რუსეთში, ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოთხი ქართველი მოჭადრაკე იბრძოლებს

AutoSharing Option
რუსულ ხანტი-მანსიისკში 10 ნოემბერს დაიწყება და 2 დეკემბერს დასრულდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი.

შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით 6 ეტაპად ჩატარდება. პირველ ხუთ რაუნდში ასპარეზობის მონაწილენი ორ-ორჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს კლასიკურ პარტიებში. გასამარჯვებლად 1,5 ქულა იქნება საკმარისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უძლიერესს სწრაფი ჭადრაკი და ბლიცები გამოავლენს.

მოპოვებული ადგილებით ტურნირში ექვს ქართველ დიდოსტატს უნდა ეთამაშა, მაგრამ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ მონაწილეობაზე უარი თქვა - აქტიურ ჭადრაკს ჩამოვშორდიო, ნანა ძაგნიძე კი მალე დედა გახდება და, ცხადია, ხანტი-მანსიისკში მისი გამგზავრებაც გამოირიცხა.

ამდენად, მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ქართველი
მოსინჯავს ძალებს - ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე და სოფიკო ხუხაშვილი.

მათთან ერთად დაფნის გვირგვინისთვის იბრძოლებენ ორგზის ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი, ვიცე-ჩემპიონი ჰამფი კონერუ (ინდოეთი), მსოფლიოს და ევროპის ექს-ჩემპიონები - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ანტოანეტა სტეფანოვა, მსოფლიოს ექსჩემპიონი იუ ჩენი (ყატარი), ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), პია კრამლინგი (შვედეთი), კატერინა ლაგნო (უკრაინა), ევროპის ჩემპიონები - ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ვალენტინა გუნინა (რუსეთი), ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი).

ასე რომ, ბრძენთა თამაშის მოყვარულებს საინტერესო და დაძაბული პაექრობები ელით. პირველ ეტაპზე ბელა ხოტენაშვილი (2504) მარიზა არიბასს (კუბა, 2273) დაუპირისპირდება, ლელა ჯავახიშვილი (2455) - ანასტასია ბოდნარუკს (რუსეთი, 2415), ნინო ხურციძე (2428) - ელენა დემბოს (საბერძნეთი, 2454) და სოფიკო ხუხაშვილი (2383) - ელინა დანიელიანს (სომხეთი, 2476).

რეალობა და ვარაუდები

საერთო მონაცემებისა და რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხუხაშვილის გარდა, დანარჩენ ჩვენს დიდოსტატებს ისეთი მეტოქეები ჰყავთ, მომდევნო რაუნდში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე სუსტები არ მონაწილეობენ და იქ იოლი გასეირნება არავის ელის.

ჩვენებურთა გარდა, მოასპარეზენი პირველ ტურში ასე დაწყვილდნენ: ჰოუ იფანი (2606) - პანასინგხი (შრილანკა, 1821), ჰამფი კონერუ (2610) - დენის ფრიკი (სამხრეთ აფრიკა, 1871), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2586) - ამინა მეზიუდი (ალჟირი, 2055), ჟაო სიუ (ჩინეთი, 2565) - ნატალია ხოდგარიანი (კანადა, 2138), კატერინა ლაგნო (2553) - მონა ხალედი (ეგვიპტე, 2155), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2539) - მელისა გასტრილონ გომესი (კოლუმბია, 2159), ვიქტორია ჩმილიტე (2524) - ინგრიდ ალიაგი (პერუ, 2175), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2521) - ირინა ბერეზინა (ავსტრალია, 2190), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2517) - სიაობინ გუ (ჩინეთი, 2209), პია კრამლინგი (2516) - პურ ხადერი (ირანი, 2219), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2515) - მადინა დავლეტბაიევა (ყაზახეთი, 2220), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2512) - სვამინათან სოუმია (ინდოეთი, 2251), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2501), თათევ აბრაჰამიანი (აშშ, 2304), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2501) - ათუშა პურკაშიანი (ირანი, 2321), ანტოანეტა სტეფანოვა (2491) - მარინა რომანკო (რუსეთი, 2355), ჟუ ჩენი (2491) - ნასტასია ზიაზიულკინა (ბელორუსი, 2367), ანა ზატონსკიხი (აშშ, 2489) - კაროლინა ლუჟანი (არგეტინა, 2369), ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2478) - სვეტლანა მატვეევა (რუსეთი, 2377), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2476) - ქრისტინა-ადელა ფოიშორი (რუმინეთი, 2383), თან ჰოანგი (უნგრეთი, 2470) - ევგენია ოვოდი (რუსეთი, 2384), ირინა კრუში (აშშ, 2470) - რუფან ლი (სინგაპური, 2394), ალისა გალიამოვა (რუსეთი, 2468) - ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი, 2409), ოლგა გირია (რუსეთი, 2467) - ივეტა როლიჩი (პოლონეთი, 2410), ჰუან ქიანი (ჩინეთი, 2465) - შენ იანი (ჩინეთი, 2413), ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 2457) - ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია, 2414), ანა უშენინა (უკრაინა, 2452) - დეიზი კორი (პერუ, 2429), ნატალია ჟუკოვა (2451) - გუო ქი (ჩინეთი, 2432), მონიკა სოჩკო (პოლონეთი, 2445) - ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2441).

წილისყრა და შედეგები
მას შემდეგ, რაც 1 ნოემბერს ცნობილი გახდა წილისყრის შედეგები, ბელა ხოტენაშვილს (საერთაშორისო დიდოსტატი, 16-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონი, 2012 წლის საქართველოს ჩემპიონი, 2009 წელს მაია ჩიბურდანიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა და მე-4 დაფაზეც ვერცხლის მედალი დაიმსახურა, 2010 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე გუნდურსა და მე-4 დაფაზე მესამე ადგილები დაიკავა, შარშანაც გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატშიც ორი ბრინჯაოს მედალი ერგო) ვესაუბრე:

- თბილისში 2011 წლის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში მე-5 ადგილი დავიკავე, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოვიპოვე.

ამ შეჯიბრებისთვის საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზურაბ სტურუასთან ვმეცადინეობდი, ოქტომბრის დასაწყისში ერთი კვირა დიდოსტატ თორნიკე სანიკიძესთან ვივარჯიშე. დანარჩენ დროს შინ ვემზადებოდი: ჩემი მეუღლე - მალხაზ სულაშვილი საერთაშორისო ოსტატია და ის მეხმარებოდა.

ახლა, როცა მეტოქის ვინაობა გაირკვა, კონკრეტულად მასთან შესახვედრად მოვემზადები. კუბელი მარიზა არიბასი 41 წლის კუბელი დიდოსტატია. პირველად წლეულს მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვნახე.

ჩვენი გუნდის კუნძულელებთან შეხვედრისას არიბასს ლელა ჯავახიშვილმა მოუგო. ვეცდები, მეც არ გავაწბილო ქომაგები.

ხანტი-მანსიისკში გამგზავრებამდე ისევ, ალბათ, ზურაბ სტურუასთან მოვემზადები. ნოკატ-სისტემით პირველად ვითამაშებ.

ამბობენ, მოასპარეზენი დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიანო, რადგან თითოეულ რაუნდში ორი კლასიკური პარტია თამაშდება და ერთი შეცდომაც კი შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. ვეცდები, მსგავსი შეცდომები არ დავუშვა და ჩემპიონატში, რაც შეიძლება, წინ წავიდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული