დოპინგი: დიდი სკანდალი ახლოვდება

AutoSharing Option
The Sunday Times და ARD ამტკიცებენ, რომ ოლიმპიადებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე რუსული მედლების 80 პროცენტი დოპინგით არის მოპოვებული

უახლოეს პერიოდში, მსოფლიო სპორტში შეიძლება მასშტაბური დოპინგ-სკანდალი აგორდეს, რომლის დროსაც გაუფასურდება მსოფლიოს ჩემპიონატებისა და ოლიმპიური თამაშების მედლები, - წერს ბრიტანული გამოცემა The Sunday Times.

ამ გაზეთს გერმანულ ტელეარხ ARD/WRD-თან ერთად, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციიდან ინფორმაციის გაჟონვის წყალობით, ხელი მიუწვდებოდა 5 ათასი სპორტსმენის 12 ათას დოპინგ-სინჯზე. აღნიშნული ტესტების (2001-2010 წლების პერიოდში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე) შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი მესამედი ნაწილი სერიოზულ
ეჭვს აჩენს.

წყაროს ცნობით, შემოწმებული ათლეტებიდან 800 სპორტსმენი, სავარაუდოდ, დოპინგს იღებდა. მაგრამ, დოპინგ-სინჯების საეჭვო შედეგების მიუხედავად, არც ერთისთვის არ წაურთმევიათ მედალი და გამოძიებაც კი არ ჩატარებულა.

საბოლოოდ, 146 მედალი, მათ შორის, 55 ოქროსი, შეიძლება უკანონო გზით იყოს მოპოვებული. 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ეჭვს იწვევს 10 მედლის ბედი.

თუ გამოძიება დაიწყება, ყველაზე მეტად შეიძლება რუსი მძლეოსნები დაზარალდნენ. The Sunday Times-ის ინფორმაციით, რუსი სპორტსმენებს მედლების 80 პროცენტი საეჭვო დოპინგ-ტესტებით აქვთ მოპოვებული. ასევე სანქციები შეიძლება დაეკისროს 18 კენიელ და 7 ბრიტანელ ტოპ-ათლეტებს.

ისეთს ვარსკვლავებს, როგორებიც არიან იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი და ბრიტანელი მო ფარა, სუფთა დოპინგ-სინჯები აქვთ.

* * *
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) გამეხმაურა ARD-ის მიერ გადაღებულ ფილმს და ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"WADA ძალიან არის შეშფოთებული იმ განცხადებებით, რომელიც ტელეკომპანია ARD-ის ფილმშია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოში პატიოსანი სპორტსმენების იმიჯზე. ეს ინფორმაციები აუცილებლად გადაეცემა სპეციალურ დამოუკიდებელ კომისიას დაწვრილებითი და ოპერატიული გამოძიებისთვის", - წერია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 3 დეკემბერს, ARD-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი მძლეოსნობაში რუსეთის ნაკრების წევრების მიერ დოპინგის გამოყენების შესახებ. ფილმში, ძირითადად, მოყვანილი იყო რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი წევრის ვიტალი სტეპანოვისა და მისი მეუღლის, მორბენალ იულია სტეპანოვას ჩვენებები. რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციამ ყველა ბრალდება უარყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული