სპორტი და ფინანსები: რუსი ოლიგარქების ძვირფასი სათამაშოები

AutoSharing Option
რომელ რუს ოლიგარქს არ უყვარს ფუფუნება და სპორტული აზარტი?! რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ხარიტონოვიც მათ რიცხვში შედის. ამაში არანაირი ეჭვი აღარ დარჩა მას შემდეგ, რაც პირველ ნოემბერს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ავტოდრომი "ნიურბურგრინგი" შეიძინა. იმისთვის, რომ გერმანული ტრასის მეპატრონის სტატუსი მოეპოვებინა, ხარიტონოვმა, არც მეტი, არც ნაკლები, 100 მილიონი ევრო გადაიხადა.

ფსიქოანალიტიკოსები არკვევენ მიზეზებს - რა აიძულებს მდიდარ რუსებს, ასეთი დაუფიქრებელი და ძვირად ღირებული შენაძენი გააკეთონ. ჩვენი კი, უბრალოდ, გავიხსენოთ - დასავლეთის სპორტულ სამყაროში რა "სათამაშოებს" ფლობენ ისინი...

აბრამოვიჩი და ჩელსი
დიდ უცხოურ სპორტში
სანავთობო ოპერაციებისგან მიღებული დოლარები პირველმა რომან აბრამოვიჩმა დააბანდა. 2003 წელს აბრამოვიჩის მიერ 230 მილიონ დოლარად "ჩელსის" შეძენა არა მხოლოდ რუსული ოლიგარქიის ფინანსური ძალის ჩვენება, არამედ ჩუკოტკის გუბერნატორის იმიჯის გაუმჯობესებაში ჩადებული მძლავრი ინვესტიცია გახდა. იქამდე, სანამ "ჩელსის" მეპატრონე გახდებოდა, რომანი უბრალო რუსი ოლიგარქი იყო, შემდეგ კი აბრამოვიჩის სახელი და მისი გაუპარსავი სახე დასავლეთის ყველაზე პოპულარული ტაბლოიდების გვერდებიდან არ ჩამოდიოდა.

პროხოროვი და ბრუკლინ ნეტსი
ოლიგარქულ სამყაროში რომან აბრამოვიჩის კოლეგას, მიხაილ პროხოროვს უჩვეულო სიმაღლის გამო სკოლაში "ჟირაფს" ეძახდნენ. მისი სიმაღლე 204 სანტიმეტრია. ასეთი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, მომავალმა ოლიგარქმა უარი თქვა კალათბურთელის კარიერაზე და საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩააბარა. მოგვიანებით რამდენიმე ბანკი დააარსა და სამი მომგებიანი კომპანია გახსნა. ბოლოს კი ბავშვობის ოცნება აისრულა - შეიძინა NBA-ს კლუბი.

ორი წლის წინ პროხოროვი 200 მილიონ დოლარად "ნიუ ჯერსი ნეტსის" მფლობელი გახდა და გუნდი ბრუკლინში გადაიყვანა. გარდა ამისა, პროხოროვი ექვსი წელი ხელმძღვანელობდა რუსეთის ბიატლონისტთა კავშირს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებშიც მონაწილეობდა, რომელშიც საერთო ხმების რვა პროცენტი მიიღო. აი, ასეთი მრავალმხრივია ის.

P. S. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროხოროვი აღარ აპირებს თავისი "ძვირფასი სათამაშოთი" გართობას და გასაყიდად გამოაქვს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბი "ბრუკლინ ნეტსი".

უსმანოვი და არსენალი
ალიშერ უსმანოვმა - ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა და ფინანსურმა "კომბინატორმა", რომელსაც "ბამბის მეფეს" ან "ფოლადის მეფეს" უწოდებდნენ, 2007 წელს ასევე გადაწყვიტა, გაემყარებინა თავისი საერთაშორისო იმიჯი - 100 მილიონ დოლარად შეიძინა ლონდონის "არსენალის" აქციათა 14.5 პროცენტი. ამ ტრანზაქციის დროს "მეთოფეების" ხელმძღვანელობამ კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა, რათა გამოემზეურებინა აქციონერის შავბნელი წარსული და გამოეძიებინა მისი შესაძლო კავშირები კრიმინალთან, მაგრამ ვერაფერი მონახეს და უსმანოვი "არსენალის" ნაწილის მფლობელი გახდა.

რიბოლოვლევი და მონაკო
ბანკირმა და ქარხნების მფლობელმა დმიტრი რიბოლოვლევმა (მისი ქონება დაახლოებით ცხრა მილიარდ დოლარად არის შეფასებული) 2011 წელს საფრანგეთის შვიდგზის ჩემპიონი "მონაკო" შეიძინა. ბედის ირონიით, სწორედ იმ წელს მონაკოელები, პირველად 34 წლის განმავლობაში, საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნენ, მაგრამ 2012-13 წლების სეზონში "მონაკო" დაბრუნდა ელიტაში და უკვე მომდევნო წელს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ახლა, ფრანგული პრესის ინფორმაციით, რიბოლოვლევმა, შესაძლოა, კლუბი გაყიდოს. მიზეზი - ლიგასთან კონფლიქტია, რომელიც 6 მილიონი ევროს ოდენობის შესატანს ითხოვს საფრანგეთის ჩემპიონატში მონაწილეობის სანაცვლოდ. ასეთი დიდი თანხა კი იმის გამო დააწესეს, რომ იურიდიულად მონაკო დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

სხვები
ფართო წრეებისთვის ნაკლებად ცნობილმა პეტერბურგელმა ოლიგარქმა ანტონ ზინგარევიჩმა საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად 25 მილიონი ფუნტი ჩადო ინგლისის "რედინგის" შესაძენად, მაგრამ ამისგან კარგი არაფერი გამოვიდა. ზინგარევიჩის "უნარიანი" ხელმძღვანელობით, "რედინგი" ქვედა დივიზიონში გავარდა, რუსმა კი საკონტროლო პაკეტი გასული წლის სექტემბერში გაყიდა. გარიგების თანხა უცნობია. 2014 წლის მაისში ადგილობრივმა გაზეთმა The Reading Chronicle-მა ზინგარევიჩის გეგმებზე დაწერა - გაეყიდა კლუბი ერთ ფუნტად, თუ მოიძებნებოდა "რედინგის" 38-მილიონიანი ვალის დაფარვის მსურველი. როგორც ჩანს, მსურველები გამოჩნდნენ.

* * *
ბერძნული წარმოშობის რუსმა ივან სავიდიმ, რომელმაც 300-მილიონიანი ქონება კომპანია "დანსკოი ტაბაკის" გენერალური დირექტორის პოსტზე დააგროვა, ისტორიული სამშობლოსადმი ნოსტალგიით ორი წლის წინ ბერძნული კლუბის, პაოკ-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ეს მას 10 მილიონი ევრო დაუჯდა. სავიდის მისვლამ სარგებლობა მოუტანა ბერძნულ კლუბს. ბოლო ორ სეზონში პაოკ-ი ორჯერ გახდა საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი, ამჟამად კი ჩემპიონატის ლიდერია.

* * *
სხვა რუსი ოლიგარქებისგან განსხვავებით, რუსეთის პრემიერის, დმიტრი მედვედევის ბიზნესპარტნიორებმა, რუსმა მილიარდერებმა - არკადი და ბორის როტენბერგებმა, კოლეგა გენადი ტიმჩენკოსთან ერთად, გადაწყვიტეს ჰელსინკიში "ჰარტვალ არენას" ყინულის დარბაზის შეძენა. სამივენი, სხვათა შორის, ერთდროულად რუსეთისა და ფინეთის მოქალაქეები არიან. ასევე, ეს ტრიო წილს ფლობს ჰოკეის ფინურ კლუბ "იოკერიტში", რომელიც მათ არენაზე თამაშობს.

* * *
კიდევ ერთი პეტერბურგელი მდიდარი დავიდ ტრაკტოვჩენკო დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის აქტივების მფლობელია. 2006 წელს ის ავსტრალიური საფეხბურთო კლუბის, "ვესტერნ სიდნეის" მფლობელი გახდა. ორი წლის შემდეგ, პარტნიორ პოლ პამსისთან ერთად, მან გამოისყიდა აქციათა საკონტროლო პაკეტი. საინტერესოა, რომ გასულ სეზონში "ვესტერნ სიდნეი" აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და დეკემბერში კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შეეშვით ასეთ უზნეობებზე სიცრუის წერას!
-დათა რომ ცოცხალი იყოს, იცით ალბათ როგორ კონტექსტშიც მოგიხსენიებდათ!
Tengo
14:05 19-01-2015
0
ჯერ რუსი რომელია ეროვნულობით? მაქედაან; აბრამოვიჩი? თუ....
.........
15:37 19-01-2015
0

სიახლეები პოპულარული