მათგან რვა 2700-იანთა კლუბის წევრია. ესენი არიან: ვასილი ივაჩუკი (უკრაინა, 2758), გატა კამსკი (აშშ, 2740), მაიკლ ადამსი (ინგლისი, 2725), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2723), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2711), დავიდ ნავარა (ჩეხეთი, 2710), ალექსეი შიროვი (ლატვია, 2708) და ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი, 2705).
29 იანვარს ლიდერთაგან მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს გატა კამსკი-ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი), კირილ გეორგიევი (ბულგარეთი)-ვასილი ივანჩუკი, ივან ლოპეს სალგადო (ესპანეთი)-მაიკლ ადამსი, დავიდ ნავარა-ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი),
ნაიჯელ შორტმა მოუგო ლე ქუანგ ლიემს, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა - თანამემამულე ვლადისლავ ტკაჩიევს, იუ იანმა (ჩინეთი) გავაინ ჯონსს (ინგლისი) სძლია. რვა ტურის შემდეგ: ვიტიუგოვი, შორტი-7-7, კამსკი, ვაშიე-ლაგრავი, იანი-6.5-6.5 ქულა.
შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე დაძაბული სატურნირო მდგომარეობაა მანდილოსნებს შორისაც.
საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა, 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ნანა ძაგნიძემ 29 იანვარს შავი ფიგურებით აზიზ ჰუსეინ ნეზადს (ყატარი) აჯობა და 6 ქულას მოუყარა თავი.
ამდენივე ქულა მოაგროვეს ჩინელმა ჟაო სიუმ (იგი მე-8 ტურში გერმანელ დანიელ ფრიდმანს დაუზავდა) და სლოვენიელმა ანა მუზიჩუკმა - რუს ევროპის ჩემპიონ ვალენტინა გუნინას სძლია.
სალომე მელია ყაიმზე შეუთანხმდა არტურ იუსუპოვს (გერმანია), რომელიც რეიტინგში ჩვენებურს 208 პუნქტით უსწრებს. სალომეს რვა ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს, ისევე, როგორც ელიზაბეტ პეტცს (გერმანია), სოფი მილეს (საფრანგეთი), მარია მუზიჩუკს (უკრაინა), ქეთევან არახამია-გრანტს ( შოტლანდია), ტანია საჩდევს (ინდოეთი), ვალენტინა დოლჟიკოვას (ნორვეგია).
ამ შვიდეულს ნახევარ-ნახევარი ქულით უსწრებენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი), ევროპის ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) და ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი).
30 იანვარს მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"