ქართული სპორტის ისტორიაში განუზომლად დიდია იქაურობის მნიშვნელობა - ძნელია, ერთ საგაზეთო სტატიაში აღნუსხო და ჩამოთვალო ამ კედლებში აღზრდილი ყველა ტიტულოვანი თუ რიგითი სპორტსმენი.
ადრე, როცა ქვეყანაში სპორტსაც ულხინდა, იქაც ჩქეფდა სპორტული ცხოვრება, იქაურობა ერთგვარი ცენტრი იყო, სადაც თავს იყრიდნენ დიდი სპორტის კართან მიმდგარი რაიონებიდან ჩამოყვანილი თუ დედაქალაქში მცხოვრები ნიჭიერი ათლეტები.
სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ძნელბედობამ იქაურობასაც დაასვა დაღი - ის
1958 წელს აშენებული ამ სპორტული ბაზის რეაბილიტაციაზე ბოლო წლებში სულ მიდიოდა ლაპარაკი, სახელიც ხშირად ეცვლებოდა - გლდანის სპორტსკოლა ხან ოლიმპიური მზადების ცენტრმა შეცვლა და ხან - რამ, პერიოდულად სარემონტო სამუშაოებიც ტარდებოდა, მაგრამ, მთლიანობაში იქაურობა მაინც ვერ იბრუნებდა ძველ იერს.
ვერ დავიჩემებთ, რომ ახლა ნამდვილად დაიბრუნებს, მაგრამ ფაქტია, სახელის შეცვლის გარდა, ამჯერად იქ სოლიდური სამუშაოებიც ჩატარდა - გარემონტდა ძიუდოს, ჭიდაობის, ძალოსნობის დარბაზი, საცხოვრებელი კორპუსი და კვების ბლოკი, მოწესრიგდა კომპლექსის ეზო, გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, საუნა, მწვრთნელთა და ექიმთა ოთახები, დამონტაჟდა გათბობა და შეიძინეს ინვენტარი. რეაბილიტაციის პროცესშია 3 საფეხბურთო მოედანი - 1 ბუნებრივი და 2 - ხელოვნურსაფრიანი, რომელთა შეკეთებაც საფეხბურთო სკოლა "საბურთალომ" იკისრა.
აი, სწორედ ამ სამუშაოების პრეზენტაციას ისახავდა მიზნად გუშინდელი ღონისძიებაც, რომელსაც ამ ცენტრში აღზრდილი არაერთი სახელოვანი სპორტსმენი ესწრებოდა - ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვახტანგ ბლაგიძე, მსოფლიოს ჩემპიონები ამავე სტილით ჭიდაობაში - მიხეილ სალაძე და დავით ბედინაძე, ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობაში მაია აზარაშვილი, ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში დავით მარსაგიშვილი, ფეხბურთელი გრიგოლ ცაავა...
მათთან ერთად ბლომად იყვნენ ჩვენი ქვეყნის სახელოვანი ათლეტები, რომლებსაც იქნებ იქ არ უსწავლიათ, მაგრამ მაინც მივიდნენ ქართული სპორტის ამ ერთ-ერთი გამორჩეული კერის დასალოცად - ფეხბურთელები, მოჭიდავეები, ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები და სხვები...
პრეზენტაციას საპატიო სტუმრებიც ბლომად ჰყავდა - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან მინისტრი ლევან ყიფიანი, მისი მოადგილე თამაზ თევზაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან
- გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი; ფედერაციების პრეზიდენტები, ნაკრებების მწვრთნელები, გორიდან საგანგებოდ ჩამობრძანდა ჩვენში ძიუდოს ერთ-ერთი მესაძირკვლე გურამ პაპიტაშვილი...
მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ახალგარემონტებული დარბაზები თუ დამხმარე ოთახები, დაესწრნენ ნორჩი მოჭიდავეების, ძიუდოისტებისა და ძალოსნების ვარჯიშს, დაათვალიერეს საფეხბურთო მოედნები.
ყველა ხელმძღვანელი კმაყოფილი იყო ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით და სიამოვნებით აღნიშნავდნენ, თუ რაოდენ დიდი შენაძენია ეს კომპლექსი ქართული სპორტისთვის.
თუმცა, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არაა და იქაურობის რეაბილიტაცია გაისადაც იგეგმება. არადა, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია და იმედია, დაწყებული საქმეები ბოლომდე მივა, რაც მართლაც კარგი იქნება ქვეყნისთვის, ჩვენი სპორტისთვის.
დღეისათვის ცენტრში სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების 70 სპორტსმენი ცხოვრობს ანუ ისეთები, რომლებიც უკვე მაღალი მიღწევების სპორტის დონეზე არიან ასულები.
2014 წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაორმაგდება, მანამ კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა - ცენტრში მუშაობა დაიწყო ჭიდაობის, ძიუდოს, კრივისა და ძალოსნობის უფასო სექციებმა, სადაც 10-25 წლის სპორტსმენები ვარჯიშობენ.
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"