ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წელი შეაჯამა

AutoSharing Option
24 დეკემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ "საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის" ფარგლებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მინისტრმა ლევან ყიფიანმა საკუთარი უწყების წლიური ანგარიში წარმოადგინა.

მინისტრის თქმით, წლეულს ჩვენმა სპორტსმენებმა საერთაშორისო არენაზე 500-მდე მედალი მოიპოვეს. აქედან 130 ოქროა. ცალკეული სახეობებიდან მან განსაკუთრებით ძიუდო გამოყო, თუმცა არც ფარიკაობა, წყალბურთი, ხელბურთი, ჭიდაობა, კრივი, მთამსვლელობა და კიდევ ზოგიერთი სახეობა დავიწყებია.

ყიფიანმა სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტად კანონმდებლობის მოწესრიგება დაასახელა. ამ მიზნით შეიქმნა "სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო", რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა და მინისტრი
შეგვპირდა, რომ 2014 წელს სპორტის ახალი კანონი გვექნება.

ყიფიანმა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც ასევე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია, რაც ამოსავალია მაღალი მიღწევების სპორტისთვის, თუმცა სამინისტროს მიზანი მასობრიობის ამაღლებაა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სპორტისა და განათლების სფეროების თანამშრომლობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ სპორტის აკადემიის გაუქმებით ქართულ სპორტს დიდი ზიანი მიადგა.

მისი თქმით, გაისად სპორტის უნივერსიტეტიც აღდგება და სექტემბერში პირველ ნაკადსაც მიიღებს, ხოლო უცხოეთიდან მოიწვევენ სპეციალისტებს და ისეთ უმაღლეს სასწავლებელს შექმნიან, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხებს.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და მასობრიობის გაზრდის მიზნით სამინისტრომ წამოიწყო ახალი პროექტი, რომელიც 11 რეგიონში სატრენაჟორო დარბაზის გახსნასა და 14 რაიონში ინვენტარის მოწესრიგებას ითვალისწინებს. გაისადვე დიდ ქალაქებში დაიწყება სპორტის კომპლექსური ბაზების მშენებლობა.

მინისტრმა უახლესი ამბავიც გაგვაცნო სპორტის პრემიებით წახალისების შესახებ, რომელიც არაოლიმპიურ სახეობებსაც მოიცავს.

მაგალითად, ამიერიდან ფედერაცია ყოველ ოლიმპიურ ლიცენზიაზე 50 000 დოლარს მიიღებს.

ყიფიანმა ერთ-ერთ დიდ მონაპოვრად მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაზე აქცენტის გადატანა მიიჩნია, მაგალითად კი უახლოეს წლებში საქართველოში გასამართი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, ძიუდოს "დიდი პრიზი", ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი და "დიდი პრიზის" ეტაპი, 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, ფეხბურთელთა, მოფარიკავეთა შეჯიბრებები დაასახელა, რომ არაფერი ვთქვათ 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ყიფიანმა პრიორიტეტულად მიიჩნია იმ ბაზების კეთილმოწყობა, რაც ამ ფესტივალს სჭირდება და მიესალმა ძიუდოს სკოლების ჩამოყალიბებას, რაც საერთაშორისო ფედერაციის დახმარებით 11 რეგიონშია განსაზღვრული; და კლუბების შექმნას იმავე ძიუდოსა და ჭიდაობებში.

ასევე დიდ საქმედ მიიჩნია მოსწავლეთა და სტუდენტური სპორტის გამოცოცხლება, რაც სკოლებში სახალისო სპორტის დანერგვითა და სტუდენტური ლიგის ჩამოყალიბებით გამოიხატა.

ამასთან, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სერიოზული ძვრებია ახალგაზრდობის საქმეთა მხრივაც, სადაც ჩვეულებრივ ახალგაზრდებთან ერთად, სხვადასხვა პროგრამაში აქტიურად ჩააბეს უნარშეზღუდულები და მსჯავრდებულები, ეთნიკური უმცირესობები.

გაიშალა ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად გაშლილ მოძრაობაში დაახლოებით 5 000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

გამოცოცხლდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, სადაც აღდგა მეთოდ-ცენტრი, გამოვიდა გაზეთი, შეიქმნა ფოლკლორის ცენტრი და სხვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული