სპორტული ჟურნალისტების საფეხბურთო ტურნირი "ჯვაროსნებმა" მოიგეს

AutoSharing Option
2 ივლისს "ავაზაზე" "Geosports.ge-ს თასის" ნახევარფინალები და ფინალი გაიმართა.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს "აფხაზეთის ხმა" და "ქომაგები" დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდს საკმაოდ ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა შეხვედრაში გადამწყვეტი როლი "აფხაზეთის ხმის" თავდამსხმელმა ერეკლე კაჭახიძემ ითამაშა, რომელმაც მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და საკუთარი გუნდი ფინალში გაიყვანა.

კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა "ჯვაროსნებისა" და Allsport.ge-ს შეხვედრა. ძირითადი დროის ფრედ, 1:1 (გოლები: გვასალია - კიკნაძე) დასრულების შემდეგ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც "ჯვაროსნები" უკეთ გაისარჯნენ (4:2) და ფინალში გავიდნენ.

ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ ფინალი დაიწყო. ანგარიში კაციტაძემ
გახსნა. გოგილიძემ "ჯვაროსნების" უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს გულბანმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა "აფხაზეთის ხმამ" მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო.  საბოლოოდ "ჯვაროსნებმა" ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს.

"Geosports.ge-ს თასის" საუკეთესო ფეხბურთელი ნუგო გვასალია ("ჯვაროსნები") გახდა. საუკეთესო ბომბარდირად "აფხაზეთის ხმის" წარმომადგენელი ერეკლე კაჭახიძე (17 გოლი) დასახელდა. საუკეთესო მეკარედ "ჯვაროსანი" ედი მამფორია აღიარეს.

საფეხბურთო ტურნირი მედიისა და გულშემატკივართა წარმომადგენლებს შორის 29 ივნისიდან 2 ივლისამდე სოფელ დიღომში მდებარე "ვისოლის" სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობდა, ფინალური ეტაპი კი "ავაზაზე" გაიმართა.

ტურნირში მონაწილე გუნდებთა შორის იყვნენ: Geosports.ge-ს, "მსოფლიო სპორტის", Sportall.ge-ს, Allsport.ge-ს, Psoni.ge-ს, "დინამოს" მედიაჯგუფის, "ჯვაროსნების", "ქომაგების", "პრაიმერისა" და "აფხაზეთის ხმის" გუნდები.

"ტურნირის ჩატარების მიზანია, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესს, ასევე სპორტული ჟურნალისტების საქმიანობას. ამას გარდა, ტურნირი შესანიშნავი საშუალებაა მათი დამეგობრებისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისათვის.

მადლობას ვუხდით ყველა იმ კომპანიას, რომელიც ტურნირის ორგანიზებაში დაგვეხმარა",
- აცხადებს საფეხბურთო ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი მირანდა სურმანიძე.

"ჩვენთვის უაღრესად სასიამოვნოა, ჟურნალისტებთან ერთად აღვ
ნიშნოთ სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე და ვიყოთ სპორტული ჟურნალისტების ტურნირის მასპინძლები.

ქართული სპორტის მხარდაჭერა "ვისოლის" სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. "ვისოლმა" როგორც თბილისში, ისე რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ამას გარდა, გვეამაყება, რომ "ვისოლის" სპორტული კომპლექსები ყოველთვიურად 3000-მდე ბავშვის ჯანმრთელ მომავალზე ზრუნავს",
- აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული