ტაიგერ ვუდსი ისევ ყველაზე მდიდარი სპორტსმენია

AutoSharing Option
გოლფის ამერიკელმა ვარსკვლავმა ტაიგერ ვუდსმა დაიბრუნა ჟურნალ "ფორბსის" ვერსიით მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სტატუსი.

ლეგენდარული სპორტსმენი, რომელმაც მანამდე დაკარგა ლიდერობა რეიტინგში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 78.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. "ფორბსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ 100 ყველაზე მდიდარ სპორტსმენთა სიაში, ვუდსმა 6.6 მილიონით გაუსწრო როჯერ ფედერერს. სამეულშია "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელი კობი ბრაიანტი, რომელიც 61.9 მილიონის მფლობელია.

ქალებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია მარია შარაპოვა, რომელიც 29 მილიონი დოლარით 22-ე ადგილს იკავებს საერთო სიაში. ასეულის ბოლო ადგილზეა მახაჭყალას "ანჟის" კამერუნელი ფეხბურთელი სამუელ ეტო’ო (16.4
მილნ).

1. ტაიგერ ვუდსი
ცნობილი ავარიის, სექსუალური სკანდალებისა და ცოლთან განშორების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ხუთი სასპონსორო კონტრაქტი დაკარგა. მაგრამ, 2012 წელს ყველაფერი დაიბრუნა – მოიგო ექვსი პრესტიჟული ტურნირი და გამოიმუშავა 78.1 მილიონი (13.1 - ჰონორარი, 65 – სპონსორული თანხები), თან მოინადირა სამთო სოთხილამურის ლინდსი ვონის გული.

2. როჯერ ფედერერი
როლან გაროსის მეოთხედფინალიდან ნაადრევი გამოვარდნის მიუხედაად, შვეიცარიელი თანამედროვეობის ყველაზე მდიდარი ჩოგბურთელია. გასულ წელს, მან გამოიმუშავა 71.5 მილიონი (6.5 - ჰონორარი და 65 – სპონსორები). მსხვილი კომპანიები (Nike, Rolex, Wilson, Credit Suisse. Moet & Chandon) სიამოვნებით თანამშრომლობენ ფედერერთან.

3. კობი ბრაიანტი
NBA-ში ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე კალათბურთელმა 61.9 მილიონი მიიღო, აქედან ხელფასია 27.9 მილიონი და 37.4 - სპონსორული შემოსავალი.

4. ლებრონ ჯეიმსი
გასულ წელს, "მაიამის" ფორვარდმა პირველად მოიგო NBA-ის საჩემპიონო ტიტული და ლონდონის ოლიმპიადა, აგრეთვე წელს კარიერაში მეოთხედ მიიღო სეზონის MVP-ის პრიზი. მისი შემოსავალი "ფორბსმა" 59.8 მილიონად (17.8 ხელფასი, 42 – სპონსორები) შეაფასა. ლებრონის სპონსორები არიან Nike, McDonald’s, Coca-Cola და Samsung.

5. დრიუ ბრიზი
"ნიუ ორლეანის" კვოტერბეკმა ხუთწლიანი და 100-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და ამერიკულ ფეხბურთელებს შორის აარონ როჯერსსაც აჯობა - 51 მილიონი (40 ხელფასი და 11 - სპონსორები).

6. აარონ როჯერსი
"გრინ ბეის" კვოტერბეკმა აპრილში ხუთწლიანი გიჟური კონტრაქტი გააფორმა და ამერიკული ფეხბურთის ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. "ფორბისის" ვერსიით, მისი შემოსავალი იყო 49 მილიონი (43 ხელფასი და 6 – სპონსორები).

7. ფილ მიკელსონი
ვუდსის შემდეგ მეორე უდიადესი გოლფისტი გასულ წელს დიდების დარბაზში შეიყვანეს. მისმა წლიურმა შემოსავალმა 48.7 მილიონი შეადგინა (4.7 ჰონორარი და 44 – სპონსორების თანხები).

8. დევიდ ბექჰემი
ყველაზე ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა კარიერა მაისში დაასრულა. მანამდე კი ერთ სეზონში 47.2 მილიონი დოლარი მიიღო (5.2 "პარი სენ-ჟერმენში და 42.2 სპონსორებისგან). მთელი ფრანგული ჰონორარი გულუხვმა ბექჰემმა ქველმოქმედებაზე დახარჯა.

9. კრიშტიანო რონალდო

პორტუგალიელი, რომელიც "რეალისგან" უფრო მაღალ ხელფასს იღებს, გასულ წელს 44 მილიონი დოლარი მიიღო (23 – ხელფასი და 21 – სასპონსორო კონტრაქტები).

10. ლიონელ მესი
სარეკორდო მეოთხე "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ, არგენტინელი ყველაზე მაღლა დადგა ფეხბურთელებს შორის, მაგრამ ჯერჯერობთ ყველაზე მდიდარი არ არის. მისმა შემოსავალმა გასულ წელს 41.3 მილიონი შეადგინა (20.3 – ხელფასი და 21 მილიონი სპონსორებში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული