შიშველი შტეფი გრაფის ფოტოს ნახვის უფლების მოსაპოვებლად გამართული აუქციონის გამარჯვებული ეჭვობს, რომ წარსულში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის ქმარმა ანდრე აგასიმ ნამდვილად თავისი მეუღლის სურათი უჩვენა. აუქციონის გამარჯვებულის, ფრანც ჩენას თქმით, აგასიმ შიშველი ქერა ქალის ზურგიდან გადაღებული ფოტო ანახა.
აუქციონი, რომლის წამყვანიც აგასი იყო, იანვრის დასაწყისში ტაივანში გაიმართა. გრაფის ქმარმა, წარსულში ასევე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საკუთარი თეფში გაყიდა და აუქციონის გამარჯვებულს დაჰპირდა, რომ მობილურ ტელეფონში თავისი ცოლის შიშველ ფოტოს აჩვენებდა.
თეფშის და ფოტოს ნახვის უფლების სასტარტო ფასი დაახლოებით 4 ათასი დოლარი იყო.
ფრანც ჩენმა, რომელიც ფაიფურის წარმოებითაა დაკავებული, დაახლოები 7 ათასი დოლარი გადაიხადა და აუქციონი მოიგო. რამდენიმე დღის შემდეგ მან განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ აგასიმ ნამდვილად გრაფის ფოტო უჩვენა.
კარიერის მანძილზე გრაფმა "დიდი სლემის" 22 ტურნირი მოიგო, აგასიმ კი - 8. ჩოგბურთელები 2001 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი ბავშვი ჰყავთ.
.
მომზადებულია AP-ის მიხედვით