ქართველი მთამსვლელები საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს დახმარებით დაბრუნდებიან

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანსა და პაკისტანში ექსპედიციაში მყოფ ქართველ მთამსვლელებს ბიძინა გუჯაბიძესა და აფი გიგანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მინისტრი ქართველი მთამსვლელების მდგომარეობით დაინტერესდა და ბიძინა გუჯაბიძეს თბილისიდან ტელეფონით ესაუბრა.

პაკისტანელი ტერორისტების შეტევას უვნებლად გადარჩენილი ქართველი მთამსვლელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან საუბრის დროს პაკისტანის სამხედრო ბაზიდან დედაქალაქ ისლამაბადში მიემგზავრებოდნენ, საიდანაც აზერბაიჯანის საელჩოს დახმარებით მათი საქართველოში დაბრუნება იგეგმება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს პაკისტანში მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილ უცხოელ მთამსვლელთა ოჯახებს.

შეგახსენებთ,
რომ პაკისტანში, პაკისტანელი თალიბების შეიარაღებულმა თავდამსხმელთა ჯგუფმა ექსპედიციაში მყოფი უცხოელი მთამსვლელები ნანგა-პარბატის საბაზო ბანაკში ჩაცხრილა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მთამსვლელმა გაქცევა მოახერხა და პოლიციას მომხდარის შესახებ შეატყობინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 3 უკრაინის მოქალაქეა, 3 - ჩინეთის, 2 - სლოვაკეთის, 1 - ლიტვის, 1 - ამერიკის, ხოლო 1 ადგილობრივი გიდი იყო.

საბაზო ბანაკში, რომელსაც თავს დაესხნენ, რამდენიმე კვირის წინათ ალპინისტთა ის ჯგუფი დაბანაკდა, რომელშიც ქართველი მთამსვლელები - ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანიც შედიოდნენ.

საბედნიეროდ, ქართველი მთამსვლელები, რომლებიც თავდასხმის მომენტში 6100 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, შემთხვევას გადაურჩნენ. თავდამსხმელებმა ხსენებულ წერტილამდე ასვლა ვერ მოახერხეს.

ამ ეტაპისათვის, პაკისტანის აღნიშნულ რეგიონში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული და ტერიტორიებზე პოლიცია და სამხედრო ქვედანაყოფები პატრულირებენ. სამართალდამცავების მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 37 ადამიანია დაკავებული.

ქვეყანაში ყველა ექსპედიცია შეწყვეტილია და მთამსვლელები საკუთარ ქვეყნებში უახლოეს ხანში დაბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველი ალპინისტები შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული