ფრანჩესკო ვარსკვლავი, კობი ლეგენდა - როგორ შეხვდა ტოტი ბრაიანტს

AutoSharing Option
გასულ კვირას, მილანში შეხვედრის დროს, კობი ბრაიანტმა და ფრანჩესკო ტოტიმ აღმოაჩინეს, რომ ბევრი რამ ჰქონიათ საერთო...

- რაშია თქვენი გრძელი და წარმატებული კარიერის საიდუმლო?
ბრაიანტი
: თამაშისადმი ვნება და სიყვარული, მზადყოფნა - ყოველდღე და ყოველ წუთს ასი პროცენტით გაიღო ყველაფერი იმის მიუხედავად, ეს ჩვეულებრივი მოთელვაა, ვარჯიში თუ ფინალური სერიის მატჩი. ეს არის ერთადერთი წესი, რომელიც არსებობდა მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში.

ტოტი:
ყველაზე მაღალი მიზნებისა და მწვერვალების დაპყრობა მხოლოდ იმ შემთხვევებში შეიძლება, როცა ნემსის ყუნწში ძვრები და ყველაფერს მოედანზე ტოვებ. მეც ასევე
მივსდევდი ამ პრინციპს. ორივენი ყოველთვის უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, ხალხი ჩვენგან რაღაც განსაკუთებულს ითხოვდა და სხვა არჩევანი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ საკუთარ თავზე მაღლა ავმხტარიყავით. საბედნიეროდ, ყოველთვის შემეძლო გულშემატკივართა მოლოდინის გამართლება და საკუთარი გუნდის დახმარება.

- როგორია თანამედროვე სპორტში მთელი კარიერა ერთ გუნდს მიუძღვნა?
ბრაიანტი
: "ლეიკერსს" ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი, მთელი გულით მიყვარდა ეს გუნდი. ვოცნებობდი, რომ ოდესღაც მოედანზე მისი მაისურით გავიდოდი. ალბათ, იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან მოვახერხე კლუბის მიმართ ერთგულების შენარჩუნება. ეს ერთგულება იქიდან მოდიოდა, რომ გუნდმა ჩემზე გააკეთა აქცენტი და ყოველთვის სიკეთით მიხდიდა მადლობას.

ტოტი: "რომა" ერთადერთი გუნდია, რომელიც ჩემს ბავშვობაში არსებობდა. სულ ვფიქრობდი იმაზე, რომ მთელს კარიერას ამ ერთ გუნდში გავატარებდი და ადრე თუ გვიან, მისი კაპიტანი გავხდებოდი. და, როგორც ჩანს, გარკვეულ წილად, რჩეული ვარ, რადგან ამის მიღწევა შევძელი.

- ასეთ მიზანს თავიდანვე ისახავდით თუ ეს უფრო შემთხვევითობაა?
ბრაიანტი:
დამოკიდებულება კლუბთან, რომელშიც თამაშობთ, შეიძლება ოჯახურ ურთიერთობას შეადარო. ყოველდღე უნდა იმუშაო მისთვის და ისწავლო არა მხოლოდ რაღაცის მიღება, არამედ გაცემა. 20 წელი გავატარე დიდ კლუბში, ვრჩებოდი მის რიგებში არა მხოლოდ ტრიუმფის, არამედ, კრიზისის მომენტებში. ვერ ვიტყვი, რომ სწორედ ასეთი გეგმა მქონდა, მაგრამ არც არაფრის შეცვლა არ მინდოდა.

ტოტი: რაც უფრო მეტხანს გრძელდებოდა ჩემი კარიერა, მით უფრო დიდი სურვილი მქონდა მთელი გზა "რომასთან" ერთად გამევლო. ვფიქრობდი არა საკუთარ სიდიადეზე, არამედ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მხრებზე მაწვა. მინდოდა მოგებები იმ გუნდთან, რომელზეც შეყვარებული ვიყავი. და მინდოდა, რომ ასეთი მომენტები, რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო.

- ნუთუ არასოდეს გხიბლავდათ ფული და სხვა ვარსკვლავებთან თამაშის შესაძლებლობა?
ბრაიანტი
: არ დავმალავ, ფიქრები წასვლის შესახებ პერიოდულად ჩნდებოდა ჩემს გონებაში, მაგრამ ეს ძალიან მარტივია - დარჩე გუნდში, როცა იგებ და ვირთხასავით გაიქცე, როცა გემი იძირება.

ტოტი: სხვაგან ყოველთვის შეიძლებოდა ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომხიბვლელი კონტრაქტის მიღება. მაგრამ ჩემთვის დიდი პატივი იყო "რომას" მაისურის ტარება. ბევრმა ფეხბურთელმა, ალბათ, არ იცის, რაში მდგომარეობს ასეთი ერთგულების არსი. მართლაც რთულია ამის ახსნა, ამას უნდა გრძნობდე. დღეს, გაცილებით იოლია კლუბის შეცვლა, ვიდრე იმ გუნდში დარჩენა, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგი. იოლია იმ ფერების შეცვლა, რომელიც გიყვარს.

- ორივენი თქვენი ქვეყნის ნაკრებებში მე-10 ნომრით თამაშობდით. რას გრძნობდით, როცა ასეთი ისტორიის მქონე ნომრით იცავდით საკუთარი ქვეყნის ღირსებას?
ბრაიანტი:
ჩემთვის ეს საოცარი მომენტი იყო, რადგან ყოველთვის მინდოდა მეტარებინა მაისური ზურგზე სწორედ ამ რიცხვით. "ლეიკერსში", თავდაპირველად, მერვე ნომრით გამოვდიოდი, შემდეგ ავიღე ნომერი 24, ეროვნულ ნაკრებში კი მაშინვე განვაცხადე, რომ "ათიანი" მინდოდა. მახსოვს, მაშინვე ავხსენი ეს არჩევანი: ჩემი საყვარელი ფეხბურთელები თამაშობდნენ ამ ნომრით.

ტოტი: ჩემს შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო. რამდენადაც მახსოვს, ყოველთვის "ათიანით" ვთამაშობდი. იტალიაში ეს ნომერი განსაკუთრებულია - ყველას არ შეუძლია მისი ტარება. განსაკუთრებული ინდივიდუალიზმი უნდა გახასიათებდეს, ურყევი ხასიათი და დამაჯერებლობა უნდა გქონდეს, რომ ეს დაიმსახურო.

- კობი, გახსოვთ ის მომენტი, როცა გააცნობიერეთ, რომ კარიერის დასრულების დრო მოვიდა?
ბრაიანტი:
ეს ყველაზე იოლი შეკითხვაა! ლოს ანჯელესში, 405-ე გზატკეცილზე საცობში გავიჭედე და კითხვა დავუსვი საკუთარ თავს - შევძლებდი თუ არა კიდევ ერთი საჩემპიონო ბეჭდის მოგებას. წონადი მიზეზი იყო საჭირო და ვიპოვნე კიდეც. არ ღირდა თამაშის გაგრძელება მხოლოდ თამაშის სურვილის გამო.

ტოტი: ალბათ, კობის მაგალითს გავითვალისწინებ - უახლოეს დროში მეც იქ გავემგზავრები და ვიფიქრებ.

- ფრანჩესკო, რას ელოდებით კარიერაში ბოლო სეზონისგან?
ტოტი:
თუ შემადგენლობაში ადგილს დავიმსახურებ, უბრალოდ ვითამაშებ. არ მინდა სამწვრთნელო შტაბისგან წახალისება მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ჩემი ბოლო სეზონია კარიერაში. მთელი ცხრა თვის განმავლობაში, ყოველ კვირას ბევრი უნდა ვიმუშაო, რათა დავაკმაყოფილო ის მოთხოვნები, რომელსაც გუნდის სხვა წევრებს უწესებენ. ფეხბურთის მიმართ არ გავციებულვარ და გართობისთვის მზად ვარ - ეს არის ის, რაც მოტივაციას მაძლევს.

ბრაიანტი: ჩემთვის ყველაფერი სხვანაირადაა. მივხვდი, რომ ჩემი მისწრაფება და სურვილი - იგივე არ არის, რაც ორი ან სამი წლის წინ იყო. მაშინ ჩემთვის მხოლოდ კალათბურთი არსებობდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, სხვა რამეებზე დავიწყე ფიქრი და ეს ნიშანი იყო.

ტოტი: რა თქმა უნდა, მესმის, რომ მომავალი ზაფხულიდან დაწყებული, მხოლოდ საკუთარ თავზე ვიქნები პასუხისმგებელი და ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მექნება. შესაბამისად, გამიჩნდება შესაძლებლობა, ფეხბურთის გარდა სხვა საქმეები ვაკეთო. თუმცა, ჯერ არ ვიცი, კონკრეტულად რას გავაკეთებ. ამაზე ფიქრი ჯერ არ დამიწყია. ბევრი ფეხბურთელი, მას შემდეგ, რაც კარიერას ასრულებს, მწვრთნელი ხდება. ეს ის არის, რაც პერსპექტივაში შეიძლება ჩემი საქმე გახდეს.

ბრაიანტი: სადღაც წავიკითხე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, საკუთარ თავს მხოლოდ დირექტორის თანამდებობაზე ხედავ?

ტოტი:
ადრე ასე იყო. მაგრამ, რაც უფრო ახლოვდება კარიერის დასრულების მომენტი, გონებაში სულ უფრო ხშირად ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ რთულია ფეხებიდან ბურთი მოიშორო. ამიტომაც, არ გამოვრიცხავ, რომ მწვრთნელი გავხდები. თუ ჩემმა ბევრმა ყოფილმა პარტნიორმა გააკეთა ეს, მეც გამომივა.

- რა შეგიძლიათ თქვათ ერთმანეთის შესახებ?
ბრაიანტი:
როგორ დავახასიათებდი ერთი სიტყვით ფრანჩესკოს? ამაზე მარტივი არაფერია - ვარსკვლავი.

ტოტი: ჩემთვის კობი - ლეგენდაა. ხაზს გავუსვამ: საუკეთესო კალათბურთელი, მისი მსგავსი არავინაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მაგრები ხართ თქვე ნერგებო
jj bufon
19:09 31-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული