ქართველი მოჭადრაკე ნინო მაისურაძე საფრანგეთის ჩემპიონია

AutoSharing Option
ამას წინათ თბილისის ჭადრაკის სასახლეში ნონა გაფრინდაშვილის თასი გათამაშდა, რომელშიც 9 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის გახლდათ საფრანგეთში გათხოვილი ჩვენი თანამემამულე ნინო მაისურაძე.

შვიდი წლისამ ისწავლა ჭადრაკის თამაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - გოგი მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით. თანატოლთა შორის საქართველოს პირველობების მრავალგზის პრიზიორმა 14-წლიანებში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. 1997 წელს მოსკოვში ბაადურ ჯობავასთან ერთად საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დიდოსტატების წინააღმდეგ ითამაშა. 1998 წელს საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა.

ნიჭიერ მოჭადრაკეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ აქტიურ სპორტს ნელ-ნელა ჩამოშორდა.

- თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, - მითხრა თბილისის ტურნირის დამთავრების შემდეგ ნინო მაისურაძემ. - სწავლა და ჭადრაკის შეთავსება გამიჭირდა, ამიტომ ბრძენთა თამაშს დროებით შევეშვი.

- რომელიც ლამის 8 წელიწადი გაგრძელდა.
- დიახ. მიზეზი ის იყო, რომ 2003 წელს საფრანგეთში გავთხოვდი. ჯერ ოჯახი, მერე - სორბონის უნივერსიტეტში სწავლა. უბრალოდ, ჭადრაკისთვის დრო არ მრჩებოდა. მეგობრების რჩევით, 2007 წელს პარიზის ერთ-ერთ ტურნირში ვითამაშე და გავიმარჯვე. მერე გულმა სხვა შეჯიბრებისკენაც გამიწია.

- და საფრანგეთის ქალთა ნაკრებშიც აღმოჩნდი...
- 2008 წლიდან, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეობა მივიღე, ორჯერ ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე, სამჯერ კი ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე ვიასპარეზე.

2012 წელს სტამბულში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრებმა მე-7 ადგილი დაიკავა, მე კი მე-2 დაფაზე მეხუთე ვიყავი. იმავე წელს "მიტროფას თასზე", ანუ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ჩემპიონატშიც მივიღეთ მონაწილეობა და პირველ დაფაზე მცირე ოქროს მედალი მოვიპოვე.

- ოქრო წლეულს საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატზე დაიმსახურე.
- მას შემდეგ, რაც აქტიურ ჭადრაკს დავუბრუნდი, ხორვატიაში ორ წრიულ ტურნირში ვიასპარეზე და ორჯერვე დიდოსტატის ნორმატივი შევასრულე.

მერე საფრანგეთის ღია საერთაშორისო ტურნირში მესამე ბალი ავიღე და ქალთა შორის დიდოსტატობა შევასრულე. შარშანწინ საფრანგეთის ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დავიკავე - სოფი მიიემ გამისწრო, რომელმაც მაშინ მესამედ მოიპოვა ტიტული.

სამაგიეროდ, წლეულს მე ვაჯობე. მიიემ მესამე ადგილი დაიკავა, მე და ახალგაზრდა ოსტატმა მატილდა კუნჟიუმ 11 შესაძლებლიდან 8,5-8,5 ქულა მოვაგროვეთ. ტაი-ბრეიკებში 3:1 გავიმარჯვე და პირველი ადგილი დავიკავე.

- ქართველ მოჭადრაკეებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ. ბავშვობისას დაწყებული ურთიერთობა დღემდე გრძელდება. სხვადასხვა ტურნირზე ვხვდებით ერთმანეთს.

საქართველოს, ტრადიციულად, ქალებში შესანიშნავი მოჭადრაკეები ჰყავს. ამიტომაცაა, რომ მანდილოსანთა ნაკრები ნებისმიერ შეჯიბრებაზე ფავორიტთა შორისაა.

დღითიდღე იზრდება მსოფლიოში კონკურენცია, მაგრამ ქართველები არავის ჩამორჩებიან, ალბათ, იმიტომაც, რომ საქართველოში ჭადრაკი უწინდებურად უყვართ და მის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ, რაშიც ნონას თასის გათამაშებაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

ევროპის წლევანდელ გუნდურ ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ დროა, ამიტომ მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში ცოტა ხანს მშობლებთან დავრჩები და იმ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვისაც აქ მოვემზადები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული