TimeLine: პაიჭაძიდან არველაძემდე - იყო დრო, ხუთი თავდამსხმელით ვუტევდით

AutoSharing Option
საგაზეთო ინტერვიუში ლევან ყენიამ საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გააკრიტიკა: როგორ შეიძლებოდა ორი ამხანაგური მატჩისთვის ერთი თავდამსხმელით წასვლაო (იხილეთ ვრცლად).

აქ არც ყენიას მხარის დაცვას ვაპირებ და არც - ქეცბაიასი.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის (რომელსაც საგოლე ალღოც არ დაეწუნება) სიტყვებმა ერთ საჭირბოროტო თემაზე დამაფიქრა - თავდამსხმელებზე, ხალხზე, რომელსაც საინტერესო და ყველა ფეხბურთელისთვის საყვარელი საქმე აქვს - "მტერზე" თავდასხმა.

დამეთანხმებით, ალბათ, ფეხბურთელთა უმეტესობა სპორტულ სექციაში გოლის გატანის სიყვარულმა შეიყვანა. მოგვიანებით კი მწვრთნელებმა ისინი სხვადასხვა პოზიციაზე გადაანაწილეს.

ჰოდა, რა გასაკვირია, ქართველები საფეხბურთო
ისტორიის გარიჟრაჟიდან უახლეს ისტორიამდე თავდამსხმელებით რომ გამოვირჩეოდით: ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, რამაზ შენგელია, თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე...

აი, რა მითხრა 2006 წელს სოფიაში, "ლევსკი"-"სიონის" მატჩის წინ ტროლეიბუსში მგზავრობისას ბულგარელმა ჟურნალისტმა ტოდორ იანკიევმა:

"80-იანი წლების თბილისის "დინამოც" მახსოვს და სსრ კავშირის ნაკრების თამაშებიც. ქართველებს მაშინ მსოფლიოს მასშტაბის თავდამსხმელი გყავდათ: რამაზ შენგელია ბურთს საჯარიმოში რომ მიიღებდა, გოლი გარდაუვალი იყო".

Sportall.Ge
რამაზ შენგელია

ასეთი მასშტაბის ფორვარდი, შესაძლოა, მხოლოდ ათწლეულში ერთხელ გამოჩნდეს. თაობათა შორის არსებობს აღმავლობები და დაღმავლობები და არსებული რესურსი რის საშუალებასაც გვაძლევს, ის უნდა გამოვიყენოთ.

დავსვათ კითხვა: გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ, ბურთი "დაიჭირონ" და მოედნის ცენტრი აკონტროლონ?

1995 წელს გერმანიის ძლიერ ნაკრებთან (1996 წელს ევროპის ჩემპიონი რომ გახდა) იყო ეპიზოდები, მოედნის ცენტრში ბურთს ისე ვაკონტროლებდით, ბრაზილიის ნაკრები გაგახსენდებოდათ. ბოლო დროს კი ყველაზე მეტი პრობლემა მოედნის ცენტრში გვაქვს, მეორეხარისხოვან როლს ისეთ გუნდებთანაც კი ვკმაყოფილდებით, როგორებიცაა ბელორუსი...

ფეოლა კი მოგვიწოდებს: არ დაივიწყოთ თქვენი სტილი! ქართველი ფეხბურთელები ხომ საბჭოეთშიც თავდასხმის ორიგინალურობითა და შემოქმედებითი სტილით გამოირჩეოდნენ. ერთი თავდამსხმელით თამაში ვერც წარმოედგინათ:

Sportall.Ge
მიხეილ მესხი (მარჯვნივ)

"დინამოელ თავდამსხმელთა შესანიშნავმა ხუთეულმა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველად წარმოგვიდგინა მაღალტემპიანი კომბინაციები ადგილების ხშირი მონაცვლეობით", - ფსევდონიმით წერს ვინმე იურ. ვან.

პუბლიკაციის გაცნობისას ბევრ ისეთ საკითხს აღმოვაჩენთ, დღევანდელობას მისაბაძად რომ გამოადგება:

...თამაშებზე ათიათასობით ქომაგი დადისო.
...რეგიონებში ფეხბურთი ყვავის და თბილისის "დინამოც" ძლიერ შევსებას სხვადასხვა კუთხიდან იღებსო.
...მოსკოველები ყოველი მატჩის წინ ელიან სიურპრიზებს ქართველთა თავდასხმისგანო.

მაშ ასე, გავეცნოთ გაზეთ "წითელი სპორტის" 1944 წელს გამოსული ნომრის ჩვენთვის საინტერესო პუბლიკაციას, სახელწოდებით "თერთმეტი თბილისიდან". ეს გახლავთ საინტერესო წინათქმა მოსკოვისა და თბილისის "დინამოებს" შორის დაპირისპირებისა.

"არსებობს დაუვიწყარი მატჩები, რომელთა შესახებ რამდენიმე წლის განმავლობაში მღელვარებით ლაპარაკობენ. ასეთ შეხვედრათა შორის იყო 1936 წელს მოსკოვის "სპარტაკისა" და მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა თბილისის "დინამოს" პაექრობა: სსრ კავშირის თასის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა. მოიგეს თბილისელებმა (6:3) და თამაშის დასრულებისთანავე მიიღეს ოსტატის "პასპორტი".

მას მერე "დინამო" მაღალი სამარკო ნიშნის გუნდებს შორისაა და გასაკვირი არ არის, რომ თბილისელები ყოველ შეჯიბრებაში საპატიო პოზიციებს იკავებენ.

ქართველ ხალხს სპორტი უყვარს. მაღალი დონის მოკრივეებს, ტანმოვარჯიშეებს, მოჭიდავეებს, კალათბურთელებს, ჩოგბურთელებს შორის ყოველთვის ვხვდებით წარმომადგენლებს მზიანი რესპუბლიკიდან.

მაგრამ ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვართ. ეს არის თამაში, რომელიც სისწრაფეს, გულადობას, მოხერხებას მოითხოვს და სწორედ ფეხბურთის საყურებლად იკრიბება სტადიონებზე ათიათასობით მხურვალე ქომაგი. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქართველები სსრ კავშირის ახალგაზრდულ ჩემპიონატებშიც მაღალ შედეგებს აღწევენ. ძველ ქუთაისში, ზღვისპირა მშვენიერ ქალაქებში, სოხუმში, ბათუმსა და ფოთში არაერთი ძლიერი გუნდი თამაშობს.

საფეხბურთო ცენტრი მაინც დედაქალაქი თბილისია, სადაც საუკეთესო მოთამაშეები იყრიან თავს. მაგალითად, სვანეთმა "დინამოში" სწრაფი თენგიზ გავაშელი გაგზავნა, ფოთმა - ვირტუოზი ბორის პაიჭაძე (საქართველოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი), ქუთაისმა - ლომივით მებრძოლი, დაუღალავი გრიგოლ გაგუა. მოკლედ, "დინამოში" უმაღლესი დონის ოსტატები თამაშობენ.

უნდა აღინიშნოს ტყებუჩავას თამაში კარში; კიკნაძის, ბერძენიშვილისა და ფროლოვისა - დაცვაში; ჯეჯელავასი, ბერეჟნოის, ჭელიძის, პანიუკოვის, ხარბედიასი და სხვებისა - თავდასხმაში.

ასეთი შემადგენლობა ყველა რგოლში თანაბრად წარმატებულად თამაშის საშუალებას იძლევა.

როცა თბილისში მოსაღამოვდება, "დინამოს" მოთამაშეები ტრიბუნებზე შეიკრიბებიან, იხსენებენ განვლილ შეხვედრებსა და საუბრობენ მომავალ თამაშებზე. გუნდის მამად წოდებულ შავგულიძეს, იუმორისტ ჯეჯელავას, ხალისიან გავაშელს წარმატების შესახებ ბევრი საინტერესო ამბის მოთხრობა შეუძლიათ.

მალე მოსკოველები თბილისელ სტუმ
რებს მიიღებენ. კიდევ ერთხელ მოგვეცემა ქართველ თავდამსხმელთა შესანიშნავი ხუთეულის ხილვის საშუალება. ჩვენს ფეხბურთში პირველად სწორედ მათ გვიჩვენეს მაღალტემპიანი კომბინაციები მოთამაშეთა ადგილების მონაცვლეობით.

1939 წელს პაიჭაძემ და ჯეჯელავამ ასეთი სიახლით პანიკა გამოიწვიეს საბჭოეთის საუკეთესო გუნდების დაცვაში. შესაძლოა, ამჯერად თბილისელებს ახალი რამ აქვთ მოფიქრებული და მოსკოვის "დინამოსთან" თამაშის დაწყებას ელიან.

ასეა თუ ისე, მოსკოველებს მოუწევთ დაპირისპირება გუნდთან, რომელსაც ახასიათებს მაღალ ტემპში თამაში, დარტყმის სიზუსტე, დაცვითი ხაზის მონოლითურობა და ისეთი შტურმი, როგორითაც თბილისელ ფორვარდებს არაერთხელ გაუოცებიათ მეტოქეები და მაყურებლები.

იურ. ვან."


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
1.დღეს ვიმკით გასული საუკუნის 90-იან წლებში დაშვებულ შეცდომებს.მაშინ მივიდნენ ეს ბიჭები საფეხბურთო წრეებზე და მაშინ დააკლდათ "ის",რასაც ეხლა ვეღარ შეიძენენ.ეს მაშინდელი მთავრობის და ფეხბურთის ფედერაციის ბრალია,რომელნიც საბავშვო ფეხბურთში მინიმალურ თანხებს დებდნენ.აწი ამ ეპოქას აღარაფერი ეშველებათ.ისევ ნულიდან და ისევ საბავშვო ფეხბურთიდან უნდა დავიწყოდ მომავლისთვის ზრუნვა.
2.ვეთანხმები ავტორს.ჩვენ სისხლში გვაქვს შეტევა.ქართული ფეხბურთი ყოველთვის ინდივიდუალური ტექნიკის ხარჯზე აღწევდა შედეგებს და თუკი მაინც ვაგებთ და მაინც,ისევ ჯობია დავუბრუნოთ ქართულ ფეხბურთს ტრადიციული სახე და ნაკრებ გუნდს ისევ ტექნიკური და შემტევი ფეხბურთი ვათამაშოთ...
Zaza
04:33 19-06-2013
0
30 მაურინიო,მენოტი და ფერგიუსონი რომ მოიყვანო მაინც *** ყოველთვის.რატომ? იმიტომ რომ არა არის ფეხბურთელები.მაგრებიო,ყენიაო,ოქრიაშვილიო... კარგით რა ხალხო.ჯერ თავიანთ გუნდების ძირითადებში მოხვდნენ და მერე ილაპარაკეთ.რომელი ქაჩავს? კარპატიდანაც აბუნძულებენ,ბოხუმს თურმე ყარაბაღი ჯობია,კი აბა რა 2წელი რომ ხარ გერმანიაში და უარესი *** რომ გახდი და კიდევ უამრავი მაგალითი.ტეხნიკა დაკარგა ქართულმა ფეხბურთმა ტეხნიკა და კლასი...
MARADONA
13:30 17-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული