შევიხედოთ მარანში, შევათვალიეროთ, როგორი ნაყოფი მოგვცა 2013-მა წელმა

AutoSharing Option
საქართველოს არაერთ კუთხეში ოჯახის უფროსი ჯერ წევრებს მიულოცავდა ახალ წელს, შემდეგ თასით ხელში თავლაში შევიდოდა, განგებას საქონლის სიმრავლეს შესთხოვდა; ბოლოს მარანში წლის მოსავალს დალოცავდა და კიდევ უფრო მოსავლიან წელიწადს ისურვებდა.

ჩვენც შევიხედოთ მარანში, შევათვალიეროთ, როგორი ნაყოფი მოგვცა 2013-მა წელმა.

სხვათა შორის, სწორედ 2013-ში შეიტანეს იუნესკოს პროგრამაში ღვინის ქვევრში დაყენების ქართული ტრადიცია. ზოგიერთი ქვევრი 2014 წელს პირამდე სავსე შეხვდა, ზოგში მაჭარი ჯერაც არ დადუღებულა, ზოგი ცარიელია და ვაზის რტო გდია (ეს იმის ნიშანი იყო, რომ წელი ნაკლებად მოსავლიანი იყო და ქვევრი
შეუვსებელი დარჩა).

უფრო კონკრეტულად თითოეულ ქვევრზე ქვემოთ ვიმსჯელებთ.

რატომ ფინეთი?
შეწამვლა დააკლდა, ამინდი იყო არასაფეხბურთო თუ სხვა რამ მიზეზით, საქართველოს ნაკრებმა 2013 წელს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 4 მატჩი ჩაატარა და 1 ქულა მოიპოვა - საფრანგეთთან შინ ფრედ ითამაშა. სულ კი 8 შეხვედრიდან 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ჩამორჩა ესპანეთს, საფრანგეთს, ფინეთს; გაასწრო მხოლოდ ბელორუსს.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ კალათბურთელთა და მორაგბეთა წარმატებებზე, ფაქტს ვერსად გავექცევით - საქართველოში N1 სპორტის სახეობა ფეხბურთია. ამიტომ ყველაზე მეტ ადამიანს შესტკივა გული ფეხბურთზე. სატკივარი კი მართლაც არის - ქვეყანა, რომლის დროშაზე თეთრი ფერი ყინულის აღმნიშვნელია (ფინეთი), რატომ უნდა გვიგებდეს თბილისში და გვჯობნიდეს ჯგუფში?!

Sportall.Ge
ფოტოზე: საქართველო-ფინეთი 0:1. თორნიკე ოქრიაშვილის "მაკრატელა"

აი, რატომ
პასუხი თუ გაინტერესებთ, მაგალითს მოვიშველიებთ და გეტყვით: ზედიზედ ორჯერ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სწორედ ფინეთთან წაგებების გამო ვერ დააღწია თავი მეორე ლიგას, სადაც ლუქსემბურგისა და მალტის დონის გუნდებთან უწევდა თამაში.

არადა, შემადგენლობით მეორე ეშელონში საუკეთესო იყო. მიზეზებზე 2007 წელს ხმამაღლა ითქვა და აღმოჩნდა, რომ გუნდში მწვრთნელ-მოთამაშეთა შორის ურთიერთობა არ იყო მოწესრიგებული...

2008 წელს ნაკრებში დაინიშნა იგორ კოკოშკოვი, რომელმაც პირველ რიგში, გუნდში ურთიერთობები დაალაგა და შედეგიც მოვიდა: ზედიზედ ორი ევრობასკეტია, საქართველო ელიტარულ ნაკრებებს შორისაა და ისევ კოკოშკოვის სიტყვებს მოვიშველიებთ - ჩვენი გუნდის ყველას ეშინია, მიუხედავად იმისა, გვყავს თუ არა ფაჩულია თუ შენგელია.

Sportall.Ge
ფოტოზე: ევრობასკეტი 2013. საქართველო-პოლონეთი 84:67

"მესები" არა გვყავს, მაგრამ...
რატომღაც მჯერა, რომ საფეხბურთო ნაკრებში სიტუაცია მოწესრიგებული რომ იყოს, ფინეთს აუცილებლად ვაჯობებდით.

თავად განსაჯეთ: თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში ოთხი წლის წინათ დაინიშნა. გუნდის შესაკვრელად 4 წელი მიეცა, მაგრამ გადავხედოთ 2010 წლისა და 2013 წლების ნაკრებებს (ქეცბაიას მწვრთნელობით პირველ ოფიციალურ და წლევანდელ ბოლო მატჩში): სამი წლის წინანდელიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელია დარჩენილი.

აქ აუცილებლად უნდა ჩამოვწეროთ სამი წლის წინანდელი და ამჟამინდელი თერთმეტეული. 2010, საბერძნეთი-საქართველო 1:1, ჩვენი ნაკრები: რევიშვილი, ლობჟანიძე, ასათიანი, კალაძე, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, გოგუა, კვირკველია, იაშვილი, კობიაშვილი, დვალიშვილი.

"მესებს ვერ დავბადებთ", მაგრამ ამ შემადგენლობას ერთ მუშტად შეკვრის შემთხვევაში ნამდვილად შეეძლო ჯგუფში საბერძნეთის, ისრაელისა თუ ხორვატიის უკან მოტოვება.

გავიდა სამი წელიწადი და თემურ ქეცბაიას ნაკრებმა ესპანეთში (0:2) ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლორია, ლობჟანიძე, ხიდეშელი, კაშია, კვირკველია, ხუბუტია, შ. გრიგალაშვილი, ძარია, გელაშვილი, კობახიძე, ე. გრიგალაშვილი.

სამ წელიწადში, იმის ნაცვლად, რომ გუნდი შეკრულიყო, ფეხბურთელები პანტაპუნტით ტოვებდნენ ნაკრებს, თან ხმაურიანად...

Sportall.Ge
ფოტოზე: 2010 წელი. საბერძნეთი-საქართველო 1:1. ლევან კობიაშვილი (N10)

ჰოლანდია - ჯერ 3:55, შემდეგ 88:0

წლების წინ მორაგბეებიც უშანსოდ აგებდნენ ჰოლანდიასთან - 3:55!

მაგრამ მას მერე ქვეყანაში რაგბის განვითარება სწორი მიმართულებით წარიმართა, ბოლო წლებში მწვრთნელები ძირითად ბირთვს ინარჩუნებენ; გამოცდილები ახალგაზრდებს გუნდში, როგორც ოჯახში, ისე ღებულობენ და ჰოლანდიას 88:0-ით ამარცხებენ. ერთა თასი კი ზედიზედ მესამედ მოიგეს. მეტიც - ნოემბრის ტესტებში, რომელიც ოფიციალურ მატჩებს უთანაბრდება, მსოფლიოს რეიტინგის მერვე გუნდი, სამოა დაამარცხეს.

"ბორჯღალოსნებს" უკვე ელიტარულ ნაკრებად განიხილავენ და მასთან შერკინებას მეტისმეტი სიფრთხილით ეკიდებიან.

და რაც ყველაზე მთავარია - საქართველოს ნაკრებში, საფეხბურთო იქნება, სარაგბო თუ საკალათბურთო, ყოველთვის ოპტიმალური, მატჩის დღისთვის საუკეთესო შემადგენლობა უნდა თამაშობდეს, რადგან ესპანეთივით დიდი ქვეყანა და ასარჩევად უხვი რესურსი არ გვაქვს. ჩვენთან ერთი კაცის გამოკლებაც კი უარყოფითად ისახება შედეგებზე. რატომ? პასუხი მომდევნო ქვეთავში...

Sportall.Ge
ფოტოზე: 2013 წელი. საქართველო-ესპანეთი 61:18

ევროპას შაქარნარევი ღვინო სჯობს?!
...იმიტომ, რომ არ გვაქვს სტაბილურობა, არ გვყავს კლუბები, რომლებიც ევროპაში რეგულარული გამოსვლით მოთამაშეებს კლასის ამაღლების საშუალებას მისცემენ.

უფრო გასაგებად ვთქვათ: დაანახებენ, რომ თუნდაც რუმინული კლუბების დასამარცხებლად აუცილებელია რეჟიმი, ორჯერ მეტი შრომა და კვირაში ერთხელ მაღალი კლასის ფეხბურთელებთან "დაჭიდება".

მოკლედ, ღვინო სადეგუსტაციოდ ევროპის წამყვან სპეციალისტებს უნდა ვაჩვენოთ, რომ მსოფლიოს ბრენდებთან "ჭიდილში" შემოწმდეს ქართულის გემო. შიდა ბაზარზე კი შაქარზე დაყენებული ღვინოც იყიდება, თუნდაც იმიტომ, რომ ხარისხიანზე გაცილებით იაფი ღირს.

მიხვდით რისი თქმა გვინდა? - მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში თამაშით დაკმაყოფილება იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ნიჭიერი სპორტსმენი ნაკლები ვარჯიშითაც მოხვდება ამა თუ იმ გუნდის ძირითად შემადგენლობაში და მიიღებს იმდენივე ხელფასს, რამდენსაც მეტი ოფლის მოდენის შემთხვევაში.

Sportall.Ge
ფოტოზე: დინამო (თბილისი)-სტიაუა (რუმინეთი) 0:2

ხუხულასავით...
ასე და ამგვარად, როცა უარს ვამბობთ ევროტურნირებზე, უარს ვამბობთ საქართველოს ნაკრების სტაბილური მოთამაშეებით გაძლიერებაზე. ასეა ფეხბურთშიც, რაგბიშიც და კალათბურთშიც. თავად განსაჯეთ: საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი 2013 წელს "ლელომ" მოიგო და ევროტურსარბიელისკენ არც გაუხედავს...

საკალათბურთო პირველობის გამარჯვებული "შსს აკადემია" გახდა და უმალ გაახალგაზრდავდა, ევროთასებზე გასვლას ვინ ჩივის...

ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონობა "დინამომ" დაიბრუნა, ჩემპიონთა ლიგისთვის კი დაიმატა რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ წინასწარ ცხადი იყო, რომ ჯგუფში მოხვედრისთვის ეს საკმარისი არ იქნებოდა.

საინტერესოდ მიუდგა საქმეს გორის "დილა": შეკრიბა სატრანსფეროდ გამზადებული ბევრი ნიჭიერი ქართველი, რომლებსაც გუნდი უნდა დაეტოვებინათ მაშინვე, როცა ევროტურნირებს გამოეთიშებოდნენ. სწორედ მათ უჩვენეს კარგი ფეხბურთი და გიორგი ილურიძის წინამძღოლობით, ევროპალიგის კარს მიადგნენ, მაგრამ ვერ შეაღეს.

...თუმცა ევროპას ვინ ჩივის, წლის ბოლოს გუნდები ხუხულასავით იშლებიან.

Sportall.Ge
ფოტოზე: საქართველოს ჩემპიონები ლელოელები (მარცხნივ) გახდნენ

ქართული "ბაიერნი"

გუნდების ხსენებაზე: ოლიმპიურმა კომიტეტმა 2013 წლის საუკეთესო გუნდად არც ერთა თასის მომგები მორაგბეები დაასახელა, არც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე კალათბურთელები, არ გაგიკვირდეთ და არც ფეხბურთელები... წლის საუკეთესო ღვინო ძიუდოისტების ქვევრში დადგა!

პუბლიკაცია, ძირითადად, გუნდურ სპორტზე ავაწყეთ და თითქოს ძიუდოისტებმაც მხარი აგვიბეს - გუნდური წარმატებით უფრო მეტად გაგვახარეს. მათი ნაკრები 2013-ში დაახლოებით ისეთ სიმაღლეზე ავიდა, როგორზეც საფეხბურთო "ბაიერნი" - ყველასა და ყველაფერს გადაუარა.

ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსებს 4:1 მოუგეს. რამდენიმე თვეში კი რიოში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იმავე რუსებთან 0:2 ჩამორჩენის შემდეგ 3:2 იმარჯვეს.

გადამწყვეტი ორთაბრძოლა ადამ ოქრუაშვილმა ალექსანდრ მიხაილინს მოუგო და ჩრდილოელებს დაანახა, ერთი-ერთზე ვინ უფრო ძლიერია.

Sportall.Ge
ფოტოზე: 2013 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

ცამეტი ცამეტში დაგვემშვიდობა

მშვიდობით, ორი ათას ცამეტო! გაცილებთ როგორც... როგორც კახა კალაძეს.

სიმბოლურია, რომ 2013-ში დიდი ფეხბურთიდან სწორედ კახის გაცილება შედგა, რადგან მილანში" სწორედ 13 ნომრით დაიწყო და "ჯენოაში" ასევე 13-ით დაასრულა.

Sportall.Ge
ფოტოზე: კახა კალაძე 31 მაისს გააცილეს

გავაცილეთ მორაგბე ირაკლი აბუსერიძე, ოღონდ ეს ესპანეთთან ოფიციალურ მატჩში მოხდა.

ასევე შეიძლებოდა ოფიციალურ შეხვედრაში, მაგალითად, ევრობასკეტზე, სლოვენიასთან თამაშისას დიქტორს გამოეცხადებინა - ვლადიმერ ბოისამ კარიერა დაამთავრაო. მას ხომ სლოვენიაში დიდი ოფლი აქვს დაღვრილი, ქართველ გულშემატკივარს სლოვენიელიც შეუერთდებოდა და სავსე ტრიბუნების წინ ლამაზი გაცილება გამოვიდოდა.

არც ლევან კობიაშვილის ნაკრებიდან გაცილების საღამოზე უზრუნია ვინმეს. თუმცა არა უშავს, მაგალითი წინ გვაქვს: ჯერ კარიერას ამთავრებენ, შემდეგ მთავრობაში შედიან და ფედერაციების ნაცვლად თავად სპორტსმენები იწყობენ გაცილებას. კობიაშვილი ჯერ "ჰერტაში" თამაშობს... ბოისა კი ფედერაციის მთავრობაში უკვე შევიდა და იმედია, მალე ჩამოიყვანს საკალათბურთო ვარსკვლავებს თბილისში ან რუსთავში.

2014 წელს სავსე ქვევრებსა და უხვ მონაგარს გისურვებთ!

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაშინ მახსოვს აქ გერმანიას მცირე სხვაობით მოვუგეთ 7-8 ქულით, ასე რომ ნუ გიკვირთ...
mirian
12:52 03-01-2014
0
ეს ინფორმაცია ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. არც კი მსმენია. რაღაც არ მჯერა, რომ ფოლანდია უფრო ძლიერი იყო ჩვენზე და მერე ჩამოგვრჩა. ლოგიკაში არ ჯდება. რა, ინტერესი დაკარგეს თუ რა......!!!
vasiko
10:30 03-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული