ტარიელ ხეჩიკაშვილი: ჩემმა მეგობარმა ეს ამბავი რომ გაიგოს, მომკლავს...

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ორიოდე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, მის კანდიდატურას სპორტული სამყაროს წარმომადგენლები დადებითად აფასებენ, მიიჩნევენ რა, რომ მათ სფეროს ასეთი მენეჯერული თვისებების მქონე ადამიანი სჭირდება.

ვინ არის ტარიელ ხეჩიკაშვილი? უდავოა, ზოგადი სტატუსის (ბიზნესმენი და საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მფლობელი) მიღმა, საინტერესო ისტორიის მქონე ადამიანია. მისი ცხოვრება ზღაპარს ჰგავს - გაჭირვებაში, ობლობაში გაზრდილი ბიჭი ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი და წარმატებული ადამიანი გახდა. ამაზეა ნათქვამი, ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გვიან გამოცხვაო...

ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, სიმპათიას ხეჩიკაშვილის ოჯახი იწვევს: ბიზნესმენი საქართველოს მთავრობის წევრებში აბსოლუტური რეკორდსმენია - შვიდი შვილის მამაა და თავადაც ხალისობს, რომ მათ სახელებს პაუზებით ასახელებს.

საგულისხმო იყო ერთ-ერთი პოსტი ფეისბუკზე: "სასიხარულოა, როცა მინისტრი ხდება არა რომელიმე პარტიის წევრი და "მობეზრებული" პოლიტიკოსი, არამედ პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში დაკავებულია ქველმოქმედებით, პატიოსანი საქმიანობითა და ჯანსაღი ბიზნესით, ადამიანი, რომელსაც სამაგალითო ოჯახი და შვილები ჰყავს".

ნაძალადევიდან ბიზნესელიტაში ფეხბურთის გავლით
- რამდენიმე კვირის წინათ, უმაღლეს ლიგაში "საბურთალოს" გადასვლის თაობაზე ამბობდით: "საბურთალოს" ისტორია იოსებიძის ქუჩაზე მდებარე პატარა მინი-ფეხბურთის სტადიონიდან დაიწყო და ახლა უმაღლეს ლიგაში ვართ. ისევე მოხდა, როგორც ჩემს შემთხვევაში - საავტომობილო ბიზნესი ძველი "03"-ით დავიწყე და დღეს მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელი ვარ. მე მგონია, რომ სასწაული ჩვენს ცხოვრებაშიც ხდება". როგორც ვიცი, ნაძალადევში გაიზარდეთ და დალხენილი ბავშვობა არ გქონდათ. მაგრამ ახლა ბიზნესელიტის წარმომადგენელი ბრძანდებით, ახლა კი მინისტრი ბრძენდებით. თქვენს ცხოვრებაში ეს სასწაული როგორ დაიწყო?
- "ნახალოვკაში", ზესტაფონის ქუჩაზე გავიზარდე. 3 წლის ვიყავი, მე და ჩემს ტყუპისცალ ავთოს მამა რომ გარდაგვეცვალა. ამიტომ, ცხოვრებისეულ სირთულეებთან ჭიდილს ბავშვობიდან მივეჩვიე. ყველაფერი ღვთის ნებაა და მადლობა უფალს, რომ ამ სირთულეების გადალახვისას, ხასიათიც გამომიბრძმედა. რწმენით, პატიოსნებით, რა თქმა უნდა, თავდაუზოგავი შრომითა და სიყვარულით ვცხოვრობდი.

საერთოდ, ადამიანს ამ ქვეყანაზე რა დანიშნულება აქვს? იცხოვროს და იზრუნოს მათზე, ვინც უყვარს და ვინც უნდა, რომ ბედნიერები იყვნენ. სხვაგვარად ადამიანის არსებობას აზრი არ ექნება. ჩემთვის კი მთავარი მოტივაცია ოჯახი გახლდათ. ეტყობა, ამან ბევრი შემაძლებინა.

- ობოლი ბიჭისთვის გზის გაკვლევა უთუოდ ძნელი იქნებოდა. ბიზნესი როგორ ააწყვეთ?
- არ მინდა, ზედმეტ სენტიმენტებში გადავვარდე, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იყო. ჩემთვის დედის მაგალითი, მისი პატიოსნება და შვილებისადმი თავდადება იყო ცხოვრებისეული გზამკვლევი. სწორედ დედისადმი სიყვარული განაპირობებდა - ვალდებულიც ვიყავი, ცხოვრებაში წარმატებული ვყოფილიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი გასაჭირი ყველაზე დიდი წარმატების საწინდარი ხდება. ჩემი მაგალითი ვინმეს თუ დაეხმარება, ცხოვრებასთან ბრძოლაში საკუთარ თავში მეტი ძალა რომ იპოვოს, ბედნიერი ვიქნები.

სხვათა შორის, ბიზნესი "ნახალოვკაში", ზესტაფონის ქუჩაზე მდებარე პატარა სავაჭრო ჯიხურით დავიწყე. შპს-ს რეგისტრაცია რომ გავიარე, მკითხეს, დირექტორი ვინააო და იმდენად ახალგაზრდა ვიყავი, არ დაიჯერეს, რომ საქმეს 20 წლის ბიჭი ვიწყებდი. მერე "იბერკომპანიში" ვიმუშავე. იქ ძალიან ბევრი ვისწავლე და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპიც გავიარე. მერე კი მეგობრებთან ერთად, "იბერია ბიზნეს ჯგუფი" ჩამოვაყალიბე.

- ალბათ, საავტომობილო ჰოლდინგის მფლობელი მანქანების მოყვარული და მცოდნე იქნებით...
- მოყვარული ნამდვილად ვარ, მაგრამ კურიოზიც ბევრჯერ გადამხდენია. მაგალითად, ვიყავი კომპანიაში და შემოსულა კლიენტი ან მეგობარი. როცა მანქანაზე რამე აინტერესებდათ, სპეციალისტთან ვამისამართებდი და ბევრს ისეთი გაკვირვებული სახით შემოუხედავს, თითქოს, გამრავლების ტაბულა არ ვიცოდი. არადა, მე არც მერიდება იმის თქმის, რომ მანქანების ტექნიკურ მახასიათებლებში კარგად ვერ ვერკვევი. ჩემი საქმე ბიზნესის მართვა-ორგანიზება, უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობა და მათი სტანდარტების საქართველოში დანერგვაა.

- 8 საავტომობილო ბრენდის წარმომადგენელი კი ხართ, მაგრამ გამორჩეულად რომელი მარკის რა მოდელი მოგწონთ?
- (იცინის) ის ერთი რომ დავასახელო, დანარჩენ შვიდს განვარისხებ. ისე, ყველას თავისი უნიკალურობა გააჩნია. ამას გულწრფელად ვამბობ. მათთან თანამშრომლობით ამიტომაც დავინტერესდი.

Sportall.Ge

პროექტი, რომელიც ოლიმპიური ოქროთი დასრულდა
- საფეხბურთო კარიერაზეც გვითხარით...
- "ნახალოვკაში", "ტრიკოტაჟის" სტადიონზე ჟანი ლეჟავასთან ვვარჯიშობდი. ეს კაცი შვილივით მპატრონობდა და ვუყვარდი. ახლაც, დრო თუ გამომიჩნდება და უბანში შევირბენ, "ჟანი ბაბუსაც" მოვინახულებ და მოვიკითხავ ხოლმე. ჩვენს გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი ვარჯიშობდა - კოტე მელქაძე, დათო ნეფარიძე, კახა ამირიძე, დემნა აბაიშვილი... თბილისურ გრანდებსაც სულ ვეომებოდით.

მე-10 კლასში კი ცხონებულ ოთარ გეგეჭკორთან გადავედი, ძალიან კარგი მწვრთნელი და პიროვნება იყო. ერთხელ, სამი წლით პატარებში, ერთი სუსტი, მაგრამ ძალიან ტექნიკური ბავშვი მაჩვენა და მითხრა, ჯერ ჯანი არა აქვს და ამიტომ არ ჩანს, მაგრამ დაიმახსოვრე, უდიდეს ფეხბურთს ითამაშებსო - ის ბიჭი გიო ქინქლაძე იყო.

მერე ცოტა ხანი "დინამო 2-ში" ბორის ჭელიძესთან, დიდი დავით ყიფიანის მწვრთნელთან ვვარჯიშობდი, მაგრამ 1987 წელს ჯარმა მომიწია და რუსეთში წავედი, სადაც ორიოლის გუნდში ვთამაშობდი. თუმცა, ეს აღარ იყო სერიოზული დონე. ჯარიდან დავბრუნდი და მალე ეროვნული ჩემპიონატიც დაიწყო.

იყო რაღაც წინადადებები, მაგრამ მივხვდი, რომ დაკარგული 2 წელიწადი დიდი დრო იყო, ოჯახთან პასუხისმგებლობა მქონდა, ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყება ვამჯობინე და ფეხბურთს შევეშვი.

- მართალია, რომ ბიზნესიდან პირველი მოგებით "დინამოს" პირველი ჩემპიონობის ბანკეტი გადაუხადეთ?
- ბანკეტი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ფეხბურთი ისე მიყვარდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, სულ მასზე ვფიქრობდი. თანაც, მაშინდელ "დინამოში" ჩემი ძმაკაცები თამაშობდნენ - ნემსაძე, ჯამარაული, ყაველაშვილი, ჯიშკარიანი, გოგიჩაიშვილი... მათი წარმატება ყოველთვის მიხაროდა და ერთადაც აღვნიშნავდით.

- როგორც მახსოვს, სპორტში პირველად 2000 წელს გამოჩნდით, როცა გიორგი ასანიძე დაასპონსორეთ...
- გიორგი ნიჭიერი სპორტსმენი იყო. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ დაჯილდოებაზე მეგობარი ჟურნალისტისგან შევიტყვე, რომ იყო საფრთხე, მასაც კახი კახიაშვილის ბედი გაეზიარებინა და საბერძნეთის სახელით ეასპარეზა. მაშინ დიდი სიდუხჭირე იყო, სახელმწიფოს კი სპორტის მხარდაჭერის დღევანდელზე გაცილებით ნაკლები საშუალებები ჰქონდა. ამიტომ მსურდა, მას გვერდში დავდგომოდი და "იბერკომპანის" მისი დახმარება შევთავაზე.

მაშინ გიორგის ნორმალურად არც ვიცნობდი. ასეც მოხდა და გადავწყვიტეთ, რომ ყოველთვიური ხელფასი დაგვენიშნა. რაც მთავარია, "იბერკომპანიზე" ბევრად ძლიერი და მდიდარი კომპანიები იყო და გვსურდა, ირიბად, მათი პროვოცირება მოგვეხდინა. ასეც მოხდა და თუ გახსოვთ, მაშინ სპორტსმენების ინდივიდუალური მეურვეობის ფორმა დამკვიდრდა, ბადრი პატარკაციშვილმა კი დახმარება მთელს ოლიმპიურ ნაკრებს აღმოუჩინა. ჩვენი 4-წლიანი პროექტი კი იმით დასრულდა, რომ 2004 წლის ოლიმპიადაზე ასანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფერო ფეხბურთი იყო. ცხონებულ ქართლოს ჭუმბურიძესთან და მის ძმასთან, კახასთან ერთად, ჯერ "ბენდელას თასი" დავასპონსორე. ეს კარგი იდეა იყო - საქართველოს სიყვარულს შეწირული გმირის ხსოვნისთვის პატივი უნდა მიგვეგო.

მერე იყო რუსთავის "გორდა", რომელიც პირველ ლიგაში დაქვეითდა და იქიდანაც ვარდებოდა. ერთი წელი გავჩერდი და კლუბმა რომ ამოისუნთქა, ჩემი მისია შესრულებულად ჩავთვალე და წამოვედი.

2005 წელს კი საფეხბურთო სკოლა "საბურთალოში" მივედი. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და მეამაყება, რომ ერთადერთი გუნდი ვართ საქართველოში, ჩვენი გაზრდილებით ელიტლიგიდან რომ დავიწყეთ და უმაღლეს ლიგაში გადავედით.

ყველაფერი ეკლესიიდან დაიწყო
- ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან დაპირისპირებული ბრძანდებით. ახლა მინისტრის პოსტიდან უფრო ომახიანად შეუტევთ ფედერაციას?
- მათ გარკვეულ პოზიციებს არ ვიზიარებ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ეს პირად მტრობაში არ გადავზარდო. ფედერაცია მის ყველა სუბიექტთან უნდა თანამშრომლობდეს და ალტერნატიული აზრის მოსმენას მიეჩვიოს. უბრალოდ, როცა ერთ საქმეში ხართ და გული გტკივა, რჩევის უფლება მაინც გაგაჩნია.

სხვა საქმეა, ამას ითვალისწინებენ თუ არა. ვამბობ იმას, რაც მტკივა და რასაც ყველა ხედავს. მაგრამ მერწმუნეთ, საჯაროდ რაც გამიჟღერებია, ეს პირადადაც მითქვამს. ქრისტიანული ფასეულობები ასეა. მაგრამ ფედერაციასთან ბევრჯერ გვითანამშრომლია და შედეგიც მიგვიღია.

კარგი ურთიერთობა არც უმცროს ნოდარ ახალკაცთან მქონია. ამის მიუხედავად, 2006 წელს საქართველოს სუპერთასის გათამაშების აღდგენაში ფინანსურად დავეხმარეთ და მაშინდელი ქართული ფეხბურთი, ალბათ, ოდნავ მაინც გამოვაცოცხლეთ. იგივე ასაკობრივი ნაკრებების ინტერესებიდან გამომდინარე, საერთო საქმე ბევრჯერ გაგვიკეთებია და გუნდებს გვერდში დავუდექით.

საერთოდაც, ასე წარმომიდგენია, თვალი არაფერზე არ უნდა დახუჭო, მაგრამ ურთიერთობა პოზიტივზე უნდა იყოს აგებული და არა - ნეგატივზე. ამიტომ, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, ერთად რა შეგვიძლია და არა იმაზე, რა გვაშორებს და გვაპირისპირებს. ასეთი იყო ჩემი პოზიცია და იქნება კიდეც, რა რანგშიც არ უნდა ვიყო.

- საქმიან ადამიანად გიცნობენ, მაგრამ ვიცი, რომ იუმორის კარგი გრძნობაც გაქვთ. იქნებ, გაიხსენოთ, მეგობარი ფეხბურთელი რატომ გააშაყირეთ?
- (იცინის) ეს მაგარი ისტორიაა. ბიზნესი ახალი დაწყებული მქონდა და მეგობართან, დათო თომაძესთან ერთად, რუსეთში ერთ-ერთი პირველი საქმე "გავჩარხეთ". კარგ ხასიათზე ვართ და აიტეხა - მოდი, ერთს დავურეკოთო.

ვძმაკაცობდით და ერთმანეთში შაყირი მოსული იყო. დარეკა თბილისში და უთხრა, რომ მოსკოვის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად კონსტანტინ ბესკოვი დაინიშნა და მისი წარმომადგენელი ვარო. თურმე, მთელი 6 თვე ელოდებოდა, რომ მოსკოვიდან ისევ დაურეკავდნენ, მონდომებით ვარჯიშობდა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, დაგვავიწყდა, გვეთქვა, რომ გავაშაყირეთ, მოგვერიდა კიდეც. არადა, ამ ზარით იმდენს მაინც მივაღწიეთ, რომ შემდეგ სერიოზული პროგრესი ჰქონდა და წლების განმავლობაში, უმაღლესი ლიგის გუნდში ითამაშა, საქართველოს თასის ერთ-ერთ ფინალში კი გოლიც გაიტანა. მეტს ვეღარ დავაკონკრეტებ, მგონი, ეს ამბავი დღემდე არ იცის და რომ გაიგოს, მომკლავს.

Sportall.Ge- ცხადია, გეამაყებათ, შვიდი შვილის მამა რომ ხართ...
- დედა, ძმა, შვილები და მეუღლე ეკატერინე ინასარიძე ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა და მათ ყველაზე მეტად ვუფრთხილდები.

მეუღლე ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ეკლესიაში გავიცანი, სადაც გალობდა. მაშინ, ფაქტობრივად, სულ უცხოეთში ვიყავი, მაგრამ სამშობლოში დავბრუნდი და დავოჯახდით.

ეკა მორწმუნეა და უპირველესად, მისი დამსახურებაა, ბედნიერი მეუღლე და მამა რომ ვარ და ცხოვრებაშიც წარმატებას მივაღწიე.

3 ქალიშვილი და 4 ვაჟი გვყავს: თამარი, რუსუდანი, დავითი... გიორგი, ცოტნე, იოანე და პატარა მარიამი... (იცინის) ხომ ხედავთ, შვილების სახელებს პაუზებით ვამბობ. უფროსი, თამარი, 19 წლისაა, უმცროსი, მარიამი კი - ერთი წლის.

მე მშობლების გამო ამაყი ვარ და მინდა, შვილებიც ასევე იყვნენ და ჩემი ნამოქმედარის არ შერცხვეთ.

- მკაცრი მამა ხარ?
- გარკვეული სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ მიხარია, რომ შვილების მესაიდუმლე ვარ. ყველაფერს მაინც რწმენა და სიყვარული ალაგებს.

დოსიე:
ტარიელ ხეჩიკაშვილი
დაიბადა 1970 წლის 13 თებერვალს, თბილისში
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული (ჰყავს მეუღლე და 7 შვილი)
დაამთავრა თბილისის მე-12 საჯარო სკოლა
განათლება: ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

სპორტული კარიერა
1987 თბილისის დინამო (დუბლები)

ბიზნესკარიერა
1990 დააარსა კომპანია "მერმისი"
1999 "იბერკომპანის" კომერციული დირექტორი
1999 დააარსა კომპანია "იბერმობილი"
2001 თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოაყალიბა კომპანია "იბერია ბიზნეს ჯგუფი", რომელშიც დღეისთვის ოცამდე ბრენდის წარმომადგენლობაა გაერთიანებული ("ფოლკსვაგენი", "აუდი", "მიცუბიში", "პეჟო", "კია", "შკოდა", "ნისანი", "ბანერი", "მობილი", "პირელი" და ა.შ.).

სპორტული აქტივობები
1999 - "ბენდელას თასის" სპონსორი, 2003 წლიდან - გენერალური სპონსორი; 1999-02 - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციული გალა-საღამოს სპონსორი; 2000-04 - იყო გიორგი ასანიძის სპონსორი, რაც კომპანია "იბერია ბიზნეს ჯგუფის" ჩამოყალიბების შემდეგაც გააგრძელა. შედეგად ასანიძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. სპონსორობდა კიდევ ბევრ ცნობილ სპორტსმენს; 2003-04 - რუსთავის "გორდას" სპონსორი; 2012 - სპორტის დეპარტამენტთან არსებული სპორტის მუზეუმის დამფუძნებელი; 2005 - საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მეპატრონე; 2006 - მისი ინიციატივით, "ფოლკსვაგენის" წარმომადგენლობამ აღადგინა საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი და მისი გენერალური სპონსორი გახდა (2008 წლამდე); 2013 - ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გმერტმა დაგლოცოს ჯანმრტელობა და სიკეტე გაიხარეეეეე
იბერია ავტო მარკეტი
12:32 18-05-2015
0
წარმატებებს ვუსურვებ!!! გულით მსურს ვიხილო აღორძინებული ქართული ფეხბურთი!!!
მანჩო
16:53 16-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული