სპორტული 2013 - BBC-ის რჩეულები: მარეი და ფეტელი

AutoSharing Option
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ენდი მარეი ბრიტანეთის წლის სპორტსმენი გახდა ტელეკომპანია BBC-ის ვერსიით.

ამ გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა უელსელმა მორაგბემ ლი ჰაფპენიმ, მესამეზე კი გავიდა ინგლისელი ჟოკეი ტონი მაკოი. აღვნიშნავთ, რომ მარეი პირველი ჩოგბურთელი გახდა 1997 წლის შემდეგ, ვინც ამ გამოკითხვაში გაიმარჯვა. მაშინ წლის სპორტსმენად გრეგ რუსედსკი დასახელდა.

26 წლის ენდიმ ვერ შეძლო ქალაქ ლიდსში საზეიმო ცერემონიაზე დასწრება. ამიტომაც პრიზი მას მაიამიში ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა მარტინა ნავრატილოვამ გადასცა. მარეი ფლორიდაში ახალი სეზონისთვის ემზადება.

* * *
BBC-მ 16 დეკემბერს წლის საუკეთესო
უცხოელი სპორტსმენიც დაასახელა. ეს ტიტული მოიპოვა “რედ ბულის” პილოტმა სებასტიან ფეტელმა, რომელიც 2013 წელს ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი; აგრეთვე, გაიმეორა ალბერტო ასკარის რეკორდი ზედიზედ მოგებული ეტაპების რაოდენობით (9) და მიხაელ შუმახერის რეკორდი სეზონში მოპოვებული გამარჯვებების რიცხვით (13).

ფეტელმა ეს პრიზი კარიერაში პირველად მოიპოვა.

აქ ფეტელი მეორე იყო
ამასობაში ქალაქ ბადენ-ბადენში გაიმართა გერმანიის “წლის სპორტსმენის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. გამარჯვებულები ადგილობრივი ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად დასახელდნენ. აქ სებასტიან ფეტელმა მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა, რადგან მას გაუსწრო ბადროს მტყორცნელმა რობერტ ჰარტინგმა. მესამეზე გავიდა ჭოკით მხტომელი რაფაელ ჰოლცდეპე.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჰარტინგმა 2920 ქულა დააგროვა, ფეტელმა - 2788. სებასტიანმა შარშანაც მეორე ადგილი დაიკავა და მაშინაც ჰარტინგთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმა წელს, მოსკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ფეტელი ერთხელ, 2010 წელს იყო გერმანიის წლის საუკეთესო სპორტსმენი.
ბადენ-ბადენში გამართულ ცერემონიაზე წლის გუნდად აღიარეს მიუნხენის “ბაიერნი”, ქალებს შორის საუკეთესო სპორტსმენი კი შუბის ტყორცნაში მსოფლიოს ჩემპიონი კრისტინა ობერგფიოლი გახდა. მან მცირედით აჯობა უიმბლდონის ფინალისტს საბინე ლისიცკის.

როჯერი აღარ ფასობს
სახელგანთქმული მოთხილამურე დარიო კოლონია შვეიცარიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ქვეყანაში საუკეთესო ათლეტის პრიზი თხილამურებით მორბენალს შეხვდა.

წინა წლებში ბრძოლის გლობუსის მრავალგზის მფლობელი მუდმივად ფინალისტთა შორის იყო, მაგრამ აგებდა ჩოგბურთელ როჯერ ფედერერთან ან სამთო მოთხილამურე დიდიე კუშთან.

ამჯერად ფედერერმა გამოკითხვაში მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. მას კოლეგა სტანისლას ვავრინკამაც კი გაუსწრო, რომელიც მიღებული ხმების რაოდენობით, მეორე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში კოლონია ნოემბერში გადატანილი ოპერაციის შემდეგ აღდგენით კურსს გადის და ტოვებს მსოფლიოს თასის ეტაპებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული