თამაზ თევზაძე: ამ გადაწყვეტილებით დავუბრუნდით საბჭოთა კავშირს!

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში "ახალ თბილისში" აშენებული მართლაც კარგი სპორტული ბაზები სალაპარაკო თემად იქცა. ჯერ იყო და, წარმატებული, ლიცენზიამოპოვებული სპორტსმენები გათბობის პრობლემაზე ალაპარაკდნენ, მერე ამ ბაზების სპორტის სამინისტროსთვის გადაცემას მინისტრის ყოფილმა მოადგილე თამაზ თევზაძემ საბჭოთა კავშირში დაბრუნება უწოდა, რასაც, თავის მხრივ, ახალი უკმაყოფილება მოჰყვა...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ახალი თბილისი" ქართული რეალობის განსახიერებაა - ბაზები მართლაც კარგია, მაგრამ მის სრულად, ნორმალურად ამუშავებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. იქ სპორტის მთელ რიგ სახეობებში წამყვანი ოლიმპიელები ემზადებიან, მაგრამ როგორც ირკვევა, გათბობა ჯერ სრულად კიდევ ვერ ჩაირთო.

ეს პრობლემა თავის დროზე ქონების ერთი უწყებიდან სხვის ბალანსზე გადაცემამ წარმოქმნა (ან ესეც რატომ უნდა დამდგარიყო - სხვა ქვეყნის უწყებაზე ხომ არ ასხვისებდნენ, რატომ ვერ მოიძებნა ფორმა, რომ ქართული სპორტი არ დაზარალებულიყო?), ახლა კი ამას კლიმატური პირობებიც დაემატა - სპორტის სამინისტრომ დავალიანება სრულად დაფარა, მაგრამ წინა კვირის ძლიერმა ყინვებმა გაყვანილობა დააზიანა.

ახლა სამინისტრო სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს. იმედია, სამუშაოები მალევე დასრულდება, თორემ დრო მართლაც არ ითმენს.

რამდენად გამართლებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გადაცემა და ვის ხელში უნდა იყოს მართვის სადავეები, როგორია ევროპული გამოცდილება?

ეს თემები ისედაც გვაინტერესებდა, ხოლო მათზე სასაუბროდ თამაზ თევზაძე თავად დაგვიკავშირდა. თუმცა ის სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძის ამასწინანდელ ინტერვიუსაც შეეხო.

- რატომ გახდა მერიის ეს გადაწყვეტილება თქვენი კრიტიკის საგანი და რატომ აჯობებდა იმ ბაზების მერიის მმართველობაში დატოვება?
- თავის დროზე სპორტის სამინიტროს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიაში ლაპარაკი იყო არა მარტო ინფრასტრუქტურაზე, არამედ მართვაზეც, ანუ აშენების ან გარემონტების შემდეგ როგორ უნდა მართო ესა თუ ის სპორტული ობიექტი, რადგან ქვეყანაში არაა არავითარი სტანდარტი არც მართვის, არც - მშენებლობის, არც - მონიტორინგის, არც - ექსპლოატაციის და არც არაფრის.

კონკრეტულად თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მან ამით სპორტის კუთხით თავისი მთელი სოციალური ფუნქცია, რაც შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით უნდა განახორციელოს, სამინისტროს გადააბარა - იმ ორგანოს, იმ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელმაც სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. შესაბამისად, მან საკუთრებაში მთელი 100 პროცენტით აიღო ქონება.

ეს რა პოლიტიკაა, რა მიდგომა? სამინისტრო მხოლოდ თბილისის ხომ არაა, მთელი ქვეყნისაა და თუ თბილისში ამას ვაკეთებთ, მაშინ თელავს, ვანს, ჩხოროწყუს თუ ნებისმიერი რაიონის ადგილობრივ თვითმმართველობასაც გამოვაცალოთ მთელი ინფრასტრუქტურა და გადავცეთ სამინისტროს.

არადა, ადგილობრივი თვითმმართველობის უშუალო ფუნქცია სოციალურია და სპორტი ამის განხორციელების საუკეთესო საშუალებაა. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს სპორტის განვითარებას ერის ჯანმრთელობისთვის, რაც მისი სოციალური ფუნქციაა. მით უმეტეს, ფიზიკური აქტივობები მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია ადამიანის ჯანმრთელობის უპირველეს საშუალებად.

ამ გადაწყვეტილებით გადავვარდით მეორე უკიდურესობაში, რითაც დავუბრუნდით საბჭოთა კავშირს - სახელმწიფოში სპორტულ ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში არის მხოლოდ ერთი მესაკუთრე, სპორტის სამინისტრო.

არადა, ამ სამინისტროს ფუნქცია არაა არც სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და არც მართვა. მშენებლობისთვის არსებობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტის სამინისტრომ კი უნდა განახორციელოს სპორტის პოლიტიკა, რაც, უპირველესად, არის ერის ჯანმრთელობა და შემდეგ - მაღალი მიღწევების სპორტი.

ახლა რა გამოდის - თბილისში ინფრასტრუქტურა გადაეცა სამინისტროს, სხვაგან კი დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობების ხელში. რა ხდება - ორმაგი სტანდარტია ქვეყანაში?

მერიისთვის ამ ბაზების დატოვებას იმიტომ ვემხრობოდი, რომ არსებობს ევროპული გამოცდილება, რომ სახელმწიფომ კერძო სტრუქტურას და საზოგადოებრივ ორგანიზაციას (ფედერაცია იქნება, აიპ თუ სხვა რამე) თანასაკუთრებაში გადასცეს 51/49-ზე, ან 50/50-ზე თანაფარდობით.

- როცა ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ ასრულებს თავის დანიშნულებას და არ აშენებს ბაზას, როგორ უნდა იმოქმედოს სპორტის სამინისტრომ, რომ მოახდინოს მასზე გავლენა და არ დაზარალდეს მისი ინტერესი? დაახლოებით ამგვარი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ის ეკონომიკის სამინისტროსთან მიმართებაში, როცა მისსავე შენობაში ტირის გვერდით გაქირავებული ფართის გამოთავისუფლებაზე ეკონომიკის სამინისტროსთან ურთიერთობა გაჯანჯლდა...
- ყველა სამინისტრო ერთი გუნდია, მინისტრთა კაბინეტის სუბიექტია ორივე. როცა სპორტის სამინისტრო განსაზღვრავს პოლიტიკას და მას მთავრობაც დაეთანხმება, მაშინ ყველამ უნდა შეასრულოს ის. სამწუხაროდ, კანონმდებლობით ინფრასტრუქტურასთან არაფერი გვაკავშირებს.

სტრატეგიაში გვიწერია, რომ ქვეყანაში არ არსებობს სასპორტო ინფრასტრუქტურის მართვისა და ექსლუატაციის ეროვნული სტანდარტი, არამედ არ არსებობს მართვის რგოლი, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გასცემს ობიექტის ექსპლუატაციის მშენებლობისა და ექსპლოატაციის ნებართვებს.

თქვენ მიერ სასროლეთთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემაც მოიხსნება მაშინვე, როგორც კი სახელმწიფო განსაზღვრავს ამ პოლიტიკას და ეს იქნება კანონმდებლობით უზრუნველყოფილი. ამის ერთპიროვნულად გადაწყვეტა ვერ მოხერხდება. ეკონომიკის სამინისტრო შეეკითხება სპორტის სამინისტროს, მას არ ექნება შესაბამისი სტანდარტი და ყველაფერი დამოკიდებული იქნება ერთი პიროვნების კეთილ ნებაზე, რაც დაუშვებელია. ეს მთავრობის გასაკეთებელია.

აქვე მინდა გამოვეხმაურო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან თქვენს ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს ტურნირების საორგანიზაციოდ ახალი აიპ-ის შექმნაზე.

რას ნიშნავს ეს - ქმნი დამატებით სტრუქტურას, რომლის ხელშიც იქნება თავმოყრილი საორგანიზაციო კომიტეტი? თუ სამინისტროა ყველა ღონისძიების ორგანიზატორი, მაშინ რას აკეთებენ ფედერაციები?

საბედნიეროდ, საქართველოში საკმაოდ დიდი მასშტაბის ბევრი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი და სამინისტროა ყველაფრის საორგანიზაციო კომიტეტი? მისი უშუალო ფუნქციაა იურიდიული და სამართლებრივი მხარდაჭერა კანონმდებლობის კუთხით, სპორტის პოლიტიკის განსაზღვრა, ამ დროს კი გამოდის, რომ ესაა რიგითი ფედერაცია, როგორც მასპინძელი.

შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ რა გამოდის - მინისტრი არის სპორტის სახეობათა ფედერაციების პრეზიდენტების პრეზიდენტი, სამინისტრო კი ყველა ჩასატარებელი ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტი, რადგან მისია საკუთრებაში ინფრასტრუქტურა და თვითონაა მასპინძელი. შესაბამისად, ვინ მუშაობს მოგებაზე - სამინისტრო თუ ფედერაცია? რას ნიშნავს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი საბიუჯეტო ორგანიზაცია იყოს შეჯიბრებების მასპინძელი და ორგანიზატორი?

მეორე და უმნიშვნელოვანესი საკითხი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სპორტმშენსერვისი", დღევანდელი კანონმდებლობით, ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, მაგრამ მართვაშია სპორტის სამინისტროსთან. რა გამოდის - სახელმწიფო მუშაობს მოგებაზე და ერთი ჯიბიდან იღებს თანხას, რომელსაც მეორე ჯიბეში იდებს?

ასეთი ორმაგი სტანდარტი წინ ვერ წაიყვანს ქართულ სპორტს, რომლის უპირველეს პრიორიტეტადაც გამოცხადებულია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ეს პოლიტიკურ დოკუმენტშიც წერია.

არადა, სამწუხაროდ, სპორტული ბაზების მხრივ, საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში. მაგალითად, უნგრეთში დაახლოებით 9 500 სპორტული ობიექტია და ამაში არ შედის განათლების ხაზით არსებული ბაზები, რომელიც მოსახლეობით კი, მაგრამ ტერიტორიით არაა ჩვენზე დიდი.

სპორტის მინისტრის მოადგილედ მუშაობისას ჩვენ მიერ შექმნილმა ინფრასტრუქტურის სამმართველომ თბილისში სულ 57, რეგიონებში კი 300-მდე ობიექტი აღწერა. თუმცა მათი უმეტესობა რა მდგომარეობაში იყო, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული