ბათუმი. ქალთა ფიდეს გრან პრი: ქართველებს დასვენებამ ვერ არგო

AutoSharing Option
ერთდღიანი შესვენების შემდეგ ბათუმში განახლდა მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან პრის მეოთხე ეტაპი. ქართველებისთვის მეხუთე ტური უიღბლო აღმოჩნდა - ერთი ყაიმი და სამი მარცხი.

ნინო ბაციაშვილი თეთრი ფიგურებით ასპარეზობის აუტსაიდერს, მსოფლიოს ექსჩემპიონ მარია მუზიჩუკს (უკრაინა) დაუზავდა.

ოთხი ტურის შემდეგ ლელა ჯავახიშვილი და ნანა ძაგნიძე მეწინავეთა შორის იყვნენ, მაგრამ გუშინ, 25 აპრილს, ორივემ შავი ფიგურებით წააგო: ჯავახიშვილს ორგზის ევროპის ჩემპიონმა ვალენტინა გუნინამ (რუსეთი) გააჩერებინა საათი, ხოლო ძაგნიძეს ჟაო სიუემ (ჩინეთი) სძლია.

ჩვენებურთაგან ვერც ბელა ხოტენაშვილმა იყოჩაღა - შავებით ევროპის ჩემპიონ ელმირა სკრიპჩენკოსთან
(საფრანგეთი) დათმო პარტია. ყაიმზე შეთანხმდნენ ანა მუზიჩუკი (უკრაინა) და ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ოლგა გირიამ (რუსეთი) კი ელინა დანიელიანი (სომხეთი) დაჯაბნა.

ხუთი ტურის შემდეგ: სკრიპჩენკო-3.5, ა. მუზიჩუკი, გირია, გუნინა-3-3, ძაგნიძე, ჯავახიშვილი, ბაციაშვილი, კოსტენიუკი, ჟაო სიუე-2.5-2.5, დანიელიანი-2, ხოტენაშვილი, მ. მუზიჩუკი-1.5-1.5 ქულა.

დღეს, 26 აპრილს, მე-6 ტურში ითამაშებენ: კოსტენიუკი-დანიელიანი, მ. მუზიჩუკი-გირია, ძაგნიძე-ბაციაშვილი, ჯავახიშვილი-ჟაო სიუე, ხოტენაშვილი-გუნინა, ა. მუზიჩუკი-სკრიპჩენკო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული