ძველ ლელოს საქართველოში უკვე არსად თამაშობენ, შუხუთის გარდა. თუ ადრე პირველ მაისს ავარდებოდა ბურთი, ამჟამად პაექრობა
ამ აღდგომასაც "ავარდა ლელო" სოფელ შუხუთში - ზუსტად საღამოს 5 საათზე, ზემოურები და ქვემოურები, ვინ იცის, მერამდენედ ეკვეთნენ ერთმანეთს. ბოლოდროინდელი შედეგები ქვემოურთა სასარგებლოდ იყო, ზემოურები საერთო ჩათვლაშიც ჩამორჩებიან მათ. ამაში დიდი წვლილი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძმას, ფეხბურთის, ლელოსა და საერთოდ, სპორტის ტრფიალ კაცს, ევგრაფი შევარდნაძეს მიუძღვის - ზედიზედ მრავალი წლის განმავლობაში მისი ორგანიზებით (თავად ბავშვობიდან ინვალიდი გახლდათ) ლელოს 16-კილოგრამიანი ბურთი ქვემოურებს რჩებოდათ.
ამჯერად ზემოურებმა გაიმარჯვეს, თუმცა მათ თავიანთი ღელე ისე გადალახეს, ჯერაც არ იცოდნენ იმ დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რომელიც სახალხო თამაშის ისტორიას არ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ლელოს ვეტერანი მოთამაშეებიც ვერ იხსენებენ, თამაში მსხვერპლით დასრულებულიყო.
სამწუხაროდ, გულმა უმტყუნა თამაშის მონაწილე გოჩა ფირცხალაიშვილს - სავარაუდოდ, ის ლელოს გორგოსიალში მოხვდა. მართალია, მისი გამოყვანა დროულად მოახერხეს, მაგრამ იქვე მობილიზებულმა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში მიყვანისას ის უკვე ცოცხალი აღარ იყო. როგორც გაირკვა, გარდაცვლილს გულზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, თამაშში ჩართვა გადაწყვიტა.
"სამწუხარო ფაქტი მოხდა, თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს. ექსპერტიზის შედეგების გამოცხადებამდე ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ლელოს მონაწილის გარდაცვალება" - განაცხადა გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან მოისწრაფიშვილმა.
ამას გარდა, კვირას ლელოზე ადგილობრივმა სასწრაფო დახმარების სამსახურმა არაერთი გამოძახება მიიღო, ორ მოთამაშეს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღმოაჩნდა, თუმცა ეს ამ სახალხო თამაშისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა...
მათე გურული ლანჩხუთიდან
დავით დათიაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"