TimeLine: თავფოტო

AutoSharing Option
კაკლის საბერტყელა ხომ გინახავთ? - მეტისმეტად გრძელი ჯოხი, რომელიც რაც უფრო მსუბუქია, მით მოსახერხებელი.

ჩემს ახლობელს თანამედროვე კაკლის საბერტყელა აქვს, რომელიც მსუბუქი ლითონის რამდენიმე ნაწილისგან შედგება. თითო მილი ერთმანეთში იხრახნება და თვალუწვდენელი კაკლის დაბერტყვაც კი შესაძლებელია.

რატომღაც სწორედ ეს ტექნოლოგიური სიახლე გამახსენდა, როცა პირველად "სელფის" გადასაღები გრძელი ლითონის მილი ვნახე. ჯერ განვმარტოთ, რას ნიშნავს სელფი: ინგლისური სიტყვაა და საკუთარს, თავისს ნიშნავს. ფოტოკამერით საკუთარი სახის გადაღება ბოლო დროის მოდად იქცა, რასაც ხელი ტექნოლოგიებმაც შეუწყო, გამოიგონეს გრძელი მილი, რომელზეც ფოტოკამერა მაგრდება და
ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, საკუთარი სურათი საკუთარი ხელით ერთი-ორი მეტრის დისტანციიდან გადაიღოს.

ეს გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე ძველი ტექნოლოგია: ფოტოაპარატს რამდენიმე წამის მოცდის რეჟიმზე რომ დააყენებდი, სადღაც მოშორებით დადგამდი, შემდეგ გაიქცეოდი და ისეთ პოზაში დადგებოდი, როგორშიც გსურდა, ფირზე აღბეჭდილიყავი. ფოტოაპარატიც 10 ან 20 წამის შემდეგ თავისით ჩააჩხაკუნებდა.

გრძელ მილაკზე დამაგრებული კამერა განსაკუთრებით გამოსადეგია უცხო ქალაქების, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას. საკუთარ თავსაც აფიქსირებ და ვთქვათ, ლონდონის ხიდსაც. ტექნოსიახლე ერთბაშად აიტაცეს ამერიკის ქალაქ მილუოკიდან ნიუ იორკში სათამაშოდ ჩასულმა "ბაქსის" კალათბურთელებმა, რომლებმაც ლონდონის ხიდიც მოინახულეს, ბუკინგემის სასახლეც და ჩელსის სტადიონ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოაწყვეს ექსკურსია. ცხადია, მათ შორის იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია.

აქ "მილუოკელებზე" წერას აღარ განვაგრძობთ, ფოტოებიც საკმარისად მეტყველებენ. ცალკე საუბრის თემაა ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი, რომელმაც გასულ უქმეებზე გოლი ორიგინალურად აღნიშნა, მოიმარჯვა მობილური ტელეფონი და "სელფი" ჩააჩხაკუნა. "სელფი" მტკიცედ მკვიდრდება ქართულ ენაში... არადა, წარმოუდგენელია, შესატყვისი თარგმანი არ მოეძებნოს. მოდით, თუნდაც "თავფოტო" დავარქვათ.

ეს სიტყვათშეჯვარება მრავალმხრივ შეგვიძლია განვმარტოთ: "თავისი ფოტო", "თავისი ხელით გადაღებული ფოტო", ან სულაც "თავის ფოტო" - ასეთი ტიპის სურათებზე ხომ წინა პლანზე ყოველთვის თავია.

მოკლედ, ტოტის მოქმედებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და ბევრი ფოტომონტაჟიც გაჩნდა. ტოტალიზატორ "ივერიაბეთის" მოხერხებულმა მემონტაჟეებმა ტოტი თბილისში ჩასვეს და მის ფოტოკამერას ჩამოზვავებული ელბაქიძის აღმართი დააფიქსირებინეს.

გგონიათ, გოლის "თავფოტოთი" აღნიშვნის იდეა ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნის? პირველად ეს ვინ გააკეთა, ძნელი გამოსაკვლევია, მაგრამ გასულ სეზონში იგივე მოიმოქმედა "ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ. დახედეთ ფოტოს და დარწმუნდებით, რომ მას გაცილებით ეფექტური ნამუშევარი გამოუვიდოდა.

საკუთარი თავის "ფოტოფირზე აღბეჭდვაზე" როცა ვლაპარაკობთ, გვერდს ვერ ავუვლით კრიშტიანო რონალდოს, რომელსაც თავიც უყვარს და სურათების გადაღებაც. ოქროს ბურთის სამგზის მფლობელი ყველაზე ხშირად "თავფოტოს" გულის სწორ ირინა შეიკთან ერთად იღებს.

და მაინც, ვის ეკუთვნის "სელფის" იდეა? ამ საქმეში პირველობას ვერავინ შეეცილება მგელს რუსული მულტფილმიდან "Ну Погоди". ხომ გახსოვთ, სტადიონზე შეჭრილმა, როგორ წაართვა ფოტოაპარატი ტრიბუნაზე მჯდომ ენოტისებრ პატარა ცხოველს და როგორ მოიწყო "თავფოტოების" ფოტოსესია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული