TimeLine: მესი - ფეხბურთის ჭრიკიშვილი

AutoSharing Option
გასულ კვირას "ტაიმლაინში" ევროპის სუპერთასის ბილეთებზე დავწერეთ. ვერგაყიდულ ბილეთებზე. გაყიდვა 22 ივნისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დღესაც ვერ მოვაბით თავი...

რატომ? იმიტომ, რომ თანამედროვე აზროვნება გვჭირდება: როცა 45 ლარს გირიცხავენ და გეუბნებიან, ეზოს კარგად მოუარეო, არ უნდა დაგეზაროს კარგი მაკრატლის შეძენა, რომ ფულის გამღებს ფასის შესაბამისად მოემსახურო.

ბილეთების ვერგაყიდვაზე წერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ორ კომენტარს შემოგთავაზებთ. პირველი განწირულ გულშემატკივარს ეკუთვნის - რომ შეატყო, ბილეთის შეძენის შანსი არ ჰქონდა, საანგარიშო მოიმარჯვა და დაასკვნა: 2 საათში გაიყიდა 300 ბილეთი და მე ვარ
40425 რიგში, ეს ნიშნავს რომ მინიმუმ 90 წელი უნდა ვიცოცხლო...


რა პრობლემაა?! - ჩამოვლენ ათწლეულების მერე 50-60 წლის მესი, ნეიმარი, ინიესტა და 2015 წელს ნაყიდი ბილეთით დავესწრებით ვეტერანთა მატჩს. თუკი მარადონას ჩამოსვლისას გაივსო სტადიონი, ბებერი მესის სანახავად რატომ არ მოვა გულშემატკივარი?

მეორე კომენტარი: ჩემი სახურავიდან ჩანს მთელი სტადიონი. 11 აგვისტოს, ცაბაძის (ყოფილი ტელმანის) ქუჩაზე ველი მსურველებს ლუდით ხელში. სახურავზე ასვლა უფასოა. :)))

ბილეთებზე იცით რატომაა ერთი ამბავი ატეხილი? იმიტომ, რომ სუპერთასის მატჩზე დიდი ალბათობით ლიონელ მესი ჩამოვა. მესი კი პოპულარულია. არ გჯერათ? მასთან სურათებს გულშემატკივრები კი არა, მეტოქეებიც სიამოვნებით იღებენ.

საინტერესო კადრი დააფიქსირა ტელეოპერატორმა კოპა ამერიკის მსვლელობისას: არგენტინა-იამაიკის შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი იამაიკელი ფეხბურთელი მესისთან მივიდა, საიდანღაც მობილური ტელეფონი გააჩინა და ლეო მესისთან საკუთარი ხელით სურათი გადაიღო.

Sportall.Ge

კიდევ ერთი შეკითხვა: რატომაა ლიონელ მესი ასე პოპულარული? პასუხი მარტივია - მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელია. მას მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა, რაც დღევანდელ ფეხბურთში დაუჯერებელია. სწორედ ამიტომ ეხვევიან ლეოს მეტოქეები ბუზებივით. არ დაეხვევიან და ერთ მეტოქეს ისე მოატყუებს, როგორც დაგიბარებიათ.

ფეხბურთში საქმე იოლადაა - უხეშად შეხება და ჯარიმა ერთია, რაგბიში კი შეგიძლია, მეტოქე შებოჭო, ჩამოეკიდო... ამის მიუხედავად ქართველი მორაგბეები გზას მაინც ბრძოლით იკვალავენ. ფიქრობთ, ეს ფოტოპარალელიც სიტუაციის შესაფერისია:

Sportall.Ge
ფოტოზე: ლეო მესი და დავით ქუბრიაშვილი მეტოქეთა გარემოცვაში

საინტერესო კომენტარი დაურთო ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საიტ "სპორტალზე" გამოქვეყნებულ კარიკატურას, რომელიც ბაქო-2015-ზე ქართველთა გამოსვლას ეძღვნება (იხილეთ).

ვიდრე კომენტარს შემოგთავაზებდეთ, ნახატის მინაწერი უნდა გაგაცნოთ: "წარმოიდგინეთ, რა განწყობით შეხვდებოდა საქართველო ბაქოდან დაბრუნებულ ოლიმპიურ დელეგაციას, ევროპული თამაშების პროგრამაში ძიუდო რომ არ ყოფილიყო? ოქროს დანატრებული ქართველები ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა გვიხსნეს. ბაქოში დავინახეთ, რომ ჭრიკიშვილი ძიუდოს ლეო მესია, ხოლო ოქრუაშვილი - შაკილ ონილი".

ერთი კომენტარი ასეთი იყო: "ავტორ, სამბისტები დაგავიწყდა".

დავეთანხმებით.

მეორე კომენტარი: "რატომ აყენებთ ამ კაცს შეურაცხყოფას, მესი იყოს ფეხბურთის ჭრიკიშვილი თუ კაია!"

გერმანელების მესი ბასტიან შვაინშტაიგერია. ბოლო დროს მის ირგვლივ დიდი წისქვილის ქვა დატრიალდა, ჯერ ბასტიანის სიყვარულის ამბები იქცა რეპორტიორთა გემრიელ ლუკმად, შემდეგ სატრანსფერო ამბები. მოგეხსენებათ, შვაინშტაიგერი ჩოგბურთელ ანა ივანოვიჩს დაუახლოვდა, დარჩენილია მხოლოდ ოჯახების გაცნობა, სეფა და დიდი ქორწილი...

რაც შეეხება ბასტიანის ტრანსფერს, მისი გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც ლუი ვან გაალს სურდა, მაგრამ "ბაიერნის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა უარზეა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ამასობაში შვაინშტაიგერის ერთი საინტერესო ფოტო ამოვაჩინე - ღორთან ერთად. არავის ეგონოს, ამას ირონიით ვწერდე, თავად შვაინშტაიგერიც ღიმილით ეკიდება მისი გვარის ღორთან მიმსგავსებას. აი, თუ არ გჯერათ:

იხსენებს: მამაჩემი "შვაინს" მეძახდა, ხოლო სკოლაში ასეთ მეტსახელს გასაბრაზებლად ამბობდნენ, მაგრამ არ მწყინდაო.

- ჩემი გვარი იმიტომაც მომწონს, რომ ბევრ კომენტატორს გამოთქმა უჭირს, ხან როგორ შეცვლის, ხან - როგორ. ამერიკაში მცხოვრებმა ერთმა მეგობარმა მითხრა: "აშშ-ში ვისაც სპორტი აინტერესებს, ყველა გიცნობს". "რატომ?" - ვკითხე. "იმიტომ, რომ გვარის წარმოთქმა უჭირთ, თავს იმტვრევენ, ათასჯერ იმეორებენ, რომ ბოლოს და ბოლოს სწორად გამოთქვან შვაინშტაიგერი", - მიპასუხა.

Sportall.Ge

სურვილით დავასრულებ: მინდა, მომდევნო "ტაიმლაინში" მაინც არ მომიწიოს წერა სუპერთასის ბილეთებზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული