"სპარტაკის" გულშემატკივრები სპორტული და არამხოლოდ სპორტული პრესის ფურცლებიდან, კარგა ხანია, არ ჩამოდიან. ოღონდ ამჯერად თავი ამ კლუბის ჰოკეის გუნდის ქომაგებმა გამოიჩინეს - რუსმა ფანებმა სპორტულ-ეროტიკული ეშხით 2011 წლის კალენდრისთვის გულისამაჩუყებელი ფოტოები გადაიღეს.
გოგონებმა საყვარელ სპორტსმენებს მართლაც შთამბეჭდავი წინა საახალწლო აქცია მოუწყვეს. მათ შიშველ სხეულზე, ბოდი-არტის სტილში, "სპარტაკის" მაისურა მიიხატეს და კამერების წინ თავდაუზოგავად იპოზიორეს.
ფოტოსესიაში მონაწილე ფანატთა წინასწარი შერჩევა ფანკლუბის სპეციალურმა კომისიამ ითავა და მსურველთაგან 12 შედარებით მომხიბვლელი გამოავლინა. კალენდარი მოსკოვში უკვე იყიდება და არცთუ ძვირი ღირს - 350 რუბლი.
"სპარტაკის" ფანკლუბის მესვეურები თავიანთი ნამუშევრით კმაყოფილნი არიან და ირწმუნებიან, რომ ამით გულშემატკივართა შორის კლუბის პოპულარიზაციისთვის ფრიად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.
მომზადებულია lifesports.ru-ს მიხედვით