"ქართული სპორტის ოქროს წიგნის" პრეზენტაცია გაიმართა

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, საქართველოს საპატრიარქოსა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის თანამშრომლობით ხორციელდება პროექტი - "საქართველო - ჩვენი ფასეულობები".

მრავალტომეულის გამოცემა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილეს ეძღვნება.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ორი წიგნი - "საქართველოს ბუნება" და "ქართული სპორტის ოქროს წიგნი".

15 ივნისს ამ გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

"ქართული სპორტის ოქროს წიგნი" პრეზენტაციაზე წარადგინა კრებულის შემდგენელმა და რედაქტორმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ცნობილმა
სპორტულმა ჟურნალისტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

წიგნში უხვადაა წარმოდგენილი ტექსტობრივი და ფოტომასალები როგორც სპორტის ოლიმპიური, ისე არაოლიმპიური სახეობების შესახებ.

მკითხველი გაეცნობა საქართველოს სახელოვანი სპორტსმენების მიღწევებს ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატებში, სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ცნობილი სპორტსმენები, მეცნიერები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თენგიზ გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული