თენგიზ გაჩეჩილაძე პარლამენტიდან: დღის წესრიგში სპორტის უნივერსიტეტი და მთამსვლელობა

AutoSharing Option
საქართველოს ბოლო მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომები უკვე თბილისში ტარდება.

16 თებერვალს "საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ 2013-15 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში და მომავლის გეგმები" მოისმინეს, რომელიც სხდომას სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ წარუდგინა.

გამოიკვეთა სავალალო მდგომარეობა, - სასწავლებელი მძიმედ და ზოზინით იბრუნებს ტრადიციებს და შესაბამის იერსახეს, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის მოგვარება ფერხდება. ეს მაშინ, როცა დაგეგმილია დარგის სპეციალისტთა მომზადების გადასვლა ევროპულ სისტემაზე, დასაწყისი ბუნდოვანია და ჯერ კიდევ შორს ვართ რეალობისგან.

გამოითქვა იმედი,
რომ პარლამენტში საკითხის განხილვა შედეგს მოიტანს და პრობლემების მოგვარება უკვე რეალურად დაიწყება.

დაისვა კითხვა: დგას თუ არა სპორტის უნივერსიტეტის დისლოკაციის შეცვლის საკითხი. "გადავალთ ყველგან, სადაც იქნება შესაბამისი პირობები" - თქვა ჯ. ძაგანიამ.

* * *
ამავე სხდომაზე იმსჯელეს "საქართველოში მთამსვლელობის განვითარების" მდგომარეობასა და პერსპექტივებზე.

გამოიკვეთა დაქსაქსულობა - უკვე ოთხი ფედერაცია აცხადებს პრეტენზიას საქართველოში ამ სფეროში პირველობაზე, რაც, როგორც გამოიკვეთა, არათუ სტიმულს აძლევს, ვნებს საერთო საქმეს.

არადა, ყველა ერთხმად აღიარებს ჩვენს ქვეყანაში მთამსვლელობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მრავალი მიმართულებით, მათ შორის, სამთო ტურიზმის განხრით. მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა მირიანაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მთამსვლელობა არ ფინანსდება, რადგან არ არის ოლიმპიური სპორტის სახეობა.

ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა გუჯაბიძემ თავისი ფედერაციის საქმიანობის უპირატესობას გაუსვა ხაზი.

სხდომის მონაწილენი ერთსულოვნად შეთანხმდნენ, რომ დაქსაქსულობა უნდა დასრულდეს ფედერაციათა გაერთიანებით.

სხდომას საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი უძღვებოდა.

თენგიზ გაჩეჩილაძე პარლამენტიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული