქ ასევე კანონითაა სავალდებულო "უსახლკაროთა თასის" გათამაშება ამავე კატეგორიის მოსახლეობისთვის, ინგლისში კი თემებს (ანუ ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებს) შორის საფეხბურთო თასიც ტარდება.
სემინარზე ადგილობრივი პრობლემატიკაც განიხილეს და არა მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით - ირაკლი დოლაბერიძემ ისაუბრა ბოლო წლებში არაპროფესიონალიზმით თუ დაუდევრობით გამოწვეულ პრობლემებზე და ქართული სპორტის განვითარების პოლიტიკაზეც, რამაც ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია.
თუმცა მისი, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელის გამოსვლაში ყველაზე საინტერესო იმის აღიარება იყო, რომ არ მიაჩნია გამართლებულად, სამინისტროებს პროფესიული კლუბები ჰყავდეთ.
მან არ დამალა იმ საკანონმდებლო ცვლილების საჭიროება, რომელიც სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და სამხედროებს სწავლაში, სპორტში ვარჯიშში თუ ჯარში სამსახურში ხელს არ შეუშლის და აუცილებლად მიიჩნია, რომ ფიზიკური აღზრდა საბავშვო ბაღიდან დაიწყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"