საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ოლიმპიადა დანაკლისითა და მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
28 აგვისტოს სტამბულში სტარტი აიღო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადამ, რომელიც, როგორც გაუწყეთ, ვაჟებისთვის მეორმოცეა, ხოლო ქალებისთვის - ოცდამეხუთე.

საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა შეჯიბრება დანაკლისით დაიწყო - ავადმყოფობის გამო თურქეთში ვერ ჩავიდა გუნდის ლიდერი ბაადურ ჯობავა (ამას წინათ მან ოპერაცია გაიკეთა და ძალების აღდგენა ვერ მოასწრო). მის ნაცვლად სასწრაფოდ უხმეს კონსტანტინე შანავას, რომელსაც სტამბულშივე, ოლიმპიადის პარალელურად, მალხაზ სულაშვილსა და ბაჩანა მორჩიაშვილთან ერთად საერთაშორისო ტურნირში უნდა ეთამაშა.

საქართველოს ნაკრები (ტურნირზე საშუალო რეიტინგით მეთვრამეტეა) პირველ ტურში იემენს დაუპირისპირდა: მიხეილ მჭედლიშვილი - ზენდენ ალ ზენდენი 1:0,
იაჰუა ფარაგი - მერაბ გაგუნაშვილი 0:1, თორნიკე სანიკიძე - ჰათემ ალ-ჰარანი 1:0, ომარ აბდულა - ლევან ფანცულაია 0:1.

ოლიამპიადის ფავორიტებსაც სტარტზე წილისყრით სუსტი გუნდები ერგოთ. სანამ მათ შედეგებს გაგაცნობდეთ, რუსებისა და აზერბაიჯანელების ეშმაკობაზეც გვინდა ორიოდ სიტყვით გითხრათ: ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების ნაკრებში რეიტინგით მეორე - სერგეი კარიაკინი მე-3 დაფაზე ითამაშებს, ხოლო მის ადგილს ალექსანდრ გრიშჩუკი დაიკავებს (ქალებშიც - ნადეჟდა კოსინცევა მე-3 დაფაზე გადაიყვანეს, ხოლო ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ვალენტინა გუნინა, რომელიც თანაგუნდელს რეიტინგში ჩამორჩება, მეორე დაფაზე ითამაშებს).

აზერბაიჯანელებმა შაჰრიარ მამედიაროვი მე-3 დაფაზე გაამწესეს, ხოლო რეიტინგში მასზე 100 პუნქტით დაბლა მდგარი ელთაჯ საფარლი თეიმურაზ რაჯაბოვის შემდეგ მეორეზე დააწინაურეს (ვუგარ გაშიმოვი ავადმყოფობის გამო თურქეთში ვერ გაემგზავრა). ამგვარი ეშმაკობა იმით არის განპირობებული, რომ უფრო ძლიერმა მოჭადრაკეებმა შედარებით სუსტებთან პაექრობისას მეტი ქულა მოუხვეჭონ თავიანთ გუნდებს.

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ დამთავრდა ვაჟებში ფავორიტთა პირველი ტურის მატჩები: დომინიკის რესპუბლიკა - რუსეთი 0,5:3,5, უკრაინა - ერაყი 4:0, ბოლივია - სომხეთი 1:3 (პირველ დაფაზე სერგეი მოვსესიანმა ოსვალდო ზამბარანასთან წააგო), უნგრეთი - ყირგიზეთი 3:1, იორდანია - აშშ 0:4, ჩინეთი - ზამბია 3,5:0,5, ლუქსემბურგი - აზერბაიჯანი 0:4, საფრანგეთი - ზიმბაბვე 4:0.

ქალთა გუნდების უმრავლესობამ (როგორც ვაჟებისამ) სტარტზე ლიდერები დაასვენა. ამდენად, საქართველოს ნაკრებში პირველი ტაიმ-აუტი ნანა ძაგნიძემ აიღო.

ჩვენები 28 აგვისტოს თეთრი ფიგურებით გვატემალას ეთამაშებოდნენ: ბელა ხოტენაშვილი - სილვია კაროლინა მაზარიეგოსი 1:0, სილვია დალილა სოტო-მაიორი - ლელა ჯავახიშვილი 0:1, ნინო ხურციძე - კლაუდია მიჩელე მენკოსი 1:0, მარია ესთერ მენკოსი - ნინო ბაციაშვილი 0:1.

მედლების კანდიდატი სხვა გუნდების შეხვედრათა შედეგები: ჩინეთი - ბანგლადეში 4:0, ბოლივია - რუსეთი 0:4, ელ სალვადორი - უკრაინა 0,5:3,5, აშშ - ახალი ზელანდია 4:0, მაკედონია - ინდოეთი 0:4, პოლონეთი - დომინიკის რესპუბლიკა 4:0, იორდანია - სომხეთი 1:3, ლუქსემბურგი - რუმინეთი 0,5:3,5...

29 აგვისტოს მე-2 ტურში ითამაშებენ: ქალები. ბელგია-საქართველო, შვედეთი-ჩინეთი, რუსეთი-ბრაზილია, ესტონეთი-აშშ, ინდოეთი-ავსტრალია… ვაჟები. გერმანია-საქართველო, ყატარი-უკრაინა, აშშ-ლიტვა, აზერბაიჯანი-ირლანდია, საბერძნეთი-რუსეთი...

გულშემატკივრებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება იმის შეტყობაც, რომ ქართველი მოჭადრაკეები სხვა ქვეყნების სპორტულ ღირსებასაც იცავენ.

ამერიკის ნაკრებში გამოდის რუსუდან გოლეთიანი; ესპანეთის ქალთა გუნდს სათავეში უდგას ანა მათნაძე, რომელმაც წლეულს შეიცვალა ფედერაცია; საფრანგეთში გათხოვილი ნინო მაისურაძე სამფეროვანთა დროშის ქვეშ იასპარეზებს; შოტლანდიელთა რიგებშია ქეთევან არახამია-გრანტი; ჰოლანდიისთვის იბრძოლებს ნიდერლანდელთა რძალი თეა ლანჩავა...

ვინ რა მონაპოვრით მივიდა ოლიმპიადაზე
გაგაცანით სტამბულში მიმდინარე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ქალთა და ვაჟთა გუნდების შემადგენლობები, მათი გუნდური და პირადი რეიტინგებით.

ვითვალისწინებთ რა ოლიმპიადისადმი ჭადრაკის მოყვარულთა დიდ დაინტერესებას, გთავაზობთ სხვა ფავორიტთა მონაცემებსაც.

მანდილოსნებში რეიტინგფავორიტია ჩინეთის ნაკრები (2510), რომლის ღირსებას იცავენ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი - 2599, ჟაო სიუ - 2549, ცზიუ ვენძიუნი - 2528, ჰუანგ ქიანი - 2449 და დინ ისინი - 2494.

აზიელთა გუნდს 1990 წლიდან საჭადრაკო ოლიმპიადებზე ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული: 4 ოქროსი (1998, 2000, 2002, 2004 წწ.), 2 ვერცხლისა (1996, 2010) და 4 ბრინჯაოსი (1990, 1992, 1994, 2006).

რეიტინგით მეორე ადგილზეა რუსეთის ნაკრები (2500): ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა - 2530, კონტინენტის მრავალგზის პრიზიორი ნადეჟდა კოსინცევა - 2524, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ვალენტინა გუნინა - 2507, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი - 2489, რუსეთის წლევანდელი ჩემპიონი ნატალია პოგონინა - 2448.

ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა საჭადრაკო ოლიმპიადა მხოლოდ ერთხელ მოიგეს - შარშანწინ ხანტი-მანსიისკში და სტამბულში ტიტულის დაცვა მოუწევთ. სამჯერ მეორე (1998, 2002, 2006) და ამდენჯერვე მესამე (1996, 2000, 2004) ადგილებზე გავიდნენ.

რეიტინგით მესამეა საქართველოს ნაკრები. მე-4 პოზიცია (2457) უკრაინელებს უკავიათ. გუშინდელ ინფორმაციას დავამატებთ, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბოლო დიდ წარმატებას 2008 წელს დრეზდენში მიაღწია ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის, მაია ჩიბურდანიძის მეთაურობით (მასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი იცავდნენ).

მაშინ ჩვენები და უკრაინელები (მათ 2006 წელს მოიპოვეს ჩემპიონობა) ფინიშთან 18-18 ქულით მივიდნენ, ინდივიდუალური ქულებიც ერთნაირი აღმოაჩნდათ (ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან) და მხოლოდ დამატებითმა მაჩვენებლებმა გადმოწონა პინა ჩვენს მხარეს.

უკრაინელებს ვერცხლი ერგოთ, რომელიც 1992 წელსაც ჰქონდათ დამსახურებული, მაშინაც ქართველების შემდეგ. სტამბულში მათ რიგებში ითამაშებენ: ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო - 2542, მარია მუზიჩუკი - 2466, ევროპის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა - 2442, ანა უშენინა -2433, ინა გაპონენკო - 2404.

რაც შეეხება ვაჟთა გუნდებს, აქ რეიტინგით პირველ ათეულში საკმაოდ ძლიერმა ნაკრებებმა მოიყარეს თავი.

მათში აშკარა ფავორიტია 2010 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, 2700-იანი კლუბის წევრებით დაკომპლექტებული რუსეთის ნაკრები (2759): ვლადიმირ კრამნიკი - 2797, სერგეი კარიაკინი - 2785, ალექსანდრ გრიშჩუკი - 2763, ევგენი ტომაშევსკი - 2730 და დმიტრი იაკოვენკო - 2722.

ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები 1992-2000 წლებში ზედიზედ ექვსჯერ ფლობდნენ ჩემპიონობას. 10 წლის წინათ სლოვენიაში ავიდნენ ისინი უკანასკნელად კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე და ახლა სტამბულში ეცდებიან ტიტულის დაბრუნებას.

რეიტინგით მეორეა 2010 წლის ჩემპიონი უკრაინა (2722): ვასილი ივანჩუკი - 2769, რუსლან პონომარიოვი - 2734, ანდრეი ვოლოკიტინი - 2709, ალექსანდრ მოისეენკო - 2706, პაველ ელიანოვი - 2693. მესამე ადგილზეა ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებული (2006, 2008) სომხეთის გუნდი (2711) ლევონ არონიანის (2816) თავკაცობით.

მას პარტნიორობას გაუწევენ სერგეი მოვსესიანი - 2698, გაბრიელ სარგისიანი - 2693, ვლადიმირ აკოფიანი - 2687, ტიგრან პეტროსიანი - 2661. მომდევნო ადგილებზე არიან უნგრეთი (2700), ჩინეთი (2688), აშშ (2681), აზერბაიჯანი (2676) და ბოლო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ისრაელი (2662).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული