მსოფლიოს ქალთა გრან პრის ეტაპს ჭადრაკში თბილისიც უმასპინძლებს

AutoSharing Option
2016 წელს მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.

ტახტისთვის ტიტულის მფლობელი და გრან პრის ოთხი ეტაპის ჯამში გამარჯვებული შეხვდებიან ერთმანეთს.

ფიდემ 13 აგვისტოს გამოაქვეყნა გრან პრის 2015-16 წლების გათამაშების განრიგი. ეს ორთაბრძოლები გაიმართება: მონტე კარლოში (2015 წლის 2-16 ოქტომბერს), ირანულ კიშში (2016 წლის თებერვალში), თბილისსა (2016 წლის მაისში) და ჩინურ ჩენგდუში (2016 წლის ივლისში).
ტურნირში 16 დიდოსტატი ჩაებმება.

ათი მათგანის ვინაობა ცნობილია. ესენი არიან: მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (2671), ცზიუ ვენძიუნი (2542, ორივე - ჩინეთი), მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია
მუზიჩუკი (2528), ანა მუზიჩუკი (2549, ორივე - უკრაინა), ჰამპი კონერუ (2585), ჰარიკა დრონავალი (2509, ორივე - ინდოეთი), 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი ნატალია პოგონინა (1460), ევროპის ორგზის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (2531, ორივე - რუსეთი), ევროპის ორგზის ჩემპიონი პია კრამლინგი (2512, შვედეთი) და ნანა ძაგნიძე (2573, საქართველო).

პირველი სათადარიგოა ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი). ტურნირის ოთხ მონაწილეს გრან პრის ეტაპების მასპინძელი ქვეყნები, ორს კი ფიდეს პრეზიდენტი დაასახელებს. კირსან ილუმჟინოვს მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონების - ალექსანდრა კოსტენიუკისა (2526) და ანტოანეტა სტეფანოვას (2500, ბულგარეთი) ნომინირება აქვს გადაწყვეტილი.

თითოეული მონაწილე ოთხიდან სამ ეტაპში ითამაშებს. მოჭადრაკეები თავად ირჩევენ მონაწილეობის ადგილს, მაგრამ ფიდეს კორექტივების შეტანა შეუძლია. მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიდე იმის უფლებასაც იტოვებს, ასპარეზობის ადგილი და თარიღი შეცვალოს; ამასთანავე, ეტაპების რიცხვი ექვსამდე, მოასპარეზეთა რაოდენობა კი 18-მდე გაზარდოს, თუკი შეჯიბრების დამატებითი სპონსორობა 2016 წლის აპრილის ბოლომდე დადასტურდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული