შეხვედრა წარსულთან: ქართველი ჩუბინი ამერიკაში

AutoSharing Option
ფოტოზე: ჩოხოსანი ქართველები, ამერიკელი შერიფი, ტრადიციულსამოსიანი ინდიელები და მექსიკელები. თეთრი ჩოხით - "ის, ვინც კაზაკი არ არის".

XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში, ახალი მექსიკის ტერიტორიაზე კოვბოი ბერნარდ ო'გორმანი ოქროს საბადოს წააწყდა, რომელიც აპაჩების ტომის ჰიკარილიას შტოს მიწაზე მდებარეობდა. საბადოს აღმოჩენის ამბავი სწრაფადვე გახმაურდა და "ოქროს ციებ-ცხელებაც" დაიწყო - ახალი მექსიკა, რომელსაც მაშინ შტატის სტატუსი არც ჰქონდა, სულ რამდენიმე თვეში ოქროსმაძიებლებით აივსო.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ხალხს არც ინდიელთა მძვინვარე ტომები აშინებდა, არც თვალუწვდენელი უდაბნო, სადაც კაქტუსების გარდა, არაფერი
ხარობდა და წყალიც არ იყო. სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზთა გამო, ვაშინგტონის მესვეურებმა ახალი მექსიკის მხარეში (რომელიც აშშ-მა XIX საუკუნის 40-იან წლებში მექსიკას წაართვა) იქამდე ვერაფერიც ვერ განავითარეს; ამიტომაც ო'გორმანის მიერ ოქროს საბადოს აღმოჩენამ თეთრ სახლში საყოველთაო სიხარული გამოიწვია - მთავრობამ მოხალისე ოქროსმაძიებელთა პარტიები თავადვე დააფინანსა: იქ ოქრო რომ ვერც იპოვონ, ახალ საცხოვრებელ ადგილს მაინც იშოვნიანო - ჩათვალეს ვაშინგტონში.

სწორედ იმ დროს, როდესაც ამერიკულ ქალაქებში პირზე ყველას ახალი მექსიკა და აპაჩების ოქროს საბადო ეკერა, ადგილობრივ საცირკო დასებში ბლომად იყვნენ ქართველი მოჯირითეები - როგორც ცნობილია, პირველად ამერიკაში ისინი 1893 წელს ჩავიდნენ და ბუფალო ბილის სახელგანთქმულ დასში გამოდიოდნენ. შემდეგ კი სხვა დასებშიც გამოჩნდნენ.

მოჯირითეთა უმეტესობა გურიიდან იყო, თუმცაღა მათთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეთა მცხოვრებლებიც საკმაოდ იყვნენ.

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ევროპასა და ამერიკაში ჩასულ ქართველ მოჯირითეთა შესახებ ამერიკაშიც და ჩვენთანაც უამრავჯერ დაწერილა და ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, თუმცა იმას კი ვიტყვით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართულ სათვისტომოს სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი - ამას ამერიკული ენციკლოპედიური გამოცემებიც ადასტურებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1893 წლიდან 1910 წლამდე ამერიკაში ქართველ მოჯირითეთა რამდენიმე ჯგუფი კი ჩავიდა, მაგრამ ამის თაობაზე სანდო ოფიციალური დოკუმენტაცია თითქმის არც არსებობს; კინორეჟისორმა ირაკლი მახარაძემ, რომელიც კარგა ხანია, ამ თემაზე მუშაობს, დაადგინა, რომ მოჯირითეების პირველ ჯგუფს ივანე მახარაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც ამერიკელები "პრინცის" მეტსახელით უფრო იცნობდნენ.

როგორც წესი, ამერიკაშიც და ევროპაშიც ქართველ მოჯირითეებს "კაზაკებად" იხსენიებდნენ. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის ვინაობა ჯერაც უცნობია, ან ცნობილია მხოლოდ სახელი და გვარი, მაგრამ ფოტოსურათი არ არსებობს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოჯირითეთა მნიშვნელოვანი ნაწილი 1905-1907 წლებში რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო და, ალბათ, ამითაც უნდა იყოს გამოწვეული ის გარემოება, რომ ოკეანის გაღმა ბევრმა მათგანმა სახელი კი შეიცვალა, თუმცაღა ქართველობაზე უარი არასოდეს უთქვამს - ისინი ყოველთვის ამაყობდნენ თავიანთი წარმომავლობით, ყველგან ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ქართველები იყვნენ და არა რუსი კაზაკები.

1910 წელს, ამჟამინდელი ახალი მექსიკის ტერიტორიაზე, ჰიკარილია-აპაჩების მიწაზე ჩასულ ოქროსმაძიებელთა შორის ორი ქართველი ყოფილა, რომელთა ნამდვილი სახელები უცნობია. სხვა ოქროსმაძიებლები და ადგილობრივი აპაჩები მათ მეტსახელებით იცნობდნენ - ერთს, რომელიც გადმოცემით, ოდნავ კოჭლობდა, "კოჭლ ცხენს" (აპაჩების ენაზე Olik’o ne’en) ეძახდნენ, მეორეს კი ყოვლად უცნაურად იხსენიებდნენ - "ის, ვინც კაზაკი არ არის" (Kassakpi’ak), რადგანაც ვერ იტანდა, თუ ვინმე "კაზაკს" დაუძახებდა და ამის გამო ყოველთვის ჩხუბობდა.

ჰოდა, თუ სემ ფექინფასი არა, სერჯიო ლეონეს ვერსთერნები ხომ გინახავთ? იქ რომ სიტუაციები და ამბებია აღწერილი, სწორედ ისეთ ვითარებაში ცხოვრობდა ეს ორი ქართველი ოქროსმაძიებელი. ველურ დასავლეთში მაშინ ადამიანის უფლებებზე საუბარს ვინმე თუ გაბედავდა, "სმიტ-ვესონის" ტყვიით აჩუმებდნენ. იგივე საშუალებით წყვეტდნენ ყველა სხვა პრობლემასაც. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვისაც იქ ცხოვრება სურდა, კარგი ჩუბინი ანუ მიზანში მსროლელი უნდა ყოფილიყო.

მართლაც, ველური დასავლეთი უპირველესად სწორედ მაგარი მსროლელებით იყო ცნობილი და გასული საუკუნის 10-იან წლებში არიზონის შტატის აპაჩის საგრაფოს შერიფს, ვინმე ჯონათან ლარსონს აზრად მოუვიდა, მიზანში სროლის ჩემპიონატი გაემართა. ამით საგრაფო მთელს შტატებში მოიხვეჭს პოპულარობასო, ფიქრობდა ჩაუქი შერიფი და ყველაფერს აკეთებდა, რომ მართლაც ასე მომხდარიყო.

ერთი სიტყვით, ჩემპიონატი მართლაც მოეწყო და აპაჩის საგრაფოს სახელიც მთელს შეერთებულ შტატებში გახმიანდა - ამერიკელები ხომ ძველთაგანვე იმას ტრაბახობდნენ, რომ მათი ეროვნული სპორტი მიზანში სროლა იყო. აპაჩის საგრაფოს პატარა დაბა ჩინლი (ნავაჰოს ინდიელები მას "ჭინილის" ეძახიან, მაგრამ ამერიკელები ხომ "ჭ"-ს ვერ ამბობენ) ერთი კვირის განმავლობაში ჩუბინების მექად იქცა: მთელი ველური დასავლეთიდან შეიყარა იქ მიზანში მსროლელი ხალხი - თეთრები, შავკანიანები, ინდიელები და, რაღა თქმა უნდა, ის ორი ქართველიც, რომელთა სახელები ამჟამად არავინ იცის, მეტსახელები კი უკვე მოგახსენეთ.

ახლა კი, აქ კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა - ამერიკელები იმთავითვე უბოდიშოდ ექცეოდნენ ინდიელებს, მაგრამ ეს უკანასკნელნიც ტოლს არ უდებდნენ: თუ თეთრები სოფელს გადაუწვავდნენ, ინდიელები რკინიგზის შპალებს აყრიდნენ, მატარებელს უსაფრდებოდნენ და მგზავრებს მუსრს ავლებდნენ.

საერთოდაც, ხომ ეგრეა - პატივს მგელს უფრო სცემენ, ვიდრე ძაღლს და დამარცხებულ კაცს კი მშვიდობა არ უნდა უნდოდეს. არც ინდიელებს უნდოდათ მშვიდობა და იმდენი იბრძოლეს, რომ მაინც მიაღწიეს მიზანს - საქართველოზე ოდნავ დიდი ტერიტორია დაიკანონეს და თავიანთი კანონებით იწყეს ცხოვრება. აპაჩების და ნავაჰოების რეზერვაცია, ჩვენებურად კი - ავტონომიური რესპუბლიკა აშშ-ში დღესაც არსებობს და იქ თეთრებს უნებართვოდ არათუ შესვლა, არამედ შესუნვაც კი ეკრძალებათ.

ჰოდა, რეზერვაცია კი იმიტომაც ვახსენე, რომ იმ ჩემპიონატზე იქაური ჩუბინებიც იყვნენ და თუკი გაზეთ "ნავაჰო თაიმზს" ვენდობით, ისე დაჩაგრეს ნარჩევ-ნარჩევი კოვბოები, რომ შერიფ ლარსონს სიცოცხლეც აღარ უნდოდა. ნატრობდა - ოხ, ნეტავ, მიწა გასკდეს და თან ჩამიტანოს, ჩემიანების სირცხვილის ყურება ხომ აღარ მომიწევსო.

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ერთი პეწენიკი ჟურნალისტი კი, ჩუბინ ინდიელთა შემხედვარე, მეათასედ სვამდა ერთსა და იმავე კითხვას: ამათ სროლა როდის აქეთ ისწავლესო?

ჰოდა, სწორედ ამ დროს, გამოსულა ერთი ვინმე ჩოხოსანი, რომელსაც ახალი მექსიკის ოქროსმაძიებლები და ინდიელები ფრიად და ფრიად უცნაური მეტსახელით იცნობდნენ - "ის, ვინც კაზაკი არ არის" და ოფიციალურად მოუთხოვია: აგერ მე და აგერ ჩემი იარაღი, მიმიშვით და მე შევეჯიბრები ჩუბინობით განთქმულ ინდიელს, სახელად მაიკლ "მეხთატეხასო".

ჯონათან ლარსონმა ჯერ იჭვნეულად შეათვალიერა თეთრჩოხოსანი "ის, ვინც კაზაკი არ არის" და მერე დასტური დასცა. ქართველმაც იძრო "სმიტ-ვესონი", ამხედრდა ცხენზე და გააჭენა ასპარეზისკენ. ჰეროლდებმა ანუ გამომცხადებლებმა კი შეკრებილ ზღვა ხალხს ამცნეს - ახლა, პირადი მოთხოვნის საფუძველზე, თითქმის უკვე ჩემპიონ ინდიელს დაუპირისპირდება "ის, ვინც კაზაკი არ არისო".

თუ მოიგებს, მაშინ თავად გახდება ჩემპიონი და პრიზსაც მიიღებს, ხოლო თუ წააგებს, მაიკლ "მეხთატეხას" საბოლოოდ ვცნობთ გამარჯვებულადო.

იმ ჩემპიონატზე კი, როგორც წესი, ათასგვარი ეშმაკური სამიზნე ყოფილა - მოძრავი, უძრავი, მფრინავი (მტრედს ააფრენდნენ და მონაწილეს უნდა მოერტყა) და ა.შ. მაიკლ "მეხთატეხას" კი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა: 100-დან 90 ქულა. ერთი სიტყვით, იმ ათმა ქულამ ქართველს იმის საშუალება მისცა, რომ მოეგო და მოიგო კიდეც, თანაც სუფთად: 100-დან 100.

"კაზაკურად ჩაცმული კაცი არამარტო კარგად ისროდა, არამედ, ცხენზე ჯირითის გასაოცარ ხელოვნებასაც ფლობდა და გამოსვლა რომ დაასრულა, ჯილდოც მიიღო - "მარცინი ჰენრის" სისტემის კარაბინი და 1000 დოლარი. თოფს ემთხვია და თავისთვის დაიტოვა, ხოლო 1000 დოლარი ინდიელ მაიკლ "მეხთატეხას" გადასცა", - წერდა გაზეთი "ნავაჰო თაიმზი".

ამ შემთხვევის გასახსენებლად ეს სურათიღა დარჩა, სადაც თეთრჩოხიანი "ის, ვინც კაზაკი არ არის" შერიფის გვერდით დგას, სადღაც უკან კი ბუმბულებით მოსილ მაიკლ "მეხთატეხასაც დალანდავთ.

მიხეილ ლაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გურული ფირალები ბიჭო!!!
zviad
00:50 26-11-2013
0

სიახლეები პოპულარული