შეხვედრა წარსულთან: ინგლისელი მწვრთნელი და ქართველი მობურთალი

AutoSharing Option
ფოტოზე: დათუნა იმნაიშვილი, 1921 წელი
ქართველები რაგბიში მაგრები რომ ვართ, სამოას ნაკრებთან გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამ მატჩს რომ ვუყურე, სხვებივით მეც სიხარულის და სიამაყის გრძნობა დამეუფლა და ის ამბავი გამახსენდა, რომელიც დღეს უნდა მოგიყვეთ. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ სამოას დღეს კი უდავოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით ბურთაობაში მაგრები, სამოაში ბურთი პირველად რომ ნახეს და გაუკვირდათ.

ზოგიერთთა გასაგონად, ერთ უჯიუტეს ფაქტს მოვიშველიებ: სამოაში ბრიტანეთმა 1847 წელს დააფუძნა წარმომადგენლობა და იქაურ მეფესაც, რომელიც მშვილდ-ისრით ტიტლიკანა
დარბოდა, საჩუქრად ბურთი მიართვა. ჩვენში კი სწორედ იმ წელს, რუსმა "ნამესტნიკმა" საბურთალოს ველზე ბურთის თამაში და კრივი აგვიკრძალა - აქაოდა, მანდ მეფის მოწინააღმდეგე ახალგაზრდობა იკრიბება და ვარჯიშობსო...

ამ ყველაფრის შემდეგ კარგა დიდი დრო გავიდა, რუსეთში მეფეც ჩამოაგდეს და რევოლუციაც მოახდინეს, რის შემდეგაც, რუსმა ჯარისკაცებმა კავკასია დატოვეს - მათი ადგილი ჯერ გერმანელებმა, მერე კი ბრიტანელებმა დაიჭირეს.

საქართველომ დამოუკიდებლობა ისევ დაიბრუნა, მაგრამ ბათუმის ოლქი ბრიტანულმა საოკუპაციო ჯარმა არ დატოვა. ოფიციალური ტფილისი ყველაფერს აკეთებდა ბათუმის და მისი ოლქის (ის იმხანად მხოლოდ აჭარას კი არა, ლაზეთსაც და ართვინსაც მოიცავდა) დასაბრუნებლად და იქაური ქართველობაც იბრძოდა, რომ კვლავაც საქართველოში ეცხოვრათ.

საბრძოლველი კი მართლაც ბევრი ჰქონდათ - ბათუმს მაშინ ოსმალებიც ეპოტინებოდნენ, ბრიტანელებიც და... რუსებიც: ქალაქის მაშინდელი მერი, ვინმე პ. მასლოვი ირწმუნებოდა, ბათუმი ძირძველი რუსული ქალაქიაო.

ჰოდა, სანამ ასეთი ამბები მიმდინარეობდა, ბათუმში ბრიტანეთიდან სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილები ჩამოვიდნენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბრიტანელ მეზღვაურთა შორის თითქმის ყველას ემარჯვებოდა კრივიც და რაგბიც, რადგანაც ორივე სახეობა სულსა და სხეულსაც თანაბრად აკაჟებს და აქედან გამომდინარე, სამხედროთათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რამაა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ სამხედრო-საზღვაო ნაწილებს რაგბის მწვრთნელი, ვინმე უორენ ჯ. უილკინსონიც ჩამოჰყვა. ის კი თურმე, პირველი ბრიტანული ნაკრების ყოფილი წევრიც გახლდათ და რაგბის ავანჩავანიც ყველაზე უკეთ ესმოდა.

მწვრთნელი უორენ უილკინსონი ყოველდღე ავარჯიშებდა მეზღვაურებს რაგბიში, მოედანი კი სოფელ ფერიას ტერიტორიაზე ჰქონიათ.

სხვათა შორის, 1920 წელს, იმ ინგლისელმა მეზღვაურებმა სამუდამო განსასვენებელიც იმ მოედანზე ჰპოვეს, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა და მანამდე - 1919 წლის მაისში კი, იქაურობა უბრალოდ, საბურთაო მოედანი იყო და სხვა არაფერი.

ერთი სიტყვით, ფერიაში ინგლისელები კი ვარჯიშობდნენ, მაგრამ საჩვენებელი მატჩები არ გაუმართავთ და არც ფერიის მოსახლეობასთან ჰქონიათ ახლო კონტაქტი - სწორედ მაშინ, ბათუმში ორი დიდი ტერაქტი მოხდა და ნისლიანი ალბიონის ძენი გვარიანად დაშინებულნი იყვნენ. ისე, რომ ადგილობრივებთან ურთიერთობას საერთოდ გაურბოდნენ. თუმცა, ინგლისელ რაგბის მწვრთნელს არაფრის ეშინოდა და აკრძალვებსაც არად დაგიდევდათ - მას საქართველო ძალიან მოეწონა და აქაურობის უკეთ გაცნობაც მოისურვა.

იმხანად, ბათუმში მეეტლეებად ორი გურული მუშაობდა - დათუნა და გიორგი იმნაიშვილები. ჰოდა, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ფერიელს ეტლით ტვირთი ფერიაში აუტანეს და უკან რომ ბრუნდებოდნენ, ინგლისელთა ვარჯიშსაც მოჰკრეს თვალი. ეს ხომ ჩვენი ლელობურთიაო, გადაულაპარაკებია დათუნას გიორგისთვის და მასაც კვერი დაუკრავს - ნამდვილად ისააო.

ერთი სიტყვით, ვარჯიშს ბოლომდე უყურეს და უორენ უილკინსონიც გაიცნეს. დათუნამ იმდროინდელი საერთაშორისო ენა - ფრანგული - კარგად იცოდა და კარგი მასლაათიც გამოუვიდა მწვრთნელთან. ჰოდა, როგორც ხდება ხოლმე, საუბარ-საუბარში იმდენი საერთო ინტერესები გამონახეს, რომ უორენ უილკინსონი ქორწილშიც კი დაპატიჟეს: "ჩვენი სოფლელი თხოვდება და ჩაქველ ბიჭს მიჰყავს. ჩვენ იქ მაყრად ვართ დაპატიჟებულნი... თუ აქაურობა მართლა გაინტერესებთ, წამოგვყევით!" - შესთავაზა დათუნა იმნაიშვილმა ინგლისელს და ისიც უყოყმანოდ დათანხმდა.

ასე აღმოჩნდნენ იმავე საღამოს სამივენი სოფ. ჩაქვში, დათუნას და გიორგის თანასოფლელი გოგონას ქორწილში, მაყრებად.

უორენ უილკინსონმა შემდგომში ამ ქორწილის თაობაზე მოგონება ბრიტანულ გაზეთ "პელ მელ გაზეთში" გამოაქვეყნა; თუმცა არა იმიტომ, რომ ღვინო დააძალეს ან ადგილობრივთა ღრეობამ აღაშფოთა - ინგლისელი გაკვირვებული დარჩა იმით, რომ დედოფლის მაყრებმა და დამხვდურებმა სუფრაზე დაჯდომამდე რაგბის მატჩი გამართეს, რომელშიც მონაწილეობამ მასაც მოუწია:

"იქამდე მე ვთვლიდი, რომ რაგბი ჩემი თამაში იყო და მთელი გუნდის აყოლიებაც კი შემეძლო... თურმე ასე არ ყოფილა - ქართველებს იმდენად ვირტუოზულად სცოდნოდათ თამაში, რომ მე მოედანზე არც კი ვჩანდი.

დედოფლის მაყრების გუნდში ვთამაშობდი და აშკარად ვხედავდი, რომ ეს უბრალო სოფლელები, რომელთაგან უმეტესობამ არც კი იცოდა, სად იყო ინგლისი, ტექნიკურად გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე მე, ან ნებისმიერი სხვა ბრიტანელი, რომელთაც ვწვრთნიდი.

სპეციფიკური ვითარება რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად უნდა მეთხოვა მათთვის, ბრიტანეთში ჩამოსულიყვნენ და ჩვენს არმიულ კლუბში დაეწყოთ ვარჯიში... თუმცა, ამის შესაძლებლობა მაშინ არ იყო - ბათუმი დროებით გვქონდა ოკუპირებული და მალე უნდა გავსულიყავით ოლქიდან.

აქედან გამომდინარე, იქაურები ბრიტანელებად არ ითვლებოდნენ და მეც ძალიან დამწყდა გული, რომ მათ ჩვენს კლუბებში თამაში არ შეეძლოთ", - დაწერა შემდგომში ინგლისელმა მწვრთნელმა.

დათუნა იმნაიშვილი მეორე მსოფლიო ომის დროს მართლაც მოხვდა ბრიტანეთში - ის გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ და ამერიკელებმა გაათავისუფლეს.

სტალინის შიშით, სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და ბრიტანეთში წავიდა. იქ მერე როგორღაც, ისევ ნახა უორენ უილკინსონი, რომელიც უკვე საკმაოდ მხცოვანი იყო და რაგბის ფედერაციის საპატიო წევრი გახლდათ. სწორედ ინგლისელმა მორაგბეებმა გაუწიეს დახმარება მას, რათა ბრიტანეთში თავშესაფარი მიეღო.

პეტიციაში, რომელიც მის თაობაზე საიმიგრაციო სამსახურს წარუდგინეს, ასე წერია:

"ეს პიროვნება რაგბის საუკეთესო ოსტატია. ფლობს თამაშის უბადლო ტექნიკას და ისეთ ხერხებს, რაც ჩვენში ჯერ არავის სმენია... ეს კაცი დიდად საჭიროა ინგლისურ რაგბიში, როგორც მწვრთნელი-კონსულტანტი."

მიხეილ ლაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან ტყუილებს წერს ეს ბიჭი და აუკრძალეთ, რა?
დამადასტურებელ წყაროს აი, აქ იპოვის დაინტერესებული პირი:
ბლა
14:16 16-12-2013
0
ქენთებრის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის გუნდის ბაზაზე რომ ბრიტანეთის ნაკრები ჩამოყალიბდა თუ გაგიგიათ?
გიორგი
10:42 01-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული