TimeLine: გადაიხადე 25 ათასი ლარი და პირველ გუნდში ხარ!

AutoSharing Option
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას უამრავ განსხვავებულ პიროვნებას შეხვდები, საინტერესო ამბებს მოისმენ...

შაბათს, ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ ავტობუსში ერთი შუახნის კაცი ამოვიდა, რომელსაც გამცილებელი ორი დიდი ტომრის ამოტანაში დაეხმარა. მგზავრი ტომრებზე ჩამოჯდა.

- უკან სკამი ცარიელია, გადაბრძანდით, - ურჩია გამცილებელმა.

- გმადლობ, ამ ტომრებში "კოკა-კოლას" პატარა ბოთლებია. ძალიან მყარია, ასფალტზე რომ გადააგდო, არ გატყდება. მეც გამიძლებს. ასეთი მყარი ბოთლების შექმნისთვის ავტორს ათასობით დოლარი მისცეს.

საუბარი ცხოვრებისეული პრობლემებით გაგრძელდა. გამცილებელი ყოფილი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელიც ისეთ ისტორიას მოჰყვა, მსგავსი მანამდეც მქონდა გაგონილი და არ მჯეროდა.
ახალგაზრდა გამცილებელი კი იმდენად სანდო და პატიოსანი ჩანდა, პირველივე სიტყვებიდან დავიჯერე, რომ სიმართლეს ჰყვებოდა:

"ასპინძაში გავიზარდე, ამავე ქალაქის გუნდში ვთამაშობდი. საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამოვდიოდით. ჩემით ახალქალაქის "არარატი" დაინტერესდა. ეს გუნდი გაცილებით ძლიერი იყო, ერევნიდან ფინანსდებოდა და ნიჭიერ ფეხბურთელს ერევანში, მთავარ გუნდში მოხვედრის შანსიც ჰქონდა.

მოკლედ, ახალქალაქის "არარატის" ახალგაზრდულ გუნდში გადავედი, სადაც ყოველ მატჩზე 200-200 დოლარს გვაძლევდნენ. იყო კიდევ სხვა ბონუსები. გუნდის მთავარი მეგოლე გავხდი და უნდა გენახათ, როგორ გვქომაგობდნენ ახალქალაქელები.

ერთ დღეს ჩემს ყოფილ გუნდ "ვარძიას" დავუპირისპირდით. მწვრთნელს ვუთხარი: მეტოქეებად ჩემი მეგობრები არიან და მათ გოლს ვერ გავუტან, ნუ მათამაშებ-მეთქი. მაინც "სასტავში" დამაყენა. პირველ ტაიმში პენალტი დაინიშნა.

მწვრთნელმა ჩემი სახელი დაიძახა. აღარ ვიცოდი, რა მექნა. მივედი ბურთთან, დავარტყი და სადღაც აუტისკენ გავაფრინე. მეორე ტაიმში მოედნიდან გამიყვანა და შვებითაც ამოვისუნთქე. ის მატჩი "არარატმა" 6:0 მოიგო.

მალე ჩემ წასაყვანად ერევნიდან მწვრთნელები ჩამოვიდნენ, ოჯახშიც გვეწვივნენ. მიმზიდველ პირობებს გვთავაზობდნენ, თითქოს შევთანხმდით კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში პატრიოტიზმმა დამძლია: მირჩევნია, ისევ საქართველოში ვითამაშო-მეთქი და უარი ვუთხარი.

გადმოვედი თბილისში, სადაც ერთ-ერთ მთავარ გუნდში ჯერ ახალგაზრდებში ვთამაშობდი, შემდეგ კი დიდებში გადავყავდი. ძალიან მიხაროდა, თუმცა მითხრეს: პირველ გუნდში რომ მოხვდე, 25 ათასი ლარი უნდა გადაიხადოო... თან ამიხსნეს, ეს თანხა მომავალში კარგი პენსიისა და კიდევ სხვა რაღაცებისთვისაა საჭიროო.

25 ათასი რომ მქონოდა, ნამდვილად გადავიხდიდი, მაგრამ საიდან უნდა მომეტანა ამდენი ფული? მას მერე ხელი ჩავიქნიე და..."

ზედა აბზაცის ბოლოს სამი კი არა, ასობით წერტილი უნდა დავსვათ. თუ გუნდში მოხვედრისთვის მართლა ითხოვენ ფულს (თანაც ამდენს), იოლი მისახვედრია, რამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას დასწყვეტია გული... ფულიანი მამიკოების გამო რამდენზე უკან დაუყენებიათ ბუნებრივად უფრო ნიჭიერი მოზარდი... კიდევ განვაგრძოთ?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
დაიწყეთ ხო საბოლოოდ წერა ქართული ფეხბურთის მთავარ ჭირზე??? აქამდე დავიჯერო მართლა არ გაგიგიათ ესე რომ ხდებოდა????
Kote
16:38 28-02-2014
0
რას ამბობ სულ ცინცხალი ამბავია რა...სასაცილოა ამის თუ არ ეჯერე ვინმეს! სატირალი რომ არ იყოს...ასეთი სასტიკი სისტემა იყო შევარდნაძის დროს!!! ტალახში კეტებით ვთამაშობდით...თუ პატრონი არ გკავდა ფულიანი დაკარგულიც იკავი! ასე დაიკარგა უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი!
bajo
16:55 28-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული