პირველ რაუნდში ბელა ხოტენაშვილი (2504) მარიზა არიბასს (კუბა, 2273) დაუპირისპირდება, ლელა ჯავახიშვილი (2455) - ანასტასია ბოდნარუკს (რუსეთი, 2415), ნინო ხურციძე (2428) - ელენა დემბოს (საბერძნეთი, 2454) და სოფიკო ხუხაშვილი (2383) - ელინა დანიელიანს (სომხეთი, 2476).
ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ ხოტენაშვილსა და ჯავახიშვილთან ინტერვიუები ამას წინათ შემოგთავაზეთ, ამჯერად კი ჩვენი გაზეთის სტუმრები არიან ნინო ხურციძე და სოფიკო ხუხაშვილი.
* * *
ნინო ხურციძე საქართველოში
ნინოს კიდევ ერთი მიღწევა ეკუთვნის - ერთადერთი დიდოსტატი ქალია, რომელმაც ვაჟებშიც დაიმსახურა ოქროს მედალი (1998 წელს). 16 და 26-წლამდელებში თითოჯერ, 20-წლამდელებში კი ორჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ორჯერ მსოფლიოს უნივერსიადა მოიგო, 20-წლიანებში ერთხელ ევროპელ თანატოლებსაც აჯობა. მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადებზე - 1998 წელს გუნდური მე-3 ადგილი, 2000 წელს - გუნდური ვერცხლი და მე-3 დაფაზე ოქროს მედალი; გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატებზე - 2011 წელს მესამე ადგილი; ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე - 2006 და 2009 წლებში მე-2 ადგილები, 2011 წელს გუნდური ბრინჯაო და მე-4 დაფაზე ვერცხლის მედალი; ევროპის საკლუბო თასებზე - 1998, 2000 და 2006 წლებში, შესაბამისად, თბილისის "მერანის", იუგოსლავიის "აგროუნივერსალისა" და ერევნის "მიკას" შემადგენლობაში პირველი ადგილები, 2007 წელს კი "მიკასთან" ერთად მე-3 ადგილი დაიკავა.
ნინო ხურციძე:
"ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება 2010 წლის ევროპის პირველობაზე მოვიპოვე. წილისყრა გვიან მოეწყო, ამიტომ ელენა დემბოსთან შესახვედრად მომზადება ერთი კვირის წინათ დავიწყე ხვიჩა სუპატაშვილთან, ჩემი მეუღლე - საერთაშორისო ოსტატი ბაჩანა მორჩიაშვილიც მეხმარებოდა.
ბერძენი დიდოსტატი გამოცდილი მოჭადრაკეა. ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს. მაშინდელ პარტიებს რომ გადავხედე, ვნახე, რომ ბევრჯერ მიმიღია მატერიალური უპირატესობა, მაგრამ, ეტყობა, სიჩქარის გამო უკეთესი პოზიციები ვერ გამომიყენებია და პარტიები ყაიმებით დამთავრებულა.
თუმცა ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მთავარია, ჩემპიონატისთვის როგორ სპორტულ ფორმაში ვიქნებით.
მსოფლიოს პირველობებში მეხუთედ ვმონაწილეობ და ვიცი, ნოკაუტსისტემას თუ როგორი წნეხი ახლავს - ერთი შეცდომაც კი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. წინა ორ შეჯიბრებაზე მეოთხედფინალებში გავედი. ახლა ჩემი მიზანია, უფრო წინ წავიწიო და ქომაგებს იმედები არ გავუცრუო..."
* * *
ბრძენთა თამაშის ქომაგებს შევახსენებთ, რომ ხუხაშვილმა 16-წლიანებში ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, 2007-2009 წლებში საქართველოს ქალთა ჩემპიონატებში მეორე-მესამე ადგილები დაიკავა, 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონმა შარშანწინ მსგავს შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე 2009 წელს ორი ვერცხლი, შარშან კი ბრინჯაო ერგო, ევროპის საკლუბო თასზე 2009 წელს თბილისის "სამაიას" შემადგენლობაში მე-3 ადგილი ხვდა.
ასე რომ, სოფიკო ხუხაშვილს, სხვა ჩვენებურთა მსგავსად, გამოცდილება არ აკლია და, იმედია, წარმატებით გაგვახარებს.
სოფიკო ხუხაშვილი:
"წილისყრამ ძლიერი მეტოქე შემახვედრა - სომხეთის ქალთა ჭადრაკის ლიდერი ელინა დანიელიანი. ბოლო ორი წელიწადია, სხვადასხვა მიზეზით ტურნირებში იშვიათად ვმონაწილეობ, ამიტომ რეიტინგში დავქვეითდი.
დანიელიანს მხოლოდ ერთხელ ვეთამაშე - რამდენიმე წლის წინათ ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი მაშინდელი პაექრობა ყაიმით დასრულდა. მასთან შესახვედრად, ფაქტობრივად, არც მოვმზადებულვარ - რამდენიმე დღის განმავლობაში მეტოქის პარტიები მაია ლომინეიშვილთან ერთად გავარჩიე და სულ ეს იყო, თუმცა ხანტი-მანსიისკში უიმედოდ მაინც არ მივემგზავრები.
ამ დონის ტურნირზე მეორედ ვიასპარეზებ: 2010 წელს პირველ წრეში რუსი ტუროვა დავამარცხე, მეორე რაუნდში კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან (რუსეთი) წავაგე რაპიდში.
ამჯერადაც არაფერს დავიშურებ პირველი ეტაპის გადასალახავად, მერე კი ვნახოთ..."
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლელა ჯავახიშვილი: ვეცდები, ქომაგები გავახარო