TimeLine: მხოლოდ მოგება

AutoSharing Option
"ტაიმლაინის" წერისას განლილი შვიდდღეულის ამბებს ვიხსენებ, ზოგჯერ ერთ მნიშვნელოვანს ვარჩევ, ზოგჯერ რამდენიმე თემას ერთდროულად ვეჭიდები... ამჯერად ერთ თემას განვავრცობ.

რა იყო ბოლო დღეების მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა? - საფეხბურთო ნაკრების ევროპული ვოიაჟი.

თუმცა ირლანდიასა და დანიასთან მატჩების შესახებ რუბრიკა "ტაიმლაინში" რომ დავწერო, შესაძლოა, ვინმეს ირონიად მოეჩვენოს. ამიტომ საფეხბურთო ნაკრების შეხვედრებისა და სტრატეგიის განხილვა სპეციალისტებს მივანდოთ.

კვირას, როცა საქართველოს ნაკრები ირლანდიას ეთამაშებოდა, კიევში კალათბურთელი გიორგი ცინცაძე გადამწყვეტ ფინალს ატარებდა. მისმა გუნდმა გაიმარჯვა და უკრაინის ჩემპიონი გახდა. ზეიმის ამსახველი ფოტოები ყოველთვის საინტერესოა, მით
უმეტეს, როცა შენიანის სურათებსაც აწყდები, თუმცა ყურადღება "ბუდიველნიკის" მოცეკვავე გოგონათა გამოსახულებამ მიიპყრო.

ლამაზმანებს ხელში კვადრატული ფურცლები ეჭირათ, ზედ კი ლათინური ასოებით ეწერა: Only Victory და მხოლოდ მოგება. ეს ლოზუნგი "ბუდიველნიკის" გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძისთვის იყო განკუთვნილი.

საინტერესოა, როგორ მიიღო მოცეკვავე გოგონების წერილობითი მიმართვა გიორგიმ...

- უკრაინის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეშვიდე მატჩში ოქროს მედლის ფლობელის ბედი წყდებოდა. ყველა ცდილობდა ჩვენს გამხნევებას. საინტერესო იყო ქართული წარწერის ხილვაც, რაც კიდევ ერთი დადებითი მუხტი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, მატჩის მსვლელობისას გამოსაჩენ ადგილას საქართველოს დროშა ფრიალებდა. მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი შეხვედრისას მოცეკვავე გოგონებმა ქართული ცეკვა შეასრულეს.

მართალია, ქართველებს ვერ სჯობნიდნენ, მაგრამ მაინც კარგად იცეკვეს.


* * *
სხვათა შორის, ეს საკალათბურთო მატჩისას ქართული ცეკვის შესრულების პირველი მცდელობა არ იყო. 2011 წელს, ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ერთმა მოცეკვავე ვაჟმა ფაფახი ჩამოიმხო, გოგონებმა მოკლე, მაგრამ ქართულ სამოსთან მიმსგავსებული ტანსაცმელი მოირგეს, საქართველოს ნაკრების მატჩების შესვენებებისას შეასრულეს და ტრიბუნების აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

Sportall.Ge

ლიტვაში პირველად ეს ცეკვა ჩვენი გუნდის მეოთხე მატჩისას შესრულდა.

როგორც ჩანს, კლაიპედაში ჩასული სუხიშვილების ანსამბლის კონცერტებმა (ყოველ საღამოს დიდ სცენაზე გამოდიოდნენ) ლიტველებზე დიდი გავლენა მოახდინა, საკალათბურთო დარბაზში მოცეკვავეებმაც მოინდომეს და მთიულურის ასათვისებლად 3-4 დღე დასჭირდათ.

* * *
ამერიკაში მოცეკვავე გოგონები დიდი პოპულარულობით სარგებლობენ. ზოგს საკუთარი ბლოგიც აქვს.

ყველაზე სახელმოხვეჭილია "ოკლაჰომას" "ჩირლიდერ" კელსი უილიამსის ბლოგი, რომელშიც იგი მოედანზე მომხდარ მოვლენებს ემოციურად, დეტალურად გადმოსცემს.

Sportall.Ge

ბლოგზე რა უნდა მოგახსენოთ, როცა მოცეკვავე გოგონები საქართველოში დიდი ხანია არ გვინახავს. არადა, 2008-09 წლების სეზონში სუპერლიგის ცენტრალური მატჩებისას "ვერნისაჟის" გოგონები იმდენად შემოქმედებითად ეკიდებოდნენ საქმეს, რომ ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნების მოცეკვავეებს არ ჩამოუვარდებოდნენ.

Sportall.Ge

იმედი დავიტოვოთ, რომ გაისად მაინც დაუბრუნდებიან სუპერლიგას ისინი. როგორც ერთ-ერთმა კამერუნელმა კალათბურთელმა მითხრა, მოცეკვავე გოგონების გარეშე მატჩები არც კამერუნში იმართება.

* * *
კალათბურთელებისთვის არაერთხელ უკითხავთ: თამაშებისას რომ ლამაზი გოგონები გამოდიან, მათ თუ იცნობთო?

ნამდვილად არ მაქვს ყველა საკალათბურთო ქვეყნის მაგალითი, მაგრამ NBA-ში კალათბურთელებსა და მოცეკვავეებს შორის ურთიერთობაზე ზოგადი წარმოდგენა ზაზა ფაჩულიასა და ვლადიმერ სტეფანიას მონათხრობიდან შემექმნა.

თურმე, "ჩირლიდერებს" NBA-ის მოთამაშეებთან ურთიერთობა ეკრძალებათ. ზაზა ფაჩულიამ გაიხსენა შემთხვევა, როცა ერთ-ერთი მოცეკვავე კალათბურთელთან სტუმრობისას დაინახეს და სამსახურიდან დაითხოვეს.

"ჩირლიდერებისა" არა, მაგრამ გულშემატკივრების გაცნობას კალათბურთელებს არავინ უშლის. ორიგინალური ხერხისთვის მიუგნიათ NBA-ის ვარსკვლავებს. თუ მათ ტრიბუნაზე ვინმე მოეწონებათ, პირსახოცის მატარებელ ბიჭებს გოგონასთან ტელეფონის ნომერს გაატანენ და მეორე დღეს დარეკვას ელიან...

- ასეთი ხერხისთვის არ მიმიმართავს, გულშემატკივრები უფრო ვარსკვლავებს ურეკავენ, - გიხსენა ვლადიმერ სტეფანიამ. - "მაიამიში" რომ ვთამაშობდი, "დალასთან" შეხვედრისას ჩემი თანაგუნდელი შარში გაეხვია. მან ტელეფონის ნომერი გაუგზავნა პირველსავე რიგში მჯდომ ქერა ქალბატონს, რომელიც დალასელთა ერთ-ერთი ხელმძღვანელის ცოლი აღმოჩნდა. ეს ამბავი გასკდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული